რაციო და ემოცია კატალონიურ ნაციონალიზმში

2011 წლის დასაწყისში, ბასკურმა რადიკალურმა დაჯგუფება ETA-მ,  შეიარაღებული ბრძოლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებულ განცხადებაში, ორგანიზაციამ პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი პოზიციების დაცვის მზადყოფნა გამოთქვა. ETA-ს მთავარი მიზანი ბასკეთის დამოუკიდებლობაა. 1960 წლიდან დღემდე, ETA-ს მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ აქტებს, 857 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ETA-ს „აღიარებული მარცხის” შემდეგ, ანალიტიკოსთა ყურადღების ცენტრში ესპანეთის მეორე პრობლემური რეგიონი, კატალონია მოექცა. 
 
კატალონიელებმა, ბასკებისაგან განსხვავებით, თვითგამორკვევისათვის ბრძოლაში, თავიდანვე განსხვავებული გზა აირჩიეს. თუკი ბასკების ძირითადი იარაღი ტერორი და ძალადობა იყო, კატალონიელები ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და „კატალონიური ცნობიერების” ჩამოყალიბებაზე ზრუნავდნენ. ამის ნათელი მაგალითი ლინგვისტური პოლიტიკაა, რომელსაც კატალონიის ადგილობრივი მთავრობა ატარებდა. ყოფილი პრეზიდენტის, ხუან მარაგალის განცხადებით, „კატალონიური ენა კატალონიის დნმ-ია”. ლინგვისტურმა პოლიტიკამ კონკრეტული შედეგი გამოიღო: თუკი მეოცე საუკუნის ბოლოს კატალონიის მოსახლეობის დაახლოებით 70% ესპანელად თვლიდა თავს ან როგორც ესპანელად, ასევე კატალონიელად,  2007 წლის კვლევის მონაცემებით, ასეთი ადამიანების რიცხვი 50%-მდე შემცირდა. მოსახლეობის დანარჩენი 50% თავს უფრო კატალონიელად, ვიდრე ესპანელად (30%), ან მხოლოდ კატალონიელად (20%) მიიჩნევს.
 
კატალონიელებმა, სხვადასხვა დროს, შეიძინეს დამოუკიდებლობის ატრიბუტები: კონსტიტუცია XV საუკუნეში, პარლამენტი – XX-ში. მას უძველესი ენა და თვითმყოფადი კულტურა გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მოცულობით, კატალონია, ბევრ ევროპულ სახელმწიფოს არ ჩამოუვარდება. 
 
კატალონიურ ნაციონალიზმს ხშირად, როგორც ემოციურს, ისე ახასიათებენ. ამბობენ, რომ ის ეფუძნება იდენტურობას და თვითმყოფადობის შენარჩუნებისაკენაა მიმართული. 
 
თუმცა არსებობს მოსაზრება მათი ნაციონალიზმის რაციონალური საწყისების შესახებ, რაც საფუძველს მოკლებული არ არის.
 
კატალონია ერთ-ერთია იმ 17 ავტონომიური ერთეულიდან, რომლებიც ესპანეთის სამეფოში შედის. განვითარებულ რეგიონებს, ნაკლებად განვითარებული რეგიონების „ხარჯების საკუთარ თავზე აღება” უწევთ. შესაბამისად კატალონიას, რომელიც სხვა რეგიონებთან შედარებით, საგრძნობლად განვითარებულია, ცენტრალური ხელისუფლება გადასახადების გზით „ავალდებულებს” სხვა რეგიონებს სუბსიდირება გაუწიოს. Esquerra Republicana de Catalunya – მემარცხენე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხოსე ჰუგეტი, მადრიდის მიერ დაწესებულ გადასახადებს ცუნამის ადარებს და ამბობს, რომ „ეს ყოველწლიურად კატალონიელებს იმაზე სამჯერ მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე მიწისძვრამ მიაყენა იაპონელებს”. სწორედ ამიტომაც, დღეს დამოუკიდებლობა პრაგმატული საკითხია და არა მხოლოდ იდენტურობის.
 
თუმცა აქვე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი ჩნდება: რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ესპანეთისგან გამოყოფას? დღეს პოლიტიკოსებს შეუძლიათ ყველა უბედურება ცენტრს – მადრიდს დააბრალონ. 
 
ვერაღმოფხვრილი ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ცენტრსა და რეგიონს შორის, ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვაა მოსალოდნელი. შესაძლებელია დაძაბულობამ ფართო მასებიც მოიცვას. ბასკეთისგან განსხვავებით, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ თუკი ბასკეთში ხელისუფლებაში ორი ცენტრისტული პარტიაა გაერთიანებული ნაციონალისტური ოპოზიციის წინააღმდეგ, კატალონიაში ძირითადი ძალაუფლების მპყრობელი პარტიები სწორედ ნაციონალისტები არიან

კომენტარები