სულ მალე... საქართველოს ეროვნულ მუზეუმში...

 “...ალბათ ყველას გახსოვთ ბავშვობისდროინდელი განცდა, მუზეუმთან რომ ასოცირდებოდა – ცოტა დამთრგუნველი. ჩაბნელებული, მკრთალი განათება და სიძველის სუნი... ვიწრო კიბეს „ოქროს ფონდში” ჩავყავდით. ახლა საგანძურის დარბაზს ყოფილი ბიბლიოთეკაც დაემატა და გაფართოვდა, ბიბლიოთეკა კი აი აქ, მე-4 სართულზე გადავიტანეთ, რომელიც პირდაპირ ღია ტერასაზე გამოდის და სამებას გადაჰყურებს”, – გვიხსნის დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი.

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
დავით ლორთქიფანიძე
ჩვენ ქვედა ტერასიდან სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ლეგენდარულ შიდა ეზოს გადავყურებთ, სწორედ მას, ბავშვობაში, დიდ გამჭვირვალე ვიტრინაში მამონტის უზარმაზარი ჩონჩხით რომ დაგვამახსოვრა თავი.

გიდმა უკვე დაგვათვალიერებინა მომავალი დროებითი და მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცეები, სადაც მუშები უკანასკნელ შტრიხებს უკირკიტებენ, ვიტრინებისთვის „წერტილოვანი განათება” მონტაჟდება და ჯერ ისევ საღებავის სუნი ტრიალებს. საცავში ახალი ექსპოზიციისთვის ემზადებიან. სპეციალურად მუზეუმის გახსნისთვის დიზაინერი – ლინა მარია ლოპესი (Studio LinArt) ჩამოვიდა. ის ადრე ბრინჯაოს ხანისა თუ გვიანი ანტიკური პერიოდის უძველეს ოქრომჭედლობის ნიმუშებს, მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, მუდმივმოქმედი ექსპოზიციისთვის ქრონოლოგიურად ალაგებს. სწორედ მან იმუშავა 2007 წელს ნიცასა და პარიზში ჩვენი საგანძურის ექსპოზიციის შექმნაზე.

მუზეუმის ახალი კონცეფცია, ახალი ხედვა და არქიტექტურული გადაწყვეტა, შიდა ეზოში იყრის თავს: რუსთაველის გამზირიდან ცენტრალური შემოსასვლელი ჯერ ფოიეში ამოგაყოფინებთ თავს, სადაც სუვენირების მაღაზია და კაფეტერია დაგხვდებათ. ეს მუზეუმის ე.წ. უბილეთო ზონაა, კაფეტერია გარეთ – ეზოშიც გადის, მისი გადაკვეთის მერე კი რუსთაველის პარალელურ გუდიაშვილის ქუჩაზე მოხვდებით.

„ეს ის შემთხვევაა, როცა მუზეუმის კონცეპტუალური გადაწყვეტა ქალაქის ურბანულ ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას. ერთი სიტყვით, ეს ჩაკეტილი ეზო ღია მოედნად გადაიქცევა, რომელსაც ქალაქს ვჩუქნით. ადამიანები, რომლებიც აქ რუსთაველის გამზირიდან მოხვდებიან, ვიდრე გუდიაშვილის ქუჩამდე ჩავლენ, ჩამოსხდებიან, ყავას დალევენ და შესაძლოა, რომელიმე საგამოფენო დარბაზშიც ამოჰყონ თავი. ასეთი კონცეპტუალური გადაწყვეტა, ანუ ჩაკეტილი სივრცის გახსნა, სამუზეუმო ინსტიტუციის საზოგადოებრივ ცნობიერებაში შესამჩნევი პოზიციის დაკავებას გულისხმობს”, – გვიხსნის დავით ლორთქიფანიძე.

ეროვნულ მუზეუმში რეფორმა 2005 წელს დაიწყო და დღეს უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის. კონცეფცია იუნესკოს მხარდაჭერით დაფინანსდა და ამერიკული სმიტსონის ინსტიტუციის თანამშრომლობით განხორციელდა. ტვინინგის პროექტმა კი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორი პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი – ბერლინის ეროვნული მუზეუმებია. სწორედ ბერლინის მუზეუმების კუნძული (მდინარეებს – შპრეესა და კუფერგრაბენს – შორის კუნძულზე განთავსებული 5 მუზეუმი) არის თბილისში სამუზეუმო ქუჩის განვითარების შთაგონების წყარო. კონცეფციის არქიტექტურულ გადაწყვეტაში დასავლური სტუდიები (Studio Milou Architecture; Anida Arquitectura და ELLis Williams Architects – EWA) არიან ჩართულები. სწორედ Studio Milou-მ განახორციელა უკვე ცნობილი დმანისის საველე არქეოლოგიური მუზეუმი და სამუზეუმო ქუჩაზეც მომავალში ეს სტუდია იმუშავებს.


ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
ლინა მარია ლოპესი
„განსაკუთრებით უცხოელებს უკვირთ ეს ყველაფერი, რადგან მათ კარგად იციან, რომ მსგავსი სამუზეუმო ცვლილებები მდიდარ ქვეყნებში ხორციელდება (მაგალითისთვის თუნდაც გავიხსენოთ რეფორმები გერმანიის მუზეუმებში დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანების პერიოდში). ჩვენთან კი, სადაც ჯერ კიდევ ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს, ეს თამამი გამოწვევაა. პრინციპული საკითხია, როცა კი არ ვანგრევთ ძველს, რომელსაც ძლიერი ბაზა აქვს კოლექციებისა და მეცნიერული რესურსის სახით, არამედ ვცვლით კონცეფციას – ანუ ყველაფერ იმას, რაც ტოტალიტარიზმთან ასოცირდება და ჩაკეტილი სივრცეების კარს ვაღებთ”, – ამბობს დავით ლორთქიფანიძე.

ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, ოფიციალურად 26 მაისს გაიხსნება. იმავე დღეს ეროვნული გალერეის კარიც გაიღება და შემდეგ თანდათანობით, მთელი წლის მანძილზე, კოლექციები და ექსპოზიციები 21-ე საუკუნის სამუზეუმო სივრცეში ჩაეწერება.

რეალური სამუზეუმო ცვლილებები კი მაშინ დაიწყება, როცა რომელიმე თქვენგანი რუსთაველის ქუჩიდან მუზეუმის ეზოს გადაჭრით, ყავის დასალევად ჩამოჯდებით და მერე რომელიმე საგამოფენო დარბაზს მიაშურებთ.

 

 

 

კომენტარები