ფინეთი: ევროსკეპტიკოსთა გამარჯვება

ფინურ არჩევნებს, როგორც წესი, საერთაშორისო რეზონანსი იშვითად მოსდევს. თუმცა 17 აპრილის საპარლამენტო არჩევნებმა ეს ტრადიცია დაარღვია. კენჭისყრის შედეგებმა ევროსკეპტიკოსი პარტიების მოულოდნელი წარმატება აჩვენა. ქვეყნის მმართველ ელიტაში მათმა მომრავლებამ კი, შესაძლოა, ევროკავშირის გეგმები პორტუგალიისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ, თავდაყირა დააყენოს. 
 
წინა არჩევნების შედეგები ყველაზე მეტად მემარჯვენე-პოპულისტურმა პარტიამ – ჭეშმარიტმა ფინელებმა – გააუმჯობესა. ტიმო სოინის პარტიამ 4,1%-იანი მაჩვენებელი 19%-მდე გაზარდა და 200-ადგილიან პარლამენტში 39 მანდატი მოიპოვა. პარტია ევროზონის ქვეყნებისთვის – პორტუგალია, ირლანდია, საბერძნეთი – დახმარების პაკეტის გამოყოფას ეწინააღმდეგება. გარდა ამისა „ეროვნული იდენტობის” დაცვის მოტივით, იგი ლტოლვილების კვოტების შემცირებასაც ითხოვს.
 
ფინური არჩევნების მთავარ გამარჯვებულად კვლავაც ცენტრისტულ-მემარჯვენე, პროევროპული ნაციონალურ-კოალიციური პარტია რჩება. მათ ხმათა 20,4% და 44 მანდატი მოიპოვეს. ეს გაერთიანება ევროზონის სტაბილურობის ხელშესაწყობად ე.წ. ბეილ-აუთის მომხრეა – თანახმაა მიგრანტებისთვის სამუშაო ადგილები შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით, საშემოსავლო და კორპორატიული (22%-მდე) გადასახადები შეამციროს. 
 
ფინეთში, დანიაში, შვედეთსა და ჰოლანდიაში იმიგრანტების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრე მემარჯვენე პარტიებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.
19,1%-ით და 42 ადგილით მეორე ადგილი მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ერგო. ეს პოლიტიკური გაერთიანებაც პორტუგალიისთვის დახმარების გამოყოფის გეგმებს აკრიტიკებს, ვინაიდან შიშობს, რომ ეს კერძო ინვესტორებსა და ბანკებზე დამატებითი პასუხისმგებლობის სახით აისახება. 
 
წინა წლებთან შედარებით, შედეგები საგრძნობლად გააუარესა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბლოკმა – ცენტრის პარტიამ; 23%-დან მისი მხარდაჭერა 15,8%-მდე დაეცა.  
 
კენჭისყრის შედეგების მიხედვით ახალი მთავრობის შექმნის მოლაპარაკებებს ნაციონალურ-კოალიციური პარტია გაუძღვება. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ისინი შედარებით იოლად მოახერხებენ სოციალ-დემოკრატების მხარდაჭერის მოპოვებას. მართალია, სოციალ-დემოკრატები პორტუგალიის დახმარებას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ კომპრომისის მიღწევა (ბეილ-აუთზე თანხმობის ნაცვლად ლისაბონისთვის რეგულაციების გამკაცრება) სავსებით რეალური იქნება. მიუხედავად ამისა, ნაციონალურ-კოალიციურ პარტიას, უმრავლესობის მოსაპოვებლად, სოინის ჭეშმარიტი ფინელების მხარდაჭერაც დასჭირდება. სოინი მთავრობაში შესვლის სანაცვლოდ, ევროკავშირთან დამოუკიდებელი ხაზის გატარების უფლებას ითხოვს. ამას კი ნაციონალურ-კოალიციური პარტიის წევრები განუხორციელებლად მიიჩნევენ. 
 
ფოტო: REUTERS ©
იურკი კატაინენი, ნაციონალურ-კოალიციური პარტია
ჭეშმარიტი ფინელების ქარიზმატულმა ლიდერმა ქვეყნის მიერ გაღებული საგარეო დახმარებების მიმართ მკაცრი პოზიცია დაიკავა. ამით მან ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემებით იმედგაცრუებული ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა. ფინეთი ევროზონის 17 ქვეყანას შორის ფისკალური თვალსაზრისით ყველაზე სტაბილურია. მიუხედავად ამისა, კრიზისი ფინეთის პატარა და ექსპორტზე დამოკიდებულ ეკონომიკასაც შეეხო: 2009 წელს მშპ-ს ზრდის კოეფიციენტი 0,9%-დან 8%-მდე დაეცა, ექსპორტმა 32%-ით იკლო, უმუშევრობამ კი 8,2%-ს მიაღწია.
 
2011 წლისთვის ეკონომიკური მონაცემები ოდნავ გაუმჯობესდა. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფინეთში მიმდინარე წლისთვის 3,1%-იან ეკონომიკის ზრდას ელოდება; შემცირდა უმუშევრობის დონეც – 8%-დან 7,8-მდე; ქვეყნის დეფიციტი (2010 წელს მშპ-ს 2,5%) და ვალი (მშპ-ს 48,4%) ევროზონაში ყველაზე დაბალია.  სწორედ ამ უპირატესობის დაკარგვა და დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება აშინებს ფინეთის მოსახლეობას. ევროპის ფინანსური სტაბილურობის მექანიზმის ფარგლებში დასავლეთის ლიდერები პორტუგალიისთვის 80 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ. ეს ფინეთს, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ წევრს, 7,8 მილიარდი ევრო დაუჯდება. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ევროზონის ჩვიდმეტივე ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ფინეთი კი იმითაა გამორჩეული, რომ სწორედ მისი საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტია  დახმარების პაკეტის ბედი. არჩევნების შედეგებით კი პარლამენტში ევროსკეპტიკოსები ჭარბობენ – ბუნებრივია, ეს ევროპისთვის დამაფიქრებელია. 
ფოტო: REUTERS ©
იუტა იურპილაინენი, სოციალ-დემოკრატიული პარტია
 
ფინელებში ცვლილებების არარსებობამ და მთავარი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულმა სკანდალებმა პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობა გააჩინა. კულმინაცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მატი ვანჰანენის გადადგომა იყო – მისი პარტიისთვის უძრავი ქონების ფონდიდან თანხის საეჭვო გადარიცხვა გამოაშკარავდა. ამის ფონზე, სოინი ახალი ენერგიის წყაროდ მიიჩნიეს.
 
პოპულისტმა ლიდერმა ფინელების მხარდაჭერა ანტიისლამური, ანტიიმიგრაციული და ნაციონალისტური რიტორიკითაც შეძლო. ის ემხრობა შრომით მიგრაციას, თუმცა, ამავე დროს, ფინური იდენტობის დაცვის აუცილებლობასაც უსვამს ხაზს. 
 
ეს სკანდინავიის ქვეყნებსა და ევროპის გარკვეულ ნაწილში ბოლო ხანს გავრცელებული ტენდენციის გაგრძელებაა. დანიაში, შვედეთსა და ჰოლანდიაში იმიგრანტების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრე მემარჯვენე პარტიებმა (დანიელი ხალხის პარტია, შვედი დემოკრატები, ჰოლანდიის თავისუფლების პარტია) მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. 24 მილიონი უმუშევარი ადამიანის ფონზე ევროპას მიგრანტების ახალი ტალღის მიღება არ სურს. 
 
ამავე დროს, ევროპის მასშტაბით ფეხს იკიდებენ მემარჯვენე ფრთის პარტიები: საფრანგეთში ნაციონალური ფრონტის პარტიამ რეგიონულ არჩევნებში კარგი შედეგები აჩვენა. თვითონ სკანდინავიაც, ადრე ერთმნიშვნელოვნად ცენტრისკენულ-მემარცხენე იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ძალების რეგიონად მიიჩნეოდა. თუმცა დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში მომხდარი ცვლილებები ახალ, განსხვავებულ სურათს ქმნის.

კომენტარები