აქციზის გადასახადის ზრდის სოციალური და ეკონომიკური ეფექტები

2010 წლიდან, თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა და დასაბეგრი ბაზა გაფართოვდა. საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების თამბაქო და ალკოჰოლი აქციზით იბეგრება. აქციზის გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება, ფინანსთა სამინისტრომ, გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებით ახსნა.

თავისუფალ უნივერსიტეტში შარშან, ივნისში გამართულ საჯარო პრეზენტაციაზე, ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში, მთავრობამ საგადასახადო შემოსავლების ალტერნატიული წყაროების მოზიდვის მიზნით, გადასახადის წნეხის გათანაბრება გადაწყვიტა. შესაბამისად, შეირჩა ქონებისა და აქციზის გადასახადები – მათზე პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეკონომიკური თავისუფლების აქტი არ ვრცელდებოდა.
 
თავისუფლების აქტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაა. ის მთავრობისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. მათ შორისაა რეფერენდუმის გარეშე ახალი გადასახადების შემოღების აკრძალვა. აქტის  მთავარი დევიზია – „საქართველო მსოფლიო ლიბერალური ეკონომიკის ფლაგმანი უნდა გახდეს”.
 
2009 წელს ბიუჯეტში, გადასახადების სახით, 4,16 მილიარდი ლარი შევიდა, ტარიფზე გადასახადი კი მისი 10%-ია. 2010 წელს, გადასახადების სახით შემოსულმა თანხამ 4.6 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო აქციზიდან მიღებული შემოსავალი 2%-ით გაიზარდა და 12%-ს გაუტოლდა. 2011 წლისთვის, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების 23%- ით და შესაბამისად, აქციზიდან მიღებული შემოსავლების 22%-ით გაზრდაა დაგეგმილი. 
 
2010 წელს თამბაქოს წილი იმპორტში 1.55% იყო, 2009 წელს კი 1.32%-ს წარმოადგენდა. რაც შეეხება ალკოჰოლს, 2009 წელს იგივე მაჩვენებელი 0.54% იყო, 2010 წლისთვის შემცირდა და 0.48%-ს გაუტოლდა. შარშან სიგარების, სიგარილების და სიგარეტების საერთო თანხამ იმპორტში 134.3 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ალკოჰოლის წილი – 41.4 მილიონი ლარია (ლუდი, არაყი, ვისკი და სხვა სპირტიანი სასმელები).
 
ფილტრიანი, თამბაქოს შემცველი სიგარეტის კოლოფზე აქციზი 60 თეთრია. ერთი ღერი სიგარა 90 თეთრით იბეგრება. 1 ლიტრ ალკოჰოლურ სასმელზე ბეგარა 40 თეთრიდან 5 ლარამდეა. 2010 წელს 1 ლიტრ ქართულ ლუდზე აქციზი 20 თეთრიდან 40 თეთრამდე იყო. თამბაქოზე აქციზი 2009 წელს გაიზარდა – ერთ კოლოფზე 40 თეთრიდან 60 თეთრამდე.
 
აქციზის გაძვირებამ ამ პროდუქციის ფასზეც იმოქმედა. ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით – წლიური 13.9% – პროდუქცია უფრო მეტად გაძვირდა: მაგალითად, ქართული ლუდის ფასმა 15%-ით მოიმატა. გაძვირდა მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელებიც. თამბაქოს ფასმა, ტარიფის დაწესების შემდეგ, ზუსტად 20 თეთრით მოიმატა. სხვადასხვა გათვლით, აქციზის არარსებობის შემთხვევაში, ქართველი მომხმარებელი ლუდს 40 თეთრით, არაყს 3 ლარით, ხოლო დანარჩენ ალკოჰოლურ სასმელებს, სულ მცირე, 5 ლარით იაფად შეიძენდა. რაც შეეხება თამბაქოს, ფილტრიანი სიგარეტის კოლოფი 60 თეთრით, ფილტრის გარეშე 15 თეთრით, ხოლო 1 ღერი სიგარა 90 თეთრით იაფად გაიყიდებოდა.
 
აქციზის გადასახადის გაზრდით, მთავრობის ვარაუდით, ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებზე – თამბაქოსა და ალკოჰოლზე – მოთხოვნა შემცირდება და მათი მოხმარება შეიზღუდება.
 
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, ყოველ წელს, ერთ  სულ მოსახლეზე 6.4 ლიტრი ალკოჰოლი მოდის. რუსეთში, მოლდოვაში, სამხრეთ კორეასა და ჩეხეთში, სადაც საქართველოსთან შედარებით უფრო მაღალი აქციზის გადასახადია, ეს მაჩვენებელი 16, 18, 15 და 16 ლიტრია. სიგარეტის მოხმარების მხრივ საქართველო 48-ე ადგილზეა, წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე – 1040 სიგარეტი. რუსეთი მეშვიდე ადგილს იკავებს და იგივე მაჩვენებელი 2319 ღერი სიგარეტია. მოლდოვა, სამხრეთ კორეა, ჩეხეთი და დიდი ბრიტანეთი, შესაბამისად, მე-8, 21-ე, 25-ე და მე-5 ადგილებზე არიან.
 
აქციზის გადასახადი და მისი ოდენობა სიგარეტსა და ალკოჰოლზე მოთხოვნას არ ამცირებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სიგარეტი და ალკოჰოლი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დამოკიდებულებით გამოირჩევა, მაშინ მათზე ფასის გაძვირების შემთხვევაში, მომხმარებლები უფრო იაფფასიან პროდუქტებზე გადავლენ. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, სიგარეტის მწარმოებლებმა თავიანთ პროდუქციაზე ფასები ხარისხის ხარჯზე შეამცირონ. ეს, ბუნებრივია, პირველ ყოვლისა, მომხმარებლის ჯანმრთელობას ავნებს.
 
დიდი ბრიტანეთი, აქციზების მეშვეობით ბაზრის რეგულირების წარუმატებელი პოლიტიკის კარგი მაგალითია. აქციზის ღირებულება გასაყიდი ფასის 16.5%-ს შეადგენს და თუ რაოდენობამ 1000 სიგარეტს გადააჭარბა, დამატებით გადასახადი ემატება. ამგვარი პოლიტიკის შედეგად, დიდ ბრიტანეთში სიგარეტების 60%-ზე მეტი შავ ბაზარზე იყიდება.
 
ამდენად, აქციზი საზოგადოებრივ დანაკარგს იწვევს. როდესაც მწარმოებლის დანახარჯები იზრდება, იგი უფრო ნაკლებს აწარმოებს, ხოლო მომხმარებელი, ფასის მატებასთან ერთად, ნაკლები რაოდენობის პროდუქციას შეიძენს. სტიმულების დაკარგვის შედეგად ეკონომიკა ნაკლები ტემპებით ვითარდება.
 
მსოფლიო ბანკის შეფასებით, თუ მსოფლიოში ტარიფები არ იარსებებს, 2015 წლისთვის, გლობალური ეკონომიკა 830 მილიარდი დოლარით გაიზრდება. ეს, დაახლოებით, დამატებით 1%-იან ზრდას ნიშნავს.  

კომენტარები