46 წლის სეტ ფრიდმენი უმუშევარია. ხუთი თვის წინ ბროკპორტის ფოსტიდან გაათავისუფლეს. სეტს უყვარდა ამანათების ჩამორიგება. ეს პროფესია მამამისისგან მიიღო. ფოსტის ბოსებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ სეტი ოთხდოლარიან ღვინოსთანაც მეგობრობდა და როდესაც ერთ-ერთი უნდა აერჩია, თვალი ლა ბოკას ჩაუკრა. შემდეგ, ორჯერ, ამანათის დანიშნულების ადგილი შეეშალა. 78 წლის ქალბატონს ბეისბოლის ყოველწლიური ჟურნალი მიუტანა და 22 წლის რედ სოქსის ბოროტ ფანს – კულინარიის ენციკლოპედიის სამტომეული. სეტი ნიუ იორკში დაიბადა, ნიუ იორკის მეტროს არომატში გაიზარდა და ბროკპორტში ნიუ იორკის მოგონებებით იძინებდა. ბოლო თვეებში 17 წლის ბიორნს დაუმეგობრდა. ბიორნ ფრიდმენი სეტის შვილია.
სეტი ლოგინზე ჩამოჯდა. აკრიფა ბარათები. დენის ეკერსლი, ხოსე კანსეკო, ხავიერ ვასკესი, დონ მატინგლი, რეი ბურკი, ბობი პერიში, ჩარლზ ბარკლი, ვინი დელ ნეგრო, ჯიმი არიასის ავტოგრაფი ჯეი ბერგერის ფოტოზე. როჯი? როჯი, როჯი... კლემენსის ბარათი ბიორნმა ლუი ბუსენარის ნოველების კრებულში სარჩევად ჩადო. როჯი თბილად არის. იქვეა 1994 წლის ოქროს შაიბაც, შაიბა, რომელიც რეინჯერსმა იმ სეზონში ბოლოჯერ შეუგდო მეტოქეს.
სეტი ლოგინზე ჩამოჯდა. აკრიფა ბარათები. დენის ეკერსლი, ხოსე კანსეკო, ხავიერ ვასკესი, დონ მატინგლი, რეი ბურკი, ბობი პერიში, ჩარლზ ბარკლი, ვინი დელ ნეგრო, ჯიმი არიასის ავტოგრაფი ჯეი ბერგერის ფოტოზე. როჯი? როჯი, როჯი... კლემენსის ბარათი ბიორნმა ლუი ბუსენარის ნოველების კრებულში სარჩევად ჩადო. როჯი თბილად არის. იქვეა 1994 წლის ოქროს შაიბაც, შაიბა, რომელიც რეინჯერსმა იმ სეზონში ბოლოჯერ შეუგდო მეტოქეს.
ყოველ საღამოს სეტი ბიორნს ნიუ იორკის ამბებს უყვება. დღეს ბევრი მოგონების მარანი გაიხსნება. სეტი ყველაზე დიდ კაპიტნებზე გაიხსენებს საინტერესო ამბებს. არა მხოლოდ ნიუ იორკის, ამერიკული ლიგების კაპიტნების ამბებს. შვილს ცისფერი პლედი გვერდებში შეუკეცა, მიწის თხილი მწვანე თეფშზე დაყარა და დაიწყო.
„იანკისში დერეკ ჯიტერმა მოგვცა ყველაფერი. ტრადიციას მოაშორა მტვერი და ჩვენი გუნდი ისევ ყველაზე კარგი, განუმეორებელი გახდა. იანკისი ჯიტერმა დაგვიბრუნა და როჯთან, მარიანო რივერასთან ერთად გვითხრა, რომ წარუმატებლობის დრო მორჩა.
ლარი ბერდმა ჩვენი ნიქსი გალახა, ლარის ნიუ იორკში ჩამოხრჩობას უპირებდნენ და ლარის ნიუ იორკში დიდ პატივს სცემდნენ. ის დიდი კაპიტანი იყო.
ბიორნ, ყველაზე დიდი კაპიტანი რეინჯერსს გვყავდა.
იცი, რას ვერ დავივიწყებ? ის კაცი 1994-ში, დევილზთან სერიის მეექვსე შეხვედრის წინ, ბრიფინგზე მთელ ნიუ იორკს მიმართავს. ყველას მიმართავს. ჰამბურგერების გამყიდველს, ქალაქის მერს, რუდი ჯულიანის, მანჰეტენის მეძავების ასოციაციის სპიკერს, სპაიკ ლის, პატრიკ იუინგს, მე, დედაშენს, დედაშენის იდიოტ მამას და შენც. ყველას. მარკმა თქვა, სერიას მოვიგებთ და სტენლის თასს თქვენ, ნიუ იორკელებს ჩამოგიტანთო. შემდეგ მარტინ ბროდოს სამი შაიბა გაუტანა, დევილზი გავაგდეთ, ფინალში კაპიტანმა იმ არანორმალური რუსის (პაველ ბურეს) ვანკუვერს მოუგო და ნიუ იორკს გაუღიმა. სახის ძვალი გაუტეხეს და კაპიტანმა მაინც ღიმილი გვაჩუქა. თბილი, ტკივილით და ბევრი ნაკერით გამთბარი ღიმილი. კაპიტანმა თქვა და შეასრულა. იცი, ბიორნ? კაპიტნები განსაკუთრებულები არიან. რეინჯერსს განსაკუთრებულებში ერთადერთი განსაკუთრებული კაპიტანი გვყავდა.
31 მარტს დედაშენი ჩემი ცოლი გახდა. არ უნდა გამხდარიყო და გახდა. და იმავე დღეს, ოღონდ 2004-ში, კაპიტანი წავიდა. არ უნდა წასულიყო და წავიდა. ნიუ იორკი მოწესრიგდა, ახალი პერანგი და კეპი მოიხდინა, გაისწორა თმა. ნიუ იორკმა კაპიტანს მადლობა გადაუხადა. სიჩუმით გადაუხადა. ნიუ იორკმა კაპიტანი გაიხსენა და გააცილა. კაპიტანი ჯერ ედმონტონში იყო. ერთმა უზრდელმა ბიჭმა, ჯეიმი მაკკოუნმა ედმონტონის ფანებს პროვინციელი უვიცები უწოდა. მეორე დღეს კაპიტანმა მაკკოუნს, რომელიც კალგარიში ძველბიჭობდა და ამაში დიდ ფულს იღებდა, ნიკაპი გაუტეხა. კაპიტანმა ედმონტონი დაიცვა. შემდეგ ჩვენთან გადმოვიდა და სტენლის თასი მოგვიტანა.
კაპიტანი, ანუ მარკი მიდის თეთრ სახლში და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე წონადი პერსონაა.
მარკი მიდის კლინტ ისტვუდის ფილმის პრეზენტაციაზე და მორგან ფრიმენზე მეტ ავტოგრაფს არიგებს.
მარკი მიდის ქიდ როკის ლაივზე და ცელქ, ნიჭიერ მუსიკოსს რეინჯერსის კეპს მედიატორში უცვლის. მარკი როკზე როკია.
მარკი მიდის მაკდონალდსში და ყველაზე დიდი მაკია.
მარკი ორ გუნდში გრეცკისთან ერთად აგროვებს ყინულის მტვერს და ორივე გუნდში მარკი გრეცკიზე დიდია.
მარკმა კანადის ნაკრებში კანადის თასი მოიგო. მაშინ მარკი მთელი კანადა იყო. მარკზე ბევრი შაიბა მარიო ლემიემ გაიტანა, უფრო მეტი პასი გრეცკიმ გააკეთა. უბრალოდ, ბოლო VS-ში მარკმა სერგეი მაკაროვი რომ დააგდო, საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერი ყინულზე შეშინებული გადიოდა.
მარკი ორჯერ გახდა სეზონის MVP და ყველა სეზონში თავისი გუნდის MVP იყო. მარკმა კანადას ტრადიცია და კანადა დაუბრუნა. დეტროიტის და ნიუ იორკის დომინაცია მესიეს და გრეცკის ძმაკაცობამ გაახუნა. მესიე განსაკუთრებული იყო. განსაკუთრებული კაპიტანი განსაკუთრებული ფანებისთვის.
მარკი იყო კანადის, ჩვენი კაპიტანი”.
– მამა, კაპიტანთან, გვერდით, მეორე რომ დგას, რატომ ტირის?
– ბიორნ, ისიც დიდი მოთამაშე იყო. უბრალოდ, კაპიტანი არ ყოფილა. მხოლოდ უეინ გრეცკი იყო. უეინი და კაპიტანი ერთად გაიზარდნენ. კარგი, უკვე გვიანია, დაიძინე.
ბიორნმა რეინჯერსის კეპი მოიხსნა. საწოლთან დადო. მამამ კარი გამოიხურა. პოსტერიდან ბიორნს კაპიტანი უყურებს. ყველაზე დიდი კაპიტანი კაპიტნებში, ნიუ იორკში, ჯულიანის ცირკში. პოსტერიდან ბიორნს მარკ მესიე უყურებს. ედმონტონში მესიე ხუთჯერ გახდა ჩემპიონი, შემდეგ წავიდა რეინჯერსში და ისევ პირველი კაცი გახდა. გრეცკიმ 2004 წლის 31 მარტს მარკს მადლობა გადაუხადა. ერთგულებისთვის და სიმართლისთვის. მარკი სულ მართალი იყო. მარკმა გრეცკის გარეშე დარჩენილ, დაბნეულ ედმონტონს ტვიდის პიჯაკი მოახურა, გაათბო და 1990-ში ედმონტონი ჩემპიონი გახდა. მარკი სულ იგებდა.
ბიორნ ფრიდმენს შარშან, ლეიკემიამ მოუგო. უსამართლოდ მოუგო. ლეიქსაიდის ჰოსპიტალში მოუგო. ახალ ყინულზე ბიორნი რეინჯერსის ლურჯი მაისურით გავა. ზურგზე პოპულარული, სანდო წარწერით – MESSIER.
კაპიტანი ჰოკეიდან წავიდა. ბიორნმა სამოთხის კარზე კაპიტნის მაისურით დააკაკუნა. ვიღაცამ ურდული უნდა გადაწიოს და ჭიშკარი შეაღოს. სეტ ფრიდმენი მეორედ დაბერდა.




