ბრედლის წასვლაში საგანგაშო არაფერია

საქართველოს რაგბის ნაკრების სამწვრთნელო გუნდს ირლანდიელი მაიკლ ბრედლი ოფიციალურად გამოაკლდა. ის ბორჯღალოსნებში ტექნიკურ მწვრთნელად მუშაობდა. ირლანდიელმა სპეციალისტმა შოტლანდიურ ედინბურგთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოდანაც ვადაზე ადრე წავიდა. კონტრაქტის მიხედვით სამყურების ყოფილ ცხრა ნომერს აქ 2011 წლის ბოლომდე უნდა ემუშავა.

დღეს ინტერნეტში გავრცელდა ცნობები ბრედლის განცხადების შესახებ - შოტლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს საქართველოს ნაკრებზე ინფორმაციებს არ მოვაკლებო. ეს არცთუ სასიამოვნო ამბავია, რადგან შოტლანდიელები წლევანდელ მსოფლიო თასზე ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან.

აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ამ საკითხზე საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პოზიციაც მოგვესმინა. შეკითხვებით კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს ბაჩო ხურციძეს მივმართეთ.

- პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მაიკლ ბრედლი ასეთ რამეს არ გააკეთებს, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს ან ჟურნალისტის მიერ მოგონილია, ანაც ირლანდიელის ხუმრობა. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- კონტრაქტში თუ არის გათვალისწინებული სამუშაო საიდუმლოებების შენახვა?

- დიახ, ასეთი რამ ყველა კონტრაქტში წერია, ეს ჩვეულებრივია. არცერთ სპეციალისტს არ აქვს უფლება ის საიდუმლოებები გათქვას, რომელიც წინა სამსახურში მიიღო. ისე, არც ესაა საშიში: გარწმუნებთ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები სულ სხვა გუნდი იქნება.

- მაიკლ ბრედლი, როგორ მოხვდა ქართულ სამწვრთნელო შტაბში?

- შემოდგომით, კანადასთან და ამერიკასთან გასამართი შეხვედრების წინ, რიჩი დიქსონის რჩევით და თხოვნით მისი გამოცდა გადაწყდა. კონტრაქტის გაგრძელება არც იგეგმებოდა. უბრალოდ, ბრედლი კარგად შეეწყო გუნდს, ბიჭებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. რაკი ფინანსები და ბიუჯეტი გვაძლევდა საშუალებას, მასთან 2011 წლის ბოლომდე გავაფორმეთ ხელშეკრულება.

- თუკი ასეთი კარგი ურთიერთობა გვქონდა, რატომ დატოვა მაიკლ ბრედლიმ ნაკრები?

- კონტრაქტი წლის ბოლომდე გვქონდა, მაგრამ უცხოელებს მის დამთავრებამდე თვეებით ადრე უკვე აინტერესებდათ, მომავალშიც გაგრძელდება თუ არა ხელშეკრულება. ჩვენ არ შეგვეძლო ზუსტი პასუხის გაცემა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ სამწვრთნელო გუნდთან ურთიერთობის გაგრძელება მსოფლიო თასის შედეგებზეა დამოკიდებული. რაც მთავარია, მომავალ წელს უკვე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებია და არავინ იცის, ახალი მმართველი მოინდომებს თუ არა უცხოელ მწვრთნელებთან მუშაობას. აქედან გამომდინარე მას ვერანაირი სამომავლო გარანტია ვერ მივეცით.

- ამის მიუხედავად, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი წასვლა?

- ამ ადამიანს საკუთარი კარიერა და ოჯახი აინტერესებს, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები. აქედან გამომდინარე, მის საქციელში განსაკუთრებული არაფერია. შოტლანდიელებისაგან კარგი შეთავაზება მიიღო და დათანხმდა. კარგი იქნებოდა ჩვენთან დარჩენილიყო, მაგრამ მან სხვანაირად გადაწყვიტა. რაც შეეხება დაშორებას, კავშირის თითქმის ყველა თანამშრომელს ცალ-ცალკე ურეკავს და უგზავნის ელექტრონულ შეტყობინებებს. პირადად ჩემთანაც, რამდენჯერმე ისაუბრა და მსოფლიო თასზე დიდი წარმატებები გვისურვა. საქართველოს ნაკრებს ერთი კარგი გულშემატკივარი შეემატა.

- თუ იგეგმება მაიკლ ბრედლის შემცვლელის ჩამოყვანა?

- არ იგეგმება. დონ კასკიც უკვე გამოჯანმრთელდა და საქართველოში ჩამოდის. ალაფაზე ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად იქნება, შემდეგ კი აქტიურად შეუდგება საქმეს. ამას გარდა გვყავს სხვა მწვრთნელებიც, რომლებიც  მუშაობას აგრძელებენ. რაც მთავარია, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე დაგვემატება უმაღლესი დონის ფიზმომზადების მწვრთნელი.

კომენტარები