გირგვლიანის საქმე სტრასბურგში

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის ოჯახის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს დაზარალებულთა სასარგებლოდ 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ ყურადღება ასევე საქმის გამოძიებისას და სასამართლოში განხილვის დროს დაშვებულ დარღვევებზე გაამახვილა. 

ევროპის სასამართლომ, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, გირგვლიანის საქმეში დარღვეულად ცნო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ითანამშრომლოს საერთაშორისო სასამართლოსთან ფაქტების დადგენაში. სასამართლომ განაცხადა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მტკიცებულებების სრულად და დროულად წარდგენა. 
 
ამავე დროს, ევროსასამართლომ ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ დაასკვნა, რომ არ მომხდარა კონვენციის მეორე მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა. ანუ, სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების უშუალო ხელყოფას ადგილი არ ჰქონია.  
 
„სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავეები პირადი მიზნებით მოქმედებდნენ და მათი ქმედებები ოფიციალური პირების სტატუსთან არ იყო დაკავშირებული. ამგვარად, მათ ქმედებებს ვერ მოჰყვება სახელმწიფოს საერთაშორისო პასუხისმგებლობა მკვლელობისათვის”, – ნათქვამია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 26 აპრილს გამოქვეყნდა. სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მტკიცებულებები იმ „საფუძვლიანი ეჭვის” სასარგებლოდ, რომ დამნაშავეები შსს-ს მაღალჩინოსნების ბრძანებით მოქმედებდნენ. 
 
სასამართლომ სიცოცხლის უფლების განუყოფელ ნაწილად განიხილა სახელმწიფოს ვალდებულება – უზრუნველყოს ქმედითი სისხლის სამართლებრივი სისტემა და განახორციელოს მკვლელობის ფაქტის ქმედითი გამოძიება.
ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, ევროსასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მეორე მუხლის „საპროცესო” ნაწილი დაირღვა. სასამართლომ სიცოცხლის უფლების განუყოფელ ნაწილად განიხილა სახელმწიფოს ვალდებულება – უზრუნველყოს ქმედითი სისხლის სამართლებრივი სისტემა და განახორციელოს მკვლელობის ფაქტის ქმედითი გამოძიება.
 
ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების ტექსტში ვრცლად არის მიმოხილული დარღვევები, რომელიც საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესში დაუშვეს. სასამართლომ  განაცხადა, რომ „გაოგნებულია” ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შეთანხმებული ქმედებებით, „რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო”. სასამართლოს დასკვნით, საქმის გამოძიება როგორც შსს-ს, ასევე პროკურატურის მიერ ხარვეზებით წარიმართა. ხელისუფლებამ კაფეში მყოფი პირების დანაშაულში თანამონაწილეობის თაობაზე სარწმუნო ბრალდებებზე „თვალი დახუჭა”. არ გაითვალისწინეს ყველა არსებული მტკიცებულება, დაზარალებულები კი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დროულად არ იყვნენ ინფორმირებულნი.  
 
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადაწყვეტილება, ყველა განსასჯელის ერთ საკანში მოთავსების თაობაზე, ევროსასამართლომ უკანონოდ შეაფასა. რაც შეეხება საქმის განხილვას, სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ ამ პროცესის „მთავარი ნაკლოვანება” იყო ქართული სასამართლოს მტკიცე უარი – მოსარჩელეებისთვის საქმის მასალების შესასწავლად საკმარისი დრო მიეცა. ევროსასამართლომ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტის „არაკეთილგონივრული შემწყნარებლობა” მსჯავრდებულთა მიმართ – პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაკავებულებს 2008 წელს სასჯელი გაუნახევრდათ, 2009 წელს კი ოთხივე მათგანი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.  
 
სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი, 2006 წლის იანვარში, თბილისში, შარდენ ბარში, შსს-ს მაღალჩინოსნებთან მომხდარი შელაპარაკების შემდეგ გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე გირგვლიანის გვამი აღმოაჩინეს. მკვლელობამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. დანაშაულიდან რამდენიმე თვის შემდეგ შსს-მ კუდ-ის ოთხი თანამშრომელი დააკავა. სასამართლომ მათ 6 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, გარდაცვლილის ოჯახი მკვლელობის „დამკვეთების” – შსს-ს მაღალჩინოსნებისა და მინისტრის მეუღლის, დასჯას მოითხოვდა. 
 
სარჩელი „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის ზაფხულში შევიდა. გირგვლიანის ოჯახი ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის  –  სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის უფლების დარღვევის აღიარებას, ასევე სახელმწიფოსგან  300 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციას მოითხოვდა.
 
სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი მოსარჩელეთა ადვოკატებმა წარმატებად შეაფასეს. ადვოკატ შალვა შავგულიძის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში, საქართველოს ხელისუფლება იძულებული იქნება, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, დამატებითი გამოძიება ჩაატაროს იმ პირთა მიმართ, რომლებმაც პასუხისმგებლობა თავიდან აიცილეს.  
 
თუმცა, როგორც ტაბულასთან საუბრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა განმარტა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს ვალდებულებას საქმის ხელახალი გამოძიების ჩატარების შესახებ. „საქართველო ევროსასამართლოს ყველა გადაწყვეტილებას ასრულებს და არც ეს საქმე იქნება გამონაკლისი. აღსრულება კი ამ შემთხვევაში კომპენსაციის გადახდას ნიშნავს, ვინაიდან სხვა ვალდებულება სასამართლოს სახელმწიფოსთვის არ დაუკისრებია”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.  
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური განმარტების თანახმად, მოსარჩელეები ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის დარღვევას ასაჩივრებდნენ. თუმცა, სასამართლომ სამი მუხლის დარღვევა უარყო. კერძოდ, არ დაადასტურა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებისა და ეფექტიანი შიდასამართლებრივი საშუალებების ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევა, ასევე ის, რომ დაზარალებული წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.  უწყება განმარტავს, რომ „სასამართლომ დარღვევა დაადგინა მხოლოდ ეროვნულ დონეზე წარმოებულ გამოძიებაში არსებული ხარვეზების გამო”.  
 
თინა ბურჯალიანის განცხადებით,  მთავრობა „არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც მითითებულია, რომ საქმის გამოძიება დარღვევებით წარიმართა”, განაჩენის სხვა ნაწილებთან დაკავშირებით კი  პრეტენზიები არ აქვს. რაც შეეხება კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევას,  ბურჯალიანის თქმით, სასამართლომ ეს დარღვევა მტკიცებულებების დაგვიანებით წარდგენის გამო დაადასტურა. თუმცა გირგვლიანის საქმესთან ეს არსებით კავშირში არ არის და „საქართველოსა და ევროსასამართლოს შორის კომუნიკაციის თემაა”. 
 
ბურჯალიანის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ამ ეტაპზე ევროსასამართლოს ვერდიქტს სწავლობს და გაასაჩივრებს თუ არა მას, მოგვიანებით გადაწყვეტს. ამისთვის მხარეებს სამი თვის ვადა აქვთ.

კომენტარები