25 წელი ბერლუსკონისთან ერთად

„ძალიან დიდი ხანია, რაც კლუბის პრეზიდენტი ვარ. მილანმა ჩემი წყალობით უამრავი ტიტული მოიგო და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი გახდა. მგონი, დავიმსახურე, რომ სან სიროს სტადიონს ჩემი სახელი ეწოდოს”, – სერია ა-ს გამარჯვებული მილანის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი თავმდაბლობით არასდროს გამოირჩეოდა.

10 თებერვალს ზუსტად 25 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი გუნდის სათავეში სკანდალური პოლიტიკოსი, მილიარდერი მედიამაგნატი და ქალების გულთამპყრობელი სილვიო ბერლუსკონი გამოჩნდა. გასულ კვირას მილანმა კლუბში მოღვაწეობის 25 წლის იუბილე პრეზიდენტს სკუდეტოთი მიულოცა. ეს მე-18 საჩემპიონო ტიტულია შავ-წითელთა ისტორიაში, აქედან 8 კი გუნდმა სწორედ ბერლუსკონის პრეზიდენტობისას მოიპოვა.
 
1936 წელს მილანში დაბადებულმა ილ პრეზიდენტემ, იგივე დონ სილვიომ, დიდი ფული საფეხბურთო ბიზნესში მისვლამდე იშოვა, თუმცა სანამ ძლიერთა ამა ქვეყნისათა პატივისცემას დაიმსახურებდა, საკმაოდ ბევრი იარა. ის წლების მანძილზე კრუიზებში მღეროდა, შემდეგ უძრავ ქონებაში სცადა ბედი და პირველი დიდი კაპიტალი მილანის ახალი გარეუბნის – მილანო დუე – აშენებით იშოვა. 70-იანი წლების მიწურულს კი მისი კუთვნილი ჰოლდინგი ფინინვესტი საკაბელო ტელევიზიით დაინტერესდა და სილვიოც რამდენიმე წელიწადში აპენინის ნახევარკუნძულის მთავარ მედიამაგნატად მოგვევლინა.
 
1984 წლისთვის სწორედ ფინინვესტი ფლობდა ქვეყნის სამ მთავარ ტელეარხს (უამრავ საკაბელოზე არაფერს ვამბობთ), თავად ბერლუსკონი კი იმ დროისთვის ერთ-ერთი უმდიდრესი იტალიელი ბიზნესმენი იყო, რომელსაც მიღწეული არ აკმაყოფილებდა – ახალი იდეების ხორცშესხმა სურდა. თუნდაც ფეხბურთში, რომელთანაც დონ სილვიოს მხოლოდ ის აკავშირებდა, რომ 1980 წელს, ურუგვაიში გამართულ მუნდიალტოს მისი კუთვნილი ერთ-ერთი ტელეარხი გადასცემდა.
 
და რა ხდებოდა ამ დროს კალჩოში? სერია ა-ში, ისევე როგორც ევროპაში, ტურინის იუვენტუსი დომინირებდა – ევროპის ერთ-ერთი გავლენიანი ოჯახის, ანიელების კუთვნილი გუნდი, სკუადრა აძურა კი ორი წლით ადრე ესპანეთში მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ უფსკრულში იყო გადაჩეხილი. 1984 წელს, მეზობელ საფრანგეთში ევროპირველობაზე იტალიელები ვერ მოხვდნენ, ორი წლის შემდეგ, მექსიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს კი სკუადრა მერვედფინალში, მიშელ პლატინის ბრწყინვალე საფრანგეთთან უსახური ფეხბურთით გამოეთიშა.
 
რაც შეეხება მილანს, გუნდს იმ დროს წყალწაღებული უფრო ეთქმოდა: 80-იან წლებში ორჯერ მოესწრო სერია ა-დან დაქვეითება და დაბრუნება, ვალებში ყელამდე იყო ჩაფლული, ბერლუსკონის წინამორბედს, ჯუზეპე ფარინას კი ტიფოზები ილ აგრიკოლტორეს ანუ გლეხუჭას ეძახდნენ – თმიან ყურებს ვერ პატიობდნენ. საბოლოოდ, ყველასგან ათვალწუნებულმა ფარინამ პოლიციელებს ქვეყნიდან გაასწრო და კლუბის ფინანსებით დაინტერესებულ სამართალდამცავებს 71 წლის თანაშემწე როსარიო ლო ვერდე შეატოვა...
 
1986 წლის 10 თებერვალს ყველაფერი მოგვარდა: ბერლუსკონიმ 40 მილიარდი ლირა გაიღო და მილანის ერთპიროვნული მფლობელი, ამავდროულად კი კლუბის რიგით მეოცე პრეზიდენტი გახდა.
 
8 ივლისს მილანის პატარა სტადიონ არენა სივიკაზე შავ-წითელთა ათი ათასამდე გულშემატკივარმა მოიყარა თავი: კაცმა, რომელმაც მილიარდები გადაიხადა კლუბის სანაცვლოდ, პრეზენტაციაზე ყველა მიიპატიჟა, ვისაც კი კლუბის ბედი ანაღვლებდა.
 
პირველი სიურპრიზი ტიფოზებმა სწორედ მაშინ იხილეს: მოედანზე სამი ვერტმფრენი დაჯდა, საიდანაც ჯერ ფრანკო ბარეზის კაპიტნობით ფეხბურთელები  გადმოვიდნენ, მათ მწვრთნელები მოჰყვნენ, ბოლოს კი გულშემატკივრებმა ბერლუსკონიც იხილეს.
 
„მთელი ცხოვრება მილანს ვგულშემატკივრობ, ნამდვილი მილანისტა ვარ! დღეს უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან საყვარელ კლუბში მოვედი. ჩვენ წინ დიდი გამარჯვებები გველის!” – პრეზიდენტს ბევრი არ ულაპარაკია. პრეზენტაცია უეცრად წამოსულმა წვიმამ გააფუჭა, ისევე, როგორც უამრავი ნამცხვარი თუ სასმელი, ბერლუსკონის გუნდს გულშემატკივართათვის რომ გაემზადებინა. გაწვიმდა თუ არა, არენა სივიკა რამდენიმე წუთში დაცარიელდა – გუნდი და ხელმძღვანელობა ვერტმფრენებით მილანთან ახლოს, სილვიოს აგარაკზე გაემგზავრა. პლაკატი, რომელზეც ეწერა „მადლობა, სილვიო” მხოლოდ მეორე დილით ჩამოხსნეს...
1986-87 წლების სეზონიდან პრეზიდენტმა საოცნებო მილანის შენება დაიწყო.
 
„გუშინდელი დღესავით მახსოვს ყველაფერი. როცა კლუბში მოვიდა და გაგვეცნო, ყველამ ვიგრძენით, რომ გამოჩნდა კაცი, რომელიც სიტუაციას მართლა გამოასწორებდა. ჩვენ მისი ვირწმუნეთ, თავადაც ბოლომდე იხარჯებოდა და მალე ის დიდი მილანიც შედგა, რომელზეც 3-4 წლით ადრე ვერავინ იოცნებებდა”, – ფრანკო ბარეზი 80-90-იანი წლების დიდი მილანის კაპიტანი იყო. ბერლუსკონის ინიციატივით, ბარეზის მილანში სამუდამოდ მიენიჭა მე-6 ნომერი. მან შავ-წითელთა შორის 1978-1997 წლებში 697 შეხვედრა ჩაატარა და 21 ტიტული მოიგო!
 
1987 წლის ზაფხულში ბერლუსკონიმ მილანი ჩააბარა არიგო საკის, რომელმაც პროვინციულ პარმასთან ერთად უამრავი საოცრება მოახდინა, მალე კი კლუბის მაისური ჰოლანდიელებმა – რუუდ გულიტმა და მარკო ვან ბასტენმა – მოირგეს. მოგვიანებით მათ ფრანკ რაიკაარდიც შეუერთდა – ამ ბიჭების სახელი 80-იანი წლების მიწურულს ყველას პირზე ეკერა. ამას რაც მოჰყვა, ყველამ კარგად იცის: 1988 წელს მილანმა ჩემპიონატი მოიგო, 1989 და 1990 წლებში კი ჩემპიონთა, ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასები!
 
საკის შემდეგ, რომელმაც იტალიის ნაკრებში გადაინაცვლა, ფაბიო კაპელოს დრო დადგა: ზედიზედ სამი სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგის ამდენივე ფინალი, 1994 წლის მაისში კი დაუვიწყარი ტრიუმფი ათენში იოჰან კრუიფის ზღაპრულ ბარსელონასთან – 4:0! წარმატებას დროგამოშვებით ჩავარდნა ცვლიდა, თუმცა მოკლე ხანში ყველაფერი თავის ადგილზე დგებოდა: 2003 და 2007 წლებში მილანმა ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2007 წლის დეკემბერში კი, იტალიის კლუბთაგან პირველმა, ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
ტიტულებს რომ თავი დავანებოთ, მილანი ინფრასტრუქტურითაც არავის უთმობს პირველობას: საკლუბო ბაზა მილანელო დღემდე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. რაც შეეხება სამედიცინო ცენტრს, ის ერთგვარი ეტალონია. პრეზიდენტმა საამისოდ თითქმის 80 მილიონი ევრო დახარჯა...
 
დღეს სილვიო ბერლუსკონი მხოლოდ მილანის პრეზიდენტი აღარაა – ის იტალიის პრემიერ-მინისტრიც გახლავთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 75 წლის პოლიტიკოსს პირველ რიგში ქვეყნის ბედი აბარია, კლუბს ძველებურად დიდ დროს უთმობს.
შედეგებიც ამაზე მეტყველებს.
 
ბერლუსკონის მილანმა 27 ტიტული მოიგო. მადრიდის რეალის პრეზიდენტის, სანტიაგო ბერნაბეუს მსოფლიო რეკორდამდე დონ სილვიოს 2 გამარჯვება აშორებს. და თუ ასე მოხდა, სტადიონისთვის ბერლუსკონის სახელის მინიჭებაც, ალბათ, საკითხავი აღარ იქნება.
 
სილვიო ბერლუსკონის მილანის ტიტულები
იტალიის ჩემპიონი: 1988, 1992, 1993, 1994, 1996, 1999, 2004, 2011; იტალიის თასი: 2003; იტალიის სუპერთასი: 1988, 1992, 1993, 1994, 2004; ჩემპიონთა თასი/ლიგა: 1989, 1990, 1994, 2003, 2007; ევროპის სუპერთასი: 1989, 1990, 1994, 2003, 2007; საკონტინენტთაშორისო თასი: 1989, 1990; მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი: 2007 

კომენტარები