ტიბოდოს სეზონი

ჩიკაგოში შარშან სტენლის თასი ჩაიტანეს. ჩიკაგოს პიტჩერს კარლოს ძამბრანოს ერთ სეზონში 18 875 000 დოლარს აძლევენ. კარლოსს კი ბურთის სროლა ეზარება, კოკაინში იძინებს, ბორდელში იღვიძებს და მაინც ყველაზე პოპულარულია. ჩიკაგოში იყო მაიკლ ჯორდანის, ჯორდანის პიპენის, ყველას როდმანის და ფილ ჯექსონის ბულზი. ჩიკაგოში დერიკ როუზი კალათბურთით სიამოვნებას იღებს, ჩვენ დერიკის კალათბურთით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებთ და ამ სიამოვნებას პუტკუნა გენიოსი აკონტროლებს. ჩიკაგოში ერთი ბოსია. ყველაფერს ტომ ტიბოდო აგვარებს. 

NBA-მ ტიბოდოს სეზონის ყველაზე კარგი მწვრთნელის პრიზი მისცა. ტიბოდომ ეს პრიზი და აღიარება დაიმსახურა. 

ბულზმა მოიგო რეგულარული (62:20) და ბულზი რეგულარულის ყველაზე შეკრული, საინტერესო, მშვიდი და მოძრავი გუნდი იყო. ბულზი თამაშობდა კალათბურთს და სხვას კალათბურთს არ ათამაშებდა. ბულზმა მოიგო აღმოსავლეთი, მოიგო საკუთარი დივიზიონი და გასავარდნ ეტაპზე ყველასთან საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება. ტიბოდომ დაალაგა რუსტერი, სადაც იდეალური კაპიტანი (ლუოლ დენგი) მანამდე მარიხუანის დიეტაზე იჯდა. ტიბოდოსთან დენგი კანონმორჩილი და მოწესრიგებული მოქალაქე გახდა. 
ტიბოდოსთან საზაფხულო ბანაკში რვა ახალი კაცი მივიდა. დენგმა, როუზმა, კარლოს ბუზერმა და იოაკიმ ნოამ ეგრევე მიიღეს
 
ბლოკბასტერში მთავარი როლები. სხვებს ნაკლები ხელფასით და მეტი ტრავმით, მეტი მოტეხილი ძვლით უნდა ეთამაშათ. ტიბოდოს ყველა ენდობოდა და ტიბოდომ გუნდი აპრილ-მაისისთვის მოამზადა. თუ ლებრონის, პირსის, რონდოს და უეიდის ქარიზმას და ნიჭს გადაწონის, როუზის გუნდი დიდ ფინალშიც გავა. დიდ ფინალში დიდი ლეიკერსი შეაბიჯებს. ტიბოდომ ფილ ჯექსონის დაქირავებული მკვლელების ჯგუფი სამი წლის წინ, ბოსტონში მუშაობის დროს დააკავებინა. 
 
ბულზის ისტორიაში, ტიბოდომდე საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს ჯონი „რედ” კერი (1967), დიკ მოტა (1971) და ფილ ჯექსონი (1996). 
 
ტიბოდომ გაიმეორა პირველწლიანი მთავარი მწვრთნელის შედეგი, რომელიც მანამდე სანზში პოლ უესტფოლმა 1992/93 წლებში დასვა. ტომის და უესტფოლის გუნდებმა რეგულარული 62 მოგებით დახურეს. იმ ფინიქსმა ჩიკაგოსთან ფინალი 2:4 წააგო. ეს ჩიკაგო ფინალში გასვლის მსურველია. 
 
ტიბოდო მანამდე სულ მეორე, ყველგან ასისტენტი იყო. ასისტენტად გავიდა ფინალში ნიქსთან (1999) და ბოსტონთან (2008, 2010) ერთად. 
 
ტომ ტიბოდოს უყვარს პოპკორნი და ცხელი შოკოლადი, ტომის მოსწონს ტომ ჰენქსი და უსმენს რეი ჩარლზს. 
 
ასევე უსმენს ლუოლ დენგს, დერიკ როუზს და რადიოს. ხშირად უსმენს. მოისმინა ისიც, რომ 2010/11 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად ტომ ტიბოდო დაასახელეს. ტომიმ დაგ კოლინზს (ფილადელფია) და გრეგ პოპოვიჩს (სან ანტონიო) ჩაურბინა. მან 76 პირველი ადგილი და 475 ქულა აკრიფა. 
 
ტომი რეალურად ყველაზე კარგი მწვრთნელი იყო. ყველაზე კარგი მწვრთნელი, რომელსაც ყველაზე კარგ გუნდში ყველაზე კარგი მოთამაშე და ყველაზე კარგი კაპიტანი ჰყავს. 

კომენტარები