ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას გირგვლიანის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სანდრო გირგვლიანის ოჯახის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ. ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას გირგვლიანის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას აკლდა „საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა.“

სასამართლომ ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაასკვნა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, ითანამშრომლოს სასამართლოსთან ფაქტების დადგენის კუთხით. სასამართლოს განაჩენში მითითებულია, რომ დაირღვა კონვენციის მეორე მუხლის საპროცედურო ნაწილიც, რომელიც სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის ვაჟის გარდაცვალების გამოძიების „ეფექტურობის ნაკლებობას“ ეხება. ამ გადაწყვეტილებას შვიდიდან ექვსი მოსამართლე დაეთანხმა.

ამასთანავე, ევროსასამართლომ ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ მომხდარა კონვენციის მეორე მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა და ამგვარად, გირგვლიანის გარდაცვალების საქმეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე მყოფი თანამშრომლების ბრალეულობა უარყო. „სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტები, რომ მართალია, სანდრო გირგვლიანი სახელმწიფო მოხელეთა ქმედებების შემდეგ გარდაიცვალა, დამნაშავეები არ მოქმედებდნენ, როგორც ოფიციალური პირები. პირიქით, ადგილობრივი სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების მიხედვით, დანაშაული ჩადენილი იქნა დამნაშავეების მეგობრის დაბადების დღის პირადი აღნიშვნის კონტექსტში,“ ვკითხულობთ ევროსასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

ევროსასამართლო გირგვლიანის მკლელობაში ბრალდებულების შეწყალების თემასაც შეეხო. სასამართლოს დასკვნაში მითითებულია, რომ ევროსასამართლო „გაკვირვებული“ დარჩა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2008 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, გაენახევრებინა სასჯელი „ასეთ საზარელ“ მკვლელობაში  ბრალდებული სახელმწიფო მოხელეებისთვის. „შემდეგ კი, თითქოს ეს მოწყალება საკმარისი არ ყოფილიყოს, 2009 წლის 5 სექტემბერს მსჯავრებულები ციხის ადმინისტრაციის რეკომენდაციისა და შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლეს,“ ვკითხულობთ ევროსასამართლოს დასკვნაში „სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც სახელმწიფო მოხელეს, კერძოდ კი სამართალდამცველს, დამნაშავედ სცნობენ ისეთ დანაშაულში რომელიც კონვენციის მეორე მუხლს არღვევს, შეწყალება ან ამნისტია ადექვატური დასჯის მიზანს ძალიან რთულად თუ შეასრულებს.“

სასამართლომ დაასკვნა, რომ „არ არის საჭირო სარჩელის დანარჩენი ნაწილების განხილვა.“  ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ სასამართლო წარმოებაში არსებული თვითნებობების შესახებ წარდგენილი პრეტენზიების ცალკე განხილვა საჭირო არ არის, რადგან ისინი იგივე ფაქტებს ეყრდნობა, რომლებსაც კონვენციის მეორე მუხლი ითვალისწინებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნაში მითითებულია, რომ საქართველოში წარმოებული სასამართლო პროცესის მთავარი ნაკლოვანება ის იყო, რომ სასამართლომ „მტკიცე უარი განაცხადა მოსარჩელეებისთვის საქმის მასალების შესწავლისთვის საკმარისი დროის მიცემაზე.“ ევროსასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული საგამოძიებო პროცესს „აკლდა მიუკერძოებლობა.“

საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა გირგვლიანის ოჯახს სასამართლოს საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს. მოსარჩელე მხარე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად საქართველოსგან 300 000 ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვდნენ, თუმცა ევროპულმა სასამართლომ კომპენსაციის სახით გირგვლიანის ოჯახს 50 000 ევრო მიაკუთვნა.

მოსარჩელეები, ირინა ენუქიძე (სანდრო გირგვლიანის დედა, რომელიც 2007 წელს გარდაიცვალა) და გურამ გირგვლიანი (სანდრო გირგვლიანის მამა) არიან. მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მეორე (სიცოცხლის უფლება), მესამე (წამების აკრძალვა), მეექვსე (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მეცამეტე (ეფექტური ანაზღაურების უფლება) და 38-ე (საქმის გამოძიება) მუხლები დაარღვია.

ევროპულმა სასამართლომ სამი მუხლის დარღვევა უარყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი განმცხადებელთა შვილის სიცოცხლის ხელფყოფის ფაქტზე.  ევროსასამართლოს მოსამართლეების აზრით, არ მომხდარა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებისა და ეფექტური შიდასამართლებრივი საშუალებების ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევა. სასამართლომ ასევე არ დაადასტურა, რომ განმცხადებლები წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ.

მხარეებს ევროსასამართლოს განაჩენის სასამართლოს დიდ პალატაში გასაჩივრება სამი თვის ვადაში შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ სამი თვის ვადაში არც ერთი მხარე არ გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, განაჩენი ძალაში შესულად ჩაითვლება.

 

 

კომენტარები