ტიბეტი: დალაი ლამას შემდეგ

2011 წლის გაზაფხული ტიბეტელებისთვის პოლიტიკურად ტურბულენტური გამოდგა. 75 წლის დალაი ლამამ, მარტში პოლიტიკური ძალაუფლება დათმო. აპრილის ბოლოს ტიბეტის ემიგრაციაში მყოფ მთავრობას უკვე ახალი მეთაური ჰყავდა – 42 წლის სობსანგ სანგაი. ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სანგაი კალონ ტრიპად, ანუ პრემიერ-მინისტრად ემიგრაციაში მყოფმა ტიბეტელებმა აირჩიეს. ის ტიბეტის ემიგრირებული მთავრობის მეორე პრემიერია, თუმცა წინამორბედთან შედარებით, გაცილებით მეტი პოლიტიკური გავლენა ექნება. საერო და სასულიერო ხელისუფლების გამიჯვნა ტიბეტის ემიგრირებული მთავრობის პოლიტიკისთვის საკვანძო ცვლილებაა. დალაი ლამა ტენზინ გიაცო ტიბეტელების სულიერ ლიდერად დარჩება და საკუთარ მოღვაწეობას გააგრძელებს. ის სიცოცხლის ბოლომდე ტიბეტელებისთვის ყველაზე გავლენიანი და მისაბაძი ადამიანი იქნება. დევნილობაში მყოფ ტიბეტის პარლამენტს ნობელიანტის პოლიტიკურ პენსიაზე გაშვება არ სურდა. თუმცა აუცილებლობის გამო, კონსტიტუციაში ცვლილებები მაინც შეიტანეს.

ინდოეთის ქალაქ დარჯილინგში დაბადებულმა სანგაიმ, უმაღლესი განათლება დელიში მიიღო, შემდეგ კი ჰარვარდის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის დოქტორის წოდება მოიპოვა. ამერიკაში ცხოვრების პერიოდში მან ჩინელი მეცნიერებისა და დალაი ლამას რამდენიმე შეხვედრის ორგანიზება მოახერხა. ახლა სანგაის ინდოეთის ქალაქ დარამსალაში მოუწევს გადაბარგება, სადაც ტიბეტის ემიგრირებული მთავრობა და პარლამენტია განთავსებული. ის აცხადებს, რომ ჩინეთის მთავრობასთან სალაპარაკოდ მზადაა, პირველ რიგში კი ტიბეტის მცხოვრებთა უფლებებისთვის აპირებს ბრძოლას. ჩინური მხარე მოლაპარაკებების სურვილს არ ამჟღავნებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტიბეტის დევნილ მთავრობას სეპარატისტთა არალეგალური ორგანიზაცია უწოდა. 
 
დალაი ლამას მიერ პოლიტიკურ ძალაუფლებაზე უარის თქმას თავისი მიზეზები აქვს. ის უკვე ასაკოვანი გახლავთ, პრემიერისთვის ძალაუფლების გადაცემით კი ტიბეტელები, დალაი ლამას სიკვდილის შემდეგ, ულიდეროდ არ დარჩებიან. ამას გარდა, ტენზინ გიაცოს სურდა, ჩინეთისთვის ახალი დალაი ლამას არჩევის შესაძლებლობა არ მიეცა. 2007 წელს ჩინეთმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, დალაი ლამასა და ტიბეტის სხვა მაღალი სასულიერო პირების არჩევისა და დამტკიცების უფლება მხოლოდ ამ ქვეყნის ცენტრალურ მთავრობას აქვს. პეკინმა, შესაძლოა, სულიერი ლიდერის
თავად დანიშვნა მოახერხოს, თუმცა ტიბეტელების პოლიტიკური მიზნებისათვის ამას უკვე ნაკლები მნიშვნელობა ექნება.
 
არსებობს დალაი ლამას მიერ სიცოცხლეშივე ძალაუფლების გადაცემის ისტორიული ანალოგი. მეხუთე დალაი ლამამ 1679 წელს გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც, საკუთარ სიცოცხლეშივე, რეგენტად სანგიე გიაცო დანიშნა. დოკუმენტი მეხუთე დალაი ლამას ორივე ხელის ოქროში ამოვლებული ანაბეჭდით არის დამტკიცებული და ახლა ნიუ იორკში ინახება. მეხუთე დალაი ლამა 1682 წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილი, მინგის იმპერიის ცენტრალური ხელისუფლებისთვის, საიდუმლოდ დარჩა. ათ წელზე მეტხანს, სანგიე გიაცო ახერხებდა სულიერი ლიდერის სიკვდილის საიდუმლოდ შენახვას. ოფიციალურ ცერემონიებზე მას ასაკოვანი გადაცმული სასულიერო პირები გამოჰყავდა, რომლებიც გარეგნობით დალაი ლამას ჰგავდნენ. 
 
ჩინეთის კომუნისტური პარტია ისტორიულ გამოცდილებას ყურადღებას აქცევს. 1995 წელს მათ იერარქიულად დალაი ლამას მომდევნო უმაღლესი სასულიერო პირი, პანჩენ ლამა თავად შეარჩიეს და დანიშნეს. მაგალითი 1949 წელს, ნაციონალისტური მთავრობის ანალოგიური საქციელიდან აიღეს. 1999 წელს ჩინეთის მთავრობამ რელიგიური მოძრაობა ფალუნგონგი გაანადგურა. მე-19 საუკუნის შუახანებში მსგავსი რელიგიური მოძრაობა ტაიპინის აჯანყებამდე მივიდა, რამაც ცინის დინასტიის დასუსტება გამოიწვია. მეხუთე დალაი ლამას პოლიტიკური სვლა ჩინეთისთვის მწარე ისტორიული გაკვეთილია. ამ პერიოდში სანგიემ ახალი დალაი ლამას პოვნა და მისი აღზრდა მოახერხა. გარკვეული პარალელების გავლება ახლანდელ სიტუაციასთანაც შეიძლება. მართალია, დალაი ლამას სიკვდილის დამალვა წარმოუდგენელია, თუმცა მომდევნოს არჩევასთან დაკავშირებული აურზაური, კალონ ტრიპასთვის ძალაუფლების გადაცემით ადვილად მოგვარდება. ჩინეთს რამდენიმეწლიანი საკანონმდებლო და კონსპირაციული სამუშაოები, შესაძლოა, წყალში ჩაეყაროს. 
 
 

კომენტარები