დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთი ამბობს არას

გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს მსგავსად, ბოლო ერთი წელია, საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე აქტიურად საუბრობდნენ. თუმცა, 5 მაისის რეფერენდუმის კითხვას – გსურთ თუ არა პლურალიტული საარჩევნო სისტემის პრეფერენციული სისტემით შეცვლა – ბრიტანეთის მოსახლეობის 68%-მა უარყოფითად უპასუხა. 

ქვეყნის უახლეს ისტორიაში, მეორე ეროვნული რეფერენდუმი (პირველი – ევროგაერთიანებაში შესვლის შესახებ 1973 წელს), ჩატარდა. ეს ერთი წლის წინანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კონსერვატორებისა და ლიბერალ-დემოკრატების კოალიციური მოლაპარაკების პირობა იყო. 
ლიბერალ-დემოკრატები პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოტანას მოითხოვდნენ. კონსერვატორების მთავარი მიზანი, ერთნაირი ზომის საარჩევნო ოლქების შექმნა გახლდათ.
არსებული სისტემის ფარგლებში, ლიბერალ-დემოკრატები იღებენ ბევრად უფრო ცოტა საპარლამენტო მანდატს, ვიდრე ამომრჩევლის ხმას. მაგალითად, 1992 წლის არჩევნებში ლიბერალ-დემოკრატებმა ხმათა 17,8% მიიღეს, პარლამენტში კი – ადგილების 3.1%, 1997 წელს ხმათა 16.8%-ის სანაცვლოდ პარტიამ პარლამენტში მანდატების 7% მოიპოვა, 2001 წელს ხმათა 18.3% პარლამენტში 7.9%-ად იქცა, 2010 წელს კი, პარტიამ ხმათა 23%-ით, პარლამენტის მხოლოდ 8.8% მიიღო. ამიტომაც, ნიკ კლეგის მთავარი მიზანი, პლურალიტული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლება და, შესაბამისად, პარლამენტში ლიბერალ-დემოკრატების წარმომადგენლობის მკვეთრი გაზრდა იყო.
კონსერვატორებისთვის ეს მოდელი მიუღებელი იყო. მთავარი მიზეზი ისაა, რომ პროპორციული სისტემის არსებობის შემთხვევაში, ბოლო ოცდაათ წელს ჩატარებულ ყველა არჩევნებში (გარდა ერთისა), კონსერვატორები უფრო ნაკლებ ადგილს მოიპოვებდნენ პარლამენტში, ვიდრე ეს პლურალიტულ სისტემაში მოახერხეს.
კონსერვატორების მიერ პროპორციული სისტემის მიუღებლობა, მემარცხენე ძალების კონსოლიდაციის შიშითაც იყო გამოწვეული. მემარცხენე ხმები აღარ გაიხლიჩებოდა, ლიბერალ-დემოკრატები და ლეიბორისტები კი ძლიერ კოალიციას შექმნიდნენ. 
ეს შიში გარკვეულწილად გაზვიადებულია. ლიბერალ-დემოკრატებსა და ლეიბორისტებს შორის არანაკლები განსხვავებაა, ვიდრე თითოეულ მათგანსა და ტორებს შორის – დაწყებული დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკით, დამთავრებული პოლიტიკური რეფორმით.  საარჩევნო რეფერენდუმმაც ცხადჰყო,  რომ ლეიბორისტთა მომხრეების უმრავლესობას, არსებული სისტემის შენარჩუნება არ სურს. 
პროპორციული სისტემის ნაცვლად, კონსერვატორები, უპირატესობას პლურალიტული სისტემის დახვეწას ანიჭებდნენ. ამიტომაც, კონსერვატორებს საარჩევნო ოლქების ერთნაირ ზომაზე, 76 ათას (±5%) ამომრჩეველზე, დაყვანა სურთ. აქამდე არსებული განსხვავების გამო, ლეიბორისტები, ამომრჩეველთა ხმების თანაბარი ოდენობის მიღების შემთხვევაში, პარლამენტში, დაახლოებით 50 ადგილით მეტს იკავებენ. 
ამის მაგალითად, 2001 წლის არჩევნები გამოდგება: ლეიბორისტულმა პარტიამ პარლამენტში 412 ადგილი მოიპოვა, კონსერვატულმა – 166, ხმათა პროცენტებში განსხვავება კი მხოლოდ 9% იყო. როცა კონსერვატორები ლეიბორისტებს ჯაბნიან, განსხვავება არცთუ ისე დიდია: ჯონ მეიჯორის მეთაურობით, კონსერვატორებმა ლეიბორისტებს 7,5%-ით გაუსწრეს. მათ პარლამენტში 336 ადგილი მოიპოვეს, ლეიბორისტებმა კი – 271. 
კიდევ ერთი რეფორმის შედეგად, შემდეგ არჩევნებზე, ბრიტანელები 650-ის ნაცვლად, 600 პარლამენტის წევრს აირჩევენ. 
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ორმა გამარჯვებულმა პარტიამ კონსენსუსს მიაღწია: ლიბერალ-დემოკრატებმა უარი თქვეს პროპორციულ სისტემაზე, რასაც თითქმის ერთი საუკუნეა, მოითხოვენ. ისინი პრეფერენციულ სისტემაზე რეფერენდუმის გამართვას დათანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ ლიბერალ-დემოკრატები პრეფერენციული სისტემით, არსებულზე უფრო მეტს, მაგრამ პროპორციულ სისტემასთან შედარებით 50%-ით ნაკლებ ხმას მიიღებდნენ. 
პლურალიტული სისტემის მომხრეები, მის ღირსებად, ხოლო მოწინააღმდეგეები ნაკლად იმას მიიჩნევენ, რომ ეს სისტემა კომპრომისისა და კონსენსუსის ნაცვლად, უპირატესობას პოზიციათა მკვეთრ გამოხატვას და დებატებს ანიჭებს. მომხრეებს მოსწონთ, რომ ამომრჩეველი, მკაფიოდ განსხვავებულ ალტერნატივებს შორის აკეთებს არჩევანს. ამ უკანასკნელს ანგარიშვალდებულების მექანიზმსაც უქმნის: თუ ამომრჩეველს მმართველი პარტია არ მოსწონს, მას რეალური ალტერნატივა ჰყავს. 
კონსერვატორები, როგორც წესი, კონსენსუსს, მკვეთრად გამოხატულ პოლიტიკას ამჯობინებენ. მარგარეტ თეტჩერის აზრით, კონსენსუსი ყველა ღირებულებაზე უარის თქმაა – ეს ისეთი გადაწყვეტილების მიღებაა, რომელიც არავის მოსწონს და არც არავინ ეწინააღმდეგება.
პლურალიტულ სისტემაში მემარჯვენეობა და მემარცხენეობა უფრო მკვეთრად არის გამოხატული. პატარა, პირველ რიგში ექსტრემისტული პარტიების პარლამენტში მოხვედრის შანსი, ძალიან მცირეა. მმართველი, როგორც წესი, ერთი პარტიაა, კოალიციები კი ძალიან იშვიათია. 
ძლიერი მმართველი პარტიის თანმდევი ეფექტი ასეთ სისტემაში მძლავრი ოპოზიციაა. მას მთავრობის მოქმედებების კონტროლი და ამომრჩევლისთვის ალტერნატივის შეთავაზება შეუძლია. ოპოზიციას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. 
პლურალიტული სისტემის მოწინააღმდეგენი, პოლიტიკურ პოზიციათა მკვეთრ გამიჯვნას არასასურველ პოლარიზაციად მიიჩნევენ. მათი აზრით, პოლიტიკა და არჩევნები ხალხის კონსენსუსს წარმოადგენს. შესაბამისად, საჭიროა სისტემა, რომელშიც პარტიების მთავარი დასაყრდენი ცენტრი იქნება და არა პოლარიზებული პოზიციები. ამასთან ერთად, იმ ადამიანების არჩევანი იკარგება, რომელთაც გამარჯვებული პარტიისთვის არ მიუციათ ხმა. 
პროპორციული სისტემა, ხალხის არჩევანის პარლამენტში თანაზომადად ასახვას და ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. ამ სისტემის კრიტიკოსები მთავარ ნაკლად პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტირებას მიიჩნევენ. შედარებით უფრო მსხვილი პარტიები, დამოუკიდებლად, მთავრობას ვერ ქმნიან და კანონებს ვერ იღებენ. მცირე პარტიებს დისპროპორციულად დიდი გავლენა აქვთ. გადამეტებული საპარლამენტო პლურალიზმის შედეგად, ძალიან მცირე პოლიტიკურ ძალებსაც კი, დიდ პარტიებთან კოალიციის პირობებზე სარფიანი ვაჭრობა შეუძლიათ.
პროპორციულ სისტემას ხშირად იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ მისი საშუალებით, ექსტრემისტული პარტიები პარლამენტში შეიძლება მოხვდნენ და ქვეყნის პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ. ზოგიერთის აზრით, ვაიმარის რესპუბლიკის ჩამოშლას და გერმანიის ფაშისტების ხელში ჩავარდნას, გარკვეულწილად, პროპორციულმა სისტემამაც შეუწყო ხელი. 
პროპორციულ სისტემაში, ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის ან ინდივიდუალური კანდიდატის დასჯის საშუალება არ აქვს. დიდი
ცენტრისტული პარტიის მმართველობიდან გამოდევნა ძალიან რთულია, რადგან მთავრობა უმთავრესად კოალიციურია. ზოგიერთ პარტიას, მიუხედავად ამომრჩევლის მხარდაჭერის მასშტაბისა, მმართველ კოალიციაში მუდმივად ყოფნა შეუძლია.
პროპორციული სისტემა – განსაკუთრებით, დახურული სიის პირობებში, სადაც კანდიდატების ბედს თავად პარტია წყვეტს და არა ამომრჩეველი – ხელს უწყობს პოლიტიკური სისტემის გადამეტებულ ცენტრალიზაციას. ამომრჩეველსა და არჩეულ დეპუტატს შორის კავშირი წყდება. პოლიტიკოსები, საზოგადოების ნაცვლად, უფრო მეტად საკუთარი პარტიის და მისი ბოსების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. 
პრეფერენციული სისტემა, განსაკუთრებით ცენტრისტი პარტიებისთვისაა მომგებიანი. მათ, მეორე და მესამე პრეფერენციების (როგორც მემარჯვენეების, ასევე მემარცხენეების) მიღების, ყველაზე მეტი შანსი აქვთ. 
გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმი, კოალიციური პარტნიორებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოწვევად იქცა. პრეფერენციული სისტემის დამარცხებას, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიისთვის, შეიძლება, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს. პარტიის ზოგიერთი წევრი უკვე ითხოვს ნიკ კლეგის ლიდერის თანამდებობიდან გადადგომას. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ლიბერალ-დემოკრატებმა ადგილობრივ არჩევნებში მარცხი განიცადეს. 
საპირისპიროდ, რეფერენდუმში გამარჯვება დევიდ კამერონის პოლიტიკური ტრიუმფია. სწორედ ის ედგა სათავეში არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების კამპანიას. თუმცა ზოგიერთი ექსპერტის აზრით, პრემიერმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და კოალიციურ პარტნიორთან, ლიბერალ-დემოკრატებთან ურთიერთობის გაუარესებას მოერიდოს. მიუხედავად ამ დაძაბულობისა, ლიბერალ-დემოკრატები კოალიციას არ დატოვებენ. ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, გამოკითხვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი საპარლამენტო წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად შემცირდება. 
გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმმა აჩვენა, რომ ხალხის აზრით, პოლიტიკური წყობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, რადიკალურ ცვლილებას არ საჭიროებს. საარჩევნო რეფორმების შესახებ საუბარი, ალბათ, რამდენიმე ათწლეულით შეწყდება. 

 

კომენტარები