ტოჩინოშინი ტოკიოში შეუჩერებელია

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელსაც იაპონიაში ტოჩინოშინის სახელით იცნობენ, შესანიშნავად ატარებს მაისის ბაშოს. ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანში მიმდინარე შეჯიბრებაზე გორგაძეს თერთმეტი საშეჯიბრო დღის შემდეგ ათი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს.

ამ მაჩვენებლით ტოჩინოშინი მხოლოდ ლიდერს, მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს ჩამორჩება. ქართველთან ერთად ერთადერთი მარცხი აქვს, უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის დებიუტანტს, ბრაზილიელ კაისეის, რომელსაც სწორედ გორგაძემ აჯობა.

საერთოდ კი პროფესიულ სუმოში სამი ქართველია. ლევან გორგაძე და თეიმურაზ ჯუღელი - უმაღლეს დივიზიონში (მაკუუჩიში) და ლევან ცაგურია რანგით მეორე დივიზიონში (ჯუროში).

პირველი ევროპელი პროფესიონალი სუმოისტი ლევან ცაგურია - კოკაი - მეორე დივიზიონში დაქვეითების შემდეგ პირველ შეჯიბრებას ატარებს, თუმცა ძალიან წარუმატებელს. ჯერჯერობით გამართული თერთმეტი შეხვედრიდან რვაში დამარცხდა და მხოლოდ სამჯერ გაიმარჯვა. დღეს მას მასურაუმიმ აჯობა. ხვალ კი ჰოჯიამას დაუპირისპირდება.

მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე დასავლეთის მეექვსე მაეგეშირამ ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ), დღეს დასავლეთის მეთორმეტე მაეგეშირა ტოიოჰიბიკი დაამარცხა. ხვალ ქართველის მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის კომისუბი კაკურიუ იქნება, რომელსაც თავის მხრივ მიმდინარე შეჯიბრებაზე რვა მოგება და სამი წაგება აქვს.

უარყოფით ბალანსს უახლოვდება მესამე ქართველი - აღმოსავლეთის მეთოთხმეტე მაეგეშირა, თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). მეთერთმეტე დღეს მან მერვე მაეგეშირა კიოკუტენოსთან წააგო შერკინება. ახლა ოთხ მოგებასთან ერთად შვიდი მარცხიც აქვს და დარჩენილ ოთხ ორთაბრძოლაში დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად ოთხი გამარჯვების მოპოვება სჭირდება.

კომენტარები