ლავროვი, სოხუმსა და ცხინვალში, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ახალ დეტალებზე საუბრობს

EURASIA DAILY MONITOR  | 27 აპრილი, 2011

25 და 26 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „სამუშაო ვიზიტით” ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეწვია. ეს ტერიტორიები რუსეთმა „სახელმწიფოებად” ცალმხრივად აღიარა. მან მოინახულა რუსეთის არმიისა და სასაზღვრო ჯარების განთავსების ადგილები, შეხვდა მოსკოვის მიერ ხელდასმულ ადგილობრივ ხელმძღვანელებს. მინისტრმა ეს შემთხვევა გამოიყენა, რომ საქართველო დაედანაშაულებინა რუსეთის მიერ ოკუპაციასა და ამ ორი ტერიტორიის მილიტარიზებაში (Итар-Тасс, Риа-Новости, Апсныпресс, РЕС-სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი 25, 26 აპრილი).

ლავროვმა მოთხოვნას, რომ საქართველომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებებს ხელი უნდა მოაწეროს, ახალი ელემენტები დაამატა. თავისთავად, ეს მოთხოვნა ისეთივე ძველია, როგორც რუსეთ-საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტი. მისი დაყენებით მოსკოვი ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა იმ კონფლიქტზე, რომელიც მას საქართველოსთან 1990-იანი წლების დასაწყისიდან აქვს. ამ კონფლიქტის დაწყებიდან 10 წლის თავზე, რუსეთმა საქართველოსა და აფხაზეთს და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებები შეიმუშავა და მათი შესრულების გარანტორის როლი იკისრა. 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში შეჭრის შემდეგ, მოსკოვმა ეს მოთხოვნა განავრცო და, როგორც ჩანს, ამ პროცესს აგრძელებს. 
 
რუსეთს ამჯერად სურს, რომ საქართველომ თითოეულ ოკუპირებულ ტერიტორიასთან, როგორც „სახელმწიფოებთან”, ძალის გამოუყენებლობის ორმხრივ შეთანხმებებს მოაწეროს ხელი. ამ შეთანხმებების შესრულების „უზრუნველყოფაზე” რუსეთი ან დამოუკიდებლად ან როგორც უზრუნველყოფის სხვა საერთაშორისო ფორმატის მონაწილე, ისე იზრუნებს. ამ მიმართულებით გადასადგმელ პირველ ნაბიჯად მოსკოვს თბილისის, სოხუმის და ცხინვალის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების ცალმხრივად აღება ესახება. ამას შემდეგ ამ ცალმხრივი ვალდებულების ორმხრივი „გაცვლა” უნდა მოჰყვეს. 
 
როგორც ლავროვმა ცხინვალში თქვა, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ ასეთი პირობა საჯაროდ უკვე დადო. მალე აფხაზეთის ხელმძღვანელობაც იმავეს გააკეთებს (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლოდროინდელი განცხადებით, ცხინვალმაც და სოხუმმაც ამგვარი ვალდებულება აიღეს – Интерфакс, 7 მარტი; EDM, 10 მარტი). ვიზიტის დროს ლავროვმა ამ მოთხოვნას ახალი ელემენტები დაამატა: პირველი, საქართველომ „უპირობოდ” უნდა მოაწეროს ხელი ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან; და მეორე, გაერომ ამ ორი შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოახდინოს. მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი „ჟენევის პროცესზე” ამ საკითხს, როგორც პრიორიტეტულს (2008 წლის ომისშემდგომ მოლაპარაკებებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ) დააყენებს (Интерфакс, 25, 26 აპრილი).  
 
მთელი ამ ხნის განმავლობაში, კრემლი უარს აცხადებს საქართველოსთან ასეთი შეთანხმების ხელმოწერაზე. რუსეთის ხელმოწერა დაადასტურებდა, რომ ეს ქვეყანა საქართველოსთან კონფლიქტის ირიბი მონაწილეცაა, 2008 წლის ომამდე ორი მარიონეტული რეჟიმის მეშვეობით, და უშუალოც – ამ ომის შემდეგ. რუსეთი კვლავ დაჟინებით იმეორებს, რომ საქართველოსთან კონფლიქტის მხარეები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია. შეთანხმებების „უპირობოდ” ხელმოწერის მოთხოვნა კი ნამდვილად გულისხმობს საქართველოსადმი პირობის წაყენებას – შეეგუოს ოკუპაციას და უარი თქვას როგორც თავის სუვერენიტეტზე, ასევე გამოდევნილი ლტოლვილების უკან დაბრუნების უფლებაზე.
 
მთელი ამ სქემით (და რუსეთის უარით, მისივე სქემის მონაწილე იყოს), პირველ რიგში, კრემლი ცდილობს, თავისი პასუხისმგებლობა მიჩქმალოს – როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის უშუალო მონაწილისა ამ კონფლიქტის დაწყებიდანვე. მეორე, მიიღოს ამ ხელშეკრულებების შესრულების „გარანტორის” ანუ, პრაქტიკულად, სამივე ადგილობრივ მხარეზე უსაფრთხოების არბიტრის უფლებამოსილება. მესამე; გაათანაბროს ორი მარიონეტული რეჟიმი საქართველოსთან როგორც სტატუსის, ასევე მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეების თვალსაზრისით. და მეოთხე; აღიარებინოს საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას ეს ორი სეპარატისტული ტერიტორია. ირიბი აღიარების ეს ფორმა უმალ იქცევა აღიარებად, თუ გაერო ასეთი შეთანხმებების რატიფიცირებას მოახდეს, რასაც ლავროვი ბოლო დამატების მიხედვით ითხოვს. 
 
ჟენევის პროცესზე ამ საკითხის, როგორც ლავროვის „პრიორიტეტის”, დაყენება, შეესაბამება რუსეთის ტაქტიკას. კრემლი იმ საკითხთა განხილვაზე თავის არიდებას ცდილობს, რომლებიც ამ პროცესის მანდატით არის განსაზღვრული: ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტარიზაცია, ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება და გამოდევნილი მოსახლეობის სახლებში დაბრუნება.
 
თავის მხრივ, საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შემუშავებასა და ხელის მოწერას რუსეთს სთავაზობს. თბილისმა უკვე ცალმხრივად დადო ამის პირობა და მოსკოვს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებს. 2010 წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას,
 
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ „არასოდეს გამოიყენებს ძალას, რათა უკუაგდოს რუსული ოკუპაცია და აღადგინოს კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე” (Civil Georgia, 23 ნოემბერი 2010). ამ განცხადების შემდეგ თბილისმა ეს ვალდებულება ყველა წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას და ჟენევის პროცესში მონაწილე მხარეს ოფიციალური წერილებით დაუდასტურა. საქართველო ასევე ცდილობს რუსეთთან პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის დაწყებას ყველა სადავო საკითხზე, მათ შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე. თუმცა, რუსეთი საქართველოს მთავრობასთან რაიმე ფორმის დიალოგზე უარს ამბობს. აშკარაა, რომ მოსკოვი, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, საქართველოში რეჟიმის შეცვლაზე ისევ ფიქრობს.
 
ლავროვის ვიზიტის კომენტირებისას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მსოფლიომ დაინახა ოკუპაციისა და ანექსიის რუსული პოლიტიკა (Civil Georgia, 26 აპრილი).

კომენტარები