საერო აღდგომა

ერთი გავრცელებული თქმულების მიხედვით, რომში ახალი რელიგიის გასავრცელებლად ჩასული მარიამ მაგდალინელი იმპერატორ ტიბერიუსს ესტუმრა, კვერცხი მიართვა და ქრისტეს აღდგომა ახარა. წარმართმა მონარქმა ქალს უპასუხა, რომ მიცვალებულის აღდგომა მისთვის ისეთივე დაუჯერებელი იყო, როგორც კვერცხის გაწითლება. ტიბერიუსს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული და კვერცხმაც ფერი იცვალა.

ქრისტიანთა ნაწილს სწამს, რომ სააღდგომო კვერცხის შეღებვის ტრადიციას, სწორედ სასახლის კარზე მომხდარმა სასწაულმა დაუდო საფუძველი. თუმცა  განსხვავებული ვერსიებიც არსებობს.
 
თანამედროვე ქრისტიანულ ტრადიციაში კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა. მას ვნების პარასკევს წითლად ღებავენ, სახლში გაზრდილ ჯეჯილში აწყობენ და კვირას საზეიმოდ ამტვრევენ. ეს ფერი ერთდროულად ქრისტეს მიერ კაცობრიობისთვის დაღვრილ სისხლსა და აღდგომის სიხარულს განასახიერებს. ნაჭუჭი ქრისტეს დახშულ საფლავთან არის დაკავშირებული, მისი გატეხვით მორწმუნეები იესოს საფლავზე ლოდის გადაგორებასა და ჯოჯოხეთის კარიბჭის დამსხვრევას იხსენებენ. 
 
აღდგომას საეკლესიო კალენდარი „დღესასწაულთა დღესასწაულს” უწოდებს და რანგით შობაზე მაღლაც კი აყენებს. თუმცა, როგორც ყველა დიდი რელიგიური დღესასწაული, ისიც ფართო საზოგადოებისთვის ჩვეულებებთან უფრო ასოცირდება, ვიდრე ღამისთევის ლიტურგიასთან ან შინაარსთან. 
 
თანამედროვე საქართველოში, შეღებილი კვერცხი და პასქა, სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია. პასქისგან განსხვავებით, კვერცხი აღდგომის უნივერსალური სიმბოლოა. 
 
მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ საეკლესიო ცხოვრებაში, კვერცხის შეღებვა, წარმართული ტრადიციიდან შემოვიდა და ახალი შინაარსით დამკვიდრდა. ძველი ეგვიპტელების, რომაელების, სპარსელებისა და სხვა უძველესი ხალხების წარმოდგენებში, სამყარო მისი შემქმნელი კოსმიური კვერცხისგან წარმოიშვა. კვერცხი გაზაფხულისა და ნაყოფიერების ინდოევროპულ ქალღმერთ ისტრეს სიმბოლოც იყო. მისი სახელი სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაგვარად გამოითქმოდა, მაგრამ აღდგომის ინგლისური დასახელება, ქალღმერთის სახელის საქსონური ვარიაციიდან მოდის – Easter. ეს მოსაზრება პირველად მეშვიდე საუკუნეში მოღვაწე ანგლოსაქსმა სწავლულმა, ღირსმა ბედემ გამოთქვა.
 
ისტრეს საპატივცემულოდ ევროპაში საგაზაფხულო ფესტივალი იმართებოდა, სადაც კვერცხს ერთ-ერთი უმთავრესი სარიტუალო ფუნქცია ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ ეკლესიამ წარმართული ტრადიციის „გაქრისტიანება” და რწმენის სამსახურში ჩაყენება გადაწყვიტა. თუ ადრე ის გაზაფხულის, ანუ ქვეყნიერების სასწაულებრივი განახლების სიმბოლო იყო – საეკლესიო ცხოვრებაში კაცთა მოდგმის ხელახალ შობასა და სიკვდილზე გამარჯვებას დაუკავშირეს. მეცნიერები შობის დღესასწაულსაც წარმართული დღესასწაულის „მოქცევას” უკავშირებენ. სწორედ ამიტომ ემთხვევა შობისა და მზის წარმართული ფესტივალის თარიღები. წარსულში თაყვანისცემის ობიექტი მნათობი, ქრისტეს ერთ-ერთ სიმბოლოდ წარმოგვიდგა. 
 
მეორე ვერსიით, სააღდგომო კვერცხს წარმართული ფესვები არ აქვს და თავიდანვე ქრისტიანული სიმბოლო იყო. 40-დღიანი მარხვის შემდეგ, მორწმუნეები კვების ჩვეულ რაციონს უბრუნდებიან და რადგან აღდგომა გლოვის დასასრულს ნიშნავს, დროებით აკრძალული საკვების საზეიმო შემკობა ალოგიკური სულაც არ არის. 
 
სხვადასხვა ქვეყანაში კვერცხის მორთულობის განსხვავებული ფორმაა გავრცელებული და წითელ შეფერილობაზე არანაკლებ დატვირთვას ატარებს – ქრისტემ ხომ ცოდვით დაცემულ კაცობრიობას ახალი და სინათლით სავსე სიცოცხლე აჩუქა. მაგალითად, შვედეთში აღდგომას ყვითელი ფერის დღესასწაულსაც ეძახიან და ცდილობენ, ზეიმზე ეს ფერი ჭარბობდეს. მონარქები კვერცხს ოქროთი და ძვირფასი თვლებით ამკობდნენ, ხელმოკლე ოჯახებში კი სხვადასხვა ბუნებრივ საღებავს იყენებდნენ. ძვირად ფასობს მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე იუველირის, კარლ ფაბერჟეს მინიატურული კვერცხები, რომელიც პირველად, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრ მესამემ, მეუღლისთვის შეუკვეთა.
 
თანამედროვე სამყაროში სააღდგომო კვერცხთან დაკავშირებული უამრავი ჩვეულება შემორჩა. ევროპასა და ამერიკაში არსებობს სააღდგომო ცეკვის ტრადიცია: ძველად ახალგაზრდა წყვილებს აცეკვებდნენ დიდ დარბაზში ან მდელოზე, სადაც უამრავი კვერცხი ეყარა. წესი მარტივი იყო – მოძრაობისას არც ერთი მათგანი არ უნდა დაეზიანებინათ. თუ წყვილი ამას მოახერხებდა, მათი ქორწინებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ყველაზე ჯიუტი მშობელიც ვერ შეძლებდა.
 
კიდევ ერთი ტრადიციით, შაბათ ღამით, მშობლები საგანგებოდ მალავენ სხვადასხვა ზომის სააღდგომო კვერცხებს. მაგალითად, 1985 წელს ჯორჯიას შტატში, ქალაქ ჰომერის ქუჩებში 80 ათასი კვერცხი დამალეს, რამაც გარეთ 5 ათასამდე  „კვერცხზე მონადირე” გამოიყვანა. მოვლენა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.
 
ვაშინგტონში, პრეზიდენტის მხარდაჭერით, თეთრ სახლთან მდებარე მინდორზე სააღდგომო კვერცხთან დაკავშირებული თამაშები იმართება. თეთრი სახლის ეზოში მშობლები და ბავშვები იკრიბებიან, რომელთაც პირველი პირი და კურდღლის კოსტიუმში გამოწყობილი მსახიობები ტკბილეულით უმასპინძლდებიან. 
 
დასავლეთში პოპულარულია აღდგომის მეორე სიმბოლო – კურდღელი. ეს ცხოველიც ნაყოფიერების ქალღმერთის სიმბოლო იყო და გამრავლების განსაკუთრებული უნარის გამო ფასობდა. დღეს კურდღელი, კალათაში მოთავსებულ შოკოლადისა და შაქრის ჭრელ კვერცხებთან ერთად, სეზონური გაყიდვების მთავარი გმირია.
 
საქართველოში სამეფო კარზე გამართული სააღდგომო დღესასწაული ვახუშტი ბაგრატიონმა ასე აღწერა: „ხოლო აღდგომის წესი იყო ადრე ნათლებისად წირვა და შემდგომად წირვისა მცირედითა სანოვაგითა ხორცთათა აღიხსნიდიან პირთა მეფე და დიდებულნი. შემდგომად გამოვიდის მეფე და ყოველნი წარჩინებულნი და მცირებულნი ასპარეზსა ზედა და დასვიან სამეფო თასი ოქროსი ანუ ვერცხლისა ყაბახსა ზედა, დაუწყიან სროლა მას თასსა ისარნი მოყმეთა და ჭაბუკთა, და რომელი ჩამოაგდის ისრითა, მას მისციან თასი იგი. შემდგომად ამისა შექმნიან ბურთაობა... ნადიმნი და პურობანი დიდნი მგოსან-სახიობთა”.
 
ამასთან ერთად არსებობდა ტრადიცია – ჭონა, რომელიც არსით ძალიან ჰგავს საშობაო ალილოს. მეჭონეები კარდაკარ დადიოდნენ და კვერცხებს აგროვებდნენ, შეგროვებულით კი ლხინი იმართებოდა. 
 
უკანასკნელ წლებში, ათწლეულების აკრძალვის შემდეგ, საქართველოში მოსახლეობა სააღდგომო ღამისთევაზე მასობრივად დადის და სადღესასწაულო ლიტანიობაში მონაწილეობს. წირვის ბოლოსკენ მრევლს იერუსალიმიდან ჩამოტანილი „წმიდა ცეცხლი” ურიგდება. ორშაბათ საღამოს კი ჭირისუფლები სასაფლაოზე გადიან და შეღებილ კვერცხებს საფლავზე აგორებენ. ეს რიტუალი გვახსენებს, რომ ქრისტეს აღდგომამ არა მხოლოდ ცოცხლები, არამედ მიცვალებულებიც დაიხსნა.

კომენტარები