აფრიკული რეჟიმის ცვლილება ფრანგული აქცენტით

კოტ-დ’ივუარში, სამოქალაქო დაპირისპირების შემდეგ, ვითარება სტაბილური ხდება. 11 აპრილს ახლადარჩეული პრეზიდენტის, ალასან უტარას მომხრე სამხედროებმა, გაეროსა და ფრანგული ჯარების დახმარებით, ქვეყნის ყოფილი ლიდერი, ლორან გბაგბო დააკავეს. ეს უკანასკნელი, არჩევნებში დამარცხების მიუხედავად პოსტის დატოვებას არ აპირებდა. ამან ქვეყანა ოთხთვიან კრიზისამდე მიიყვანა, რამაც ეთნიკურ-რელიგიური დაპირისპირება განაახლა.

საპრეზიდენტო არჩევნები 2010 წლის ნოემბერში ჩატარდა. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გამარჯვება რესპუბლიკელთა გაერთიანების ლიდერს, უტარას ერგო (54%). იგი საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. უტარას 1990-93 წლებში ეკავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. 

რაც შეეხება მეორე კანდიდატს, გბაგბოს, იგი ქვეყნის ლიდერად 2000 წელს აირჩიეს. საპრეზიდენტო ვადა 2005 წელს ამოეწურა, თუმცა, არჩევნები 6-ჯერ გადადო. მიზეზად 2002 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ წარმოქმნილი არასტაბილურობა სახელდებოდა. 
 
უტარას მომხრეებმა (ახალი ძალები – NP) მისი გადადგომის მოთხოვნით, მარტის ბოლოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეტევები წამოიწყეს. დაიკავეს მნიშვნელოვანი კომერციული ქალაქები. აპრილის დასაწყისში კი ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქზე, აბიჯანზეც მიიტანეს იერიში. პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდებისა და მისი დაპატიმრების შემდეგ ამბოხებულებს საბოლოო გამარჯვება ხვდათ წილად. 
 
ფოტო: REUTERS ©
ყოფილი პრეზიდენტი ლორან გბაგბო
აქამდე პოლიტიკური ძალაუფლება სამხრეთში იყო კონცენტრირებული. მის ცენტრს აბიჯანი წარმოადგენდა. რეგიონი ქრისტიანებითაა დასახლებული და ტრადიციულად ქვეყნის სიმდიდრე მათ ხელშია. ჩრდილოეთ ნაწილში მოსახლეობის უმრავლესობას კი მუსლიმები წარმოადგენენ. მათი დიდი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ლტოლვილები არიან. ისინი თავს კაკაოსა და ყავის პლანტაციებში მუშაობით ირჩენენ. 
1960 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კოტ-დ’ივუარში ეთნიკური და რელიგიური ნიშნით მოსახლეობის დაპირისპირება არ შეინიშნებოდა. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში, ჰენრი ბედის მიერ ჩრდილოეთში მცხოვრები მუსლიმების მიმართ გატარებული დისკრიმინაციული პოლიტიკის გამო, ვითარება შეიცვალა. დაიწყო პოლიტიკური და სამხედრო დაპირისპირებები. არეულობისას მუსლიმებს ეთნიკურ-რელიგიური ნიშნით დევნიდნენ. ამასთან ერთად, მათ წარმომადგენელს, უტარას 2000 წლის არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. მუსლიმებმა სამხედრო გზით სცადეს ვითარების გამოსწორება, თუმცა 2002 წელს გადატრიალების მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.
 
უშუალოდ მისი ჯარისკაცების მიერ გბაგბოს შეპყრობის შესახებ გავრცელებულ ხმებს, ოფიციალური პარიზი უარყოფს.
მთავრობის მომხრე უშიშროების ძალებისა და მეამბოხეთა დაჯგუფებების დაპირიპირებას კოტ-დ’ივუარის არაოფიციალურად ორად გაყოფა მოჰყვა. 2004 წელს შეტაკებების შეწყვეტის შემდეგ, ჩრდილოეთით შექმნილ ნეიტრალურ ზონაში გაეროს მშვიდობისმყოფელები და საფრანგეთის სამხედროები განთავსდნენ. ძალაუფლების გაყოფის მაშინდელი შეთანხმების მიხედვით, ახალ მთავრობას ამბოხებულთა ლიდერი, გიომ სორო ჩაუდგა სათავეში. მუსლიმების წარმომადგენლებმა რამდენიმე მინისტრის პოსტიც დაიკავეს. ამას ამბოხებულების მხრიდან განიარაღება მოჰყვა. ჩრდილოეთ რეგიონზე თანდათან სახელმწიფოს კონტროლი მყარდებოდა. თუმცა 2010 წლის არჩევნები ეთნიკური შუღლის განახლების საბაბი გახდა.
 
ფოტო: REUTERS ©
პრეზიდენტ ალასან უტარას მომხრე სამხედროები
პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ქვეყნის ეკონომიკაზეც იმოქმედა. თუ 1990-იან წლებში, ბაზრის ლიბერალიზაციისა და რეფორმების ფონზე კოტ-დ’ივუარში ეკონომიკური წინსვლა შეინიშნებოდა, დღეს ვითარება შეცვლილია. ქვეყანა, Heritage Foundation-ის 2011 წლის მონაცემებით, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში 122-ე ადგილს იკავებს. Transparency International-ის კორუქციის ინდექსის მიხედვით კი 180 სახელმწიფოს შორის 154-ე ადგილზეა. Freedom House ქვეყანას  „არათავისუფალ” კატეგორიაში ათავსებს. 
 
კოტ-დ’ივუარში, ლიბიის მსგავსად, საერთაშორისო სამხედრო ჩარევა გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატით მოხდა. საფრანგეთი ამ შემთხვევაშიც აქტიურობდა – კოტ-დ’ივუარში 300 სამხედრო  შეიყვანა. ამბოხებულებს ჯავშანტრანსპორტიორთა ოცდაათი დანაყოფით დაეხმარა. თუმცა, უშუალოდ მისი ჯარისკაცების მიერ გბაგბოს შეპყრობის შესახებ გავრცელებულ ხმებს, ოფიციალური პარიზი უარყოფს.  
 
ვითარების დარეგულირება რეგიონული უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. არსებობდა მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტის გავრცელების საფრთხეც  – სიერა ლეონესა და ლიბერიაში სამოქალაქო ომები ახლახან დასრულდა.
 
წელს რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში არჩევნებია დაგეგმილი. კოტ-დ’ივუარის არჩევნების გამოცდილება მათთვის მნიშვნელოვანი იქნება. 

კომენტარები