საკალათბურთო ფლეი ოფი დაიწყო

თბილისის სპორტის სასახლეში დღეს საკალათბურთო სუპერლიგის ფლეი ოფი დაიწყო. მომდევნო ეტაპზე გასვლისათვის ერთმანეთს რვა გუნდი ეჯიბრება. საბოლოო გამარჯვებისთვის გუნდებს ჯამში ორი თამაშის მოგება სჭირდებათ.

დღეს პირველ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ არმიისა და ენერჯი ინვესტის გუნდები წარსდგნენ.გამარჯვება უფრო გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა ძალოვანებმა მოიპოვეს სოლიდური სხვაობით - 94:63.

ამის შემდეგ არენაზე ადგილი შსს-სა და სოხუმის კალათბურთელებმა დაიკავეს. დაძაბულ დაპირისპირებაში საბოლოო გამარჯვებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კალათბურთელებმა მიაღწიეს - 77:72.

თბილისური ფლეი ოფის პირველი დღე სტუდენტური შერკინებით დასრულდა. ერთმანეთის წინააღმდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები წარსდგნენ. საკმაოდ თანაბარ მატჩში წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა გუნდმა თსუ-მ გაიმარჯვა - 97:81.

კომენტარები