„სანტა ესპერანსა” – გზა ევროპული ბაზრისაკენ

„...არადა ორჰან ფამუქმა, ევროპულ ბაზარზე, ავტომატურად, დანარჩენი თურქი ავტორებიც გაიყოლა...” – მაგალითი მოჰყავს ნათია მიქელაძე-ბახსოლიანს. ჩვენ თარგმანის მნიშვნელობასა და მის უდიდეს როლზე ვაგრძელებთ საუბარს.

სამწუხაროდ, თანამედროვე ქართული მწერლობა მხოლოდ ლოკალური პრეზენტაციებითა და შიგადაშიგ ასევე ლოკალური სკანდალებით შემოიფარგლება. ქართული წიგნის ინდუსტრიასა და ევროპულ ბაზარს შორის მანძილი კი ჯერ ისევ დიდია. მიზეზი ქსელის არარსებობაა – არ არის თარგმანები და შესაბამისად, ვერც ერთი წიგნის აგენტი ვერ ახერხებს, ქართველი ავტორებით, დასავლური პრესტიჟული გამომცემლობების დაინტერესებას 

ორჰან ფამუქი ტყუილად არ გვიხსენებია. ამ რამდენიმე წლის წინ აკა მორჩილაძის „სანტა ესპერანსას” გერმანულმა თარგმანმა გერმანულენოვან მკითხველში ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, რომ ის მაშინვე „კვირის წიგნად” და ბესტსელერად იქცა. იმედია, ფამუქის შემთხვევის მსგავსად, დასავლურ ბაზარზე ამ წიგნსაც „ავტომატურად” დანარჩენი ქართველი ავტორებით დაინტერესებაც მოჰყვება.
 
აკა მორჩილაძის „სანტა ესპერანსა” გერმანულ-შვეიცარიულმა გამოცემა Pendo-მ რამდენჯერმე გამოსცა. პირველი ორი გამოცემა სრულად გაიყიდა. ამ ორიოდე დღის წინ, Facebook-ზე ქართველი მეგობარი ბერლინიდან, აღფრთოვანებული წერდა თავის სტატუსში „სანტა ესპერანსას” სპეციფიკური ენის შესახებ, რომელიც მშვენივრად შეიგრძნეს გერმანელებმა. ის დედნიდან ერთი ფრაგმენტის გაგზავნას გვთხოვდა, რომ შეედარებინა გერმანულისთვის და გაერკვია „ორიგინალიც ისეთივე მაგარი იყო თუ არა, როგორც გერმანული ტექსტი”. 
 
ამ წარმატებული თარგმანის ავტორი – ნათია მიქელაძე-ბახსოლიანია, გოეთეს ინსტიტუტის კულტურული პროგრამების ასისტენტი.
 „საერთოდ ბავშვობიდან ვთარგმნიდი. დედაჩემი გერმანელია, ამიტომ გერმანული არა სკოლაში, არამედ სახლში – დედასთან ვისწავლე და შემდეგ ლაიფციგის უნივერსიტეტში უკვე კლასიკურ, ლიტერატურულ გერმანულს დავეუფლე. ერთი პერიოდი გაორებაც კი დამეწყო – ჩანაწერების კეთების თუ ფიქრის დროს თანაბრად ვიყენებდი გერმანულსაც და ქართულსაც.  
 
როგორც ჩემი დიდი ბაბუა – გერონტი ქიქოძე იტყოდა, მთარგმნელმა ზუსტად უნდა შეიგრძნოს მწერლის განწყობა, ინტონაცია. მე უნდა წარმომედგინა, როგორ იტყოდა ამა თუ იმ ფრაზას აკა მორჩილაძე გერმანულად. 
 
მახსოვს, ზღვაზე ვკითხულობდი „სანტა ესპერანსას”. რაც უფრო რთულია ტექსტი, უფრო მეტად საინტერესოა მასზე მუშაობა. განსაკუთრებით საგონებელში ჩამაგდო დიალექტმა, რომელიც კონკრეტულად არც სვანური იყო, არც კახური – ეს უფრო აკას მოგონილი დიალექტი იყო ჟარგონების თანხლებით. დედაჩემი საქსონელია. მე გამოსავალს მივაგენი, აკასეული ენა ჩემ მიერ გამოგონილ შვაბურ-გერმანულ-საქსონურ დიალექტზე ვთარგმნე და ვფიქრობ, სწორედ ასე შევინარჩუნე აკას სტილი და მივიტანე ის გერმანელებამდე”, – აღნიშნავს ნათია.
 
სქემა ევროპული ბაზრის თანმიმდევრობის მიხედვით განვითარდა:
 
თავდაპირველად აკა მორჩილაძის ამ ორიგინალურმა ტექსტმა შვეიცარიელი ლიტერატურული აგენტი – რახელ გრაცველდი დააინტერესა, რომელმაც ქართველი ავტორი  Pendo-ს წარუდგინა. „სანტა ესპერანსაში” მოთხრობილ ორიგინალურ ამბავთან და განსაკუთრებულ წერის სტილთან ერთად, დიდი როლი წიგნის დიზაინმა და ორიგინალურმა შეფუთვამ ითამაშა: ნაჭრის ჩანთაში ძველებური ბანქოს ქაღალდებივით ჩაწყობილ 36 რვეულად დაწერილი უჩვეულო ისტორია  Pendo-სთვის მარკეტინგულად მომგებიანი აღმოჩნდა. 
 
„გერმანულ ბაზარზე ქართველი ავტორები ჯერ 1999 წელს გამოჩნდნენ, როცა ნაირა გელაშვილმა გერმანულ ენაზე „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობა” გამოსცა. გასული წლის შემოდგომაზე კი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული პროზის ანთოლოგიის გერმანული თარგმანის პრეზენტაცია შედგა. ვფიქრობ, რომ მათთან ერთად აკა მორჩილაძის „სანტა ესპერანსა”,  ყინულმჭრელია, რომელმაც გზა უნდა გაუკვალოს დანარჩენ ავტორებს ევროპულ ბაზარზე”, – ამბობს ნათია.
 
ამასობაში კი გოეთეს ინსტიტუტში ახალი პროექტისთვის –  LitTransfer-ისთვის ემზადებიან. ეს იქნება 5-დღიანი მთარგმნელობითი ვორქშოპები, რომელიც თავს მოუყრის წიგნის ინდუსტრიისათვის საჭირო რგოლებს – მთარგმნელებს, აგენტებს, გამომცემლებს და საინტერესო თარგმანები შეიქმნება. მით უმეტეს, რომ რამდენიმე წელიწადში, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება, რაც თავისთავად, მაღალი კლასის თარგმანების არსებობის აუცილებლობას გულისხმობს. 

კომენტარები