უწიგნ(ურ)ობა?

კარგი წიგნის წაკითხვა ისევე რთულია, როგორც კარგი წიგნის დაწერაო – თუკი ორივე მათგანს პრობლემის ჭრილში განვიხილავთ, მივხვდებით, რომ ქართულ ლიტერატურულ სივრცეში არც ერთსა და არც მეორეს, ბედი არ სწყალობს. ”მავანნი და მავანნი” იტყვიან, რომ ქვეყანა პატარაა – კარგი წიგნიცა და კარგი მკითხველიც ცოტაა და ეს ლოგიკურია. ყურადღების მიღმა, ნებით თუ უნებლიეთ დარჩენილი მიზეზები კი მრავალწახნაგოვანია, მაგალითად ასეთი:

„–მაინც რამდენი წიგნი გექნება წაკითხული?
–მე ჯერ ვიბნევი და მერე ხუმრობით ვპასუხობ: – 20
– ვაჰ, ასე ცოტა? ეტყობა, სქელი წიგნები იყო.
– კი. ყველა სქელი იყო, – ვეუბნები მე.
და ისიც იჯერებს. იჯერებს აბსურდს, რომ მხოლოდ 20 წიგნი მაქვს წაკითხული, სამაგიეროდ ,,სქელები”.

და ასეთიც:

“ – მათხოვე რა რამე კაი წიგნი, „ოღონდ ისეთი, ბევრი დიალოგები რომ იყოს“.
– ჰო, რა. უცებ რომ ჩავიკითხო“.


ახალგაზრდა ბლოგერი “ანინა” საკუთარ თაობაში “უწიგნ(ურ)ობაზე” დაუფარავად საუბრობს. როგორც ჩანს, გამონაკლისების გათვალისწინებით, ეს ახალგაზრდებშიც პრობლემას წარმოადგენს. მისი პირველწყაროს გამოვლენის ჩვენეული მცდელობა, არცთუ უშედეგოდ დასრულდა. ის, ლოგიკურად, პოპულარული წიგნის მაღაზიების, გამომცემლობების რეიტინგითა და ბესტსელერების ძიებით დაიწყო.

წიგნის მაღაზიათა ქსელ პარნასს დიდი ისტორია აქვს – 2002 წლიდან დღემდე ამ სფეროში აქტიურად ფუნქციონირებს. ეს იყო საქართველოში პირველი, თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე წიგნის მაღაზია, რომელიც კონკურენტების გამოჩენამდე, დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა, როგორც წესი, ასეთი ტიპის მაღაზია ერთგულ მომხმარებელს ყოველთვის ინარჩუნებს. გაყიდვები წლების მანძილზე საგრძნობლად არ იცვლება. ლიტერატორ გიორგი კეკელიძისთვის გასაკვირი არ ყოფილა პარნასის 2010 წლის ბესტსელერების სია, სადაც პირველ, მეორე და მესამე ადგილს – 1. ნიკო გომელაურის პოეზია –“უბის ლექსები”, 2. ემილი ბრონტეს “ქარიშხლიანი უღელტეხილი” და 3. რონალდ ასმუსის “მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა” – ინაწილებენ. მისი აზრით, ქართული წიგნის ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით, ეს მონაცემები ლოგიკურია: როგორც წესი, წინა პლანზე არიან ის ქართული თუ უცხოელი ავტორები, რომლებსაც მკითხველი პოპულარული მედიების საშუალებით იცნობს, ან თეატრსა თუ კინოში მათი ნაწარმოების ინსცენირება მოხდა. პოეზიის აუტსაიდერობაც არ გახლავთ სენსაცია, როგორც წესი, ლექსების კრებული თუ გაიყიდება, მხოლოდ ავტორის და არა ტექსტების ,,ხათრით''. ავტორი კი ტელესახე ან ახალგარდაცვლილი უნდა იყოს. გიორგისთვის ნებისმიერი ობიექტური სტატისტიკა მისაღებია, ,,როგორც ფაქტი, თუმცა კორექტივის შეტანის სურვილი ყოველთვის აქვს”.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ მოწოდებული 2010 წლის ბესტსელერები (1. „ჯინსების თაობა“ – დათო ტურაშვილი, 2. „ბინდი“ – სტეფანი მეიერი, 3. „ახალი მთვარე“ –სტეფანი მეიერი, 4. „ალქიმიკოსი“ – პაულო კოელიო, 5. „ჩვენი ენა ქართული“, 6.“ რიო პედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი“ – პაულო კოელიო, 7. „ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა“ – პაულო კოელიო, 8. „თერთმეტი წუთი“ – პაულო კოელიო, 9. „ეშმაკი და ქალბატონი პრიმი“ –პაულო კოელიო, 10. „დაბნელება“ – სტეფანი მეიერი) მალხაზ ხარბედიასთვის ზუსტად ასახავს დღევანდელ რეალობას – ,,ის, რომ პირველ 10-ეულში მხოლოდ მასობრივი ლიტერატურა მოხვდა, ნორმალურია, ქართველი მკითხველი ნელ-ნელა თავისუფლდება კომპლექსებისაგან და სწრაფი მოხმარების წიგნებსაც ეტანება. არაფრის კითხვას, კოელიოს კითხვა ნამდვილად სჯობს”.

საინტერესოა თუ ვინ ქმნის საქართველოში ლიტერატურულ ამინდს – გამომცემლობები, ვისი ინიციატივითაც ესა თუ ის ნაწარმოები ქართულ ენაზე ითარგმნება და წიგნის მაღაზიების თაროებზე იდება, თუ მკითხველი, რომლის მოთხოვნის შესაბამისადაც ესა თუ ის წიგნი იყიდება... ამ შემთხვევაშიც “უწიგნურობა-უწიგნობის” სუბსტანციას ვერ გავცდით. მაშინ, როცა მკითხველი ხარისხიანად თარგმნილი ლიტერატურის არარსებობას უჩივის, რეალიზატორების აზრით, საქმე წიგნებისადმი ინტერესის სიმცირეს ეხება. გიორგი კეკელიძე მეტ პასუხისმგებლობას იმ გამომცემლობებსა და წიგნის მაღაზიებს აკისრებს, ვისაც დღეისათვის ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. “გასათვალისწინებელია ტრადიციული მედია და ნაწილობრივ, ინტერნეტსივრცე. როგორც წესი, მკითხველი იღებს იმას, რასაც სთავაზობ”. გამომცემლობამ “პალიტრა ელი” 2010 წელს თავის მკითხველს შესთავაზა პროზის საგანძურიდან გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“; დიდი მხატვრების სერია: ვან გოგი, ფიროსმანი, გოგენი და სხვა, და ქართველი “წიგნომანისთვის” ყველაზე უფრო საკითხავი “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" (ბალზაკის ,,შაგრენის ტყავი", ჯეკ ლონდონის ,,მარტინ იდენი" და ა.შ.) აღნიშნულ ნაწარმოებთა ლიტერატურულ ფასეულობაზე არავინ დაობს, თუმცა საკითხავია, მათი ფასეულობა გამოცემული წიგნების ხარისხს რამდენად შეესაბამება. ახალი წიგნის გადაფურცვლისას არომატი უცვლელი რჩება, თუმცა ფურცლები დღითი დღე ფერმკრთალდება და თხელდება.

მონაცემებში ცოტაა თანამედროვე უცხოური ლიტერატურა, ასევე ნაწარმოებები, რაც დღეს მსოფლიოში აქტუალურია და თანამედროვე საიტების რეიტინგებში ლიდერობს. საქართველოში მათ შესახებ ცოტამ თუ იცის. დასავლური ტენდენციების შესაბამისი წიგნის პოპულარობა ჩვენს ქვეყანაში იშვიათი ამბავია. მალხაზ ხარბედიას აზრით, „ამაზონის ბესტსელერები ვერც ვერასდროს იქნება საქართველოში პოპულარული. აქ არავის აინტერესებს სარა პეილინის ან მიშელ ობამას პირადი ცხოვრება“. გამოდის, რომ საქმე ინტერესთა რადიკალურ სხვაობას ეხება, თუმცა ისეთ პირობებში, როდესაც ქვეყანა დასავლურ რელსებზე გადასვლას აქტიურად ცდილობს, უცხოურ ბესტსელერთა სიიდან, ქართულ ათეულში თუნდაც ერთ-ერთის მოხვედრა, ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა. საამისოდ ლიტერატორებს თავიანთი, უწყინარი რეცეპტები აქვთ. გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, რომ უპირველ ყოვლისა, გამომცემლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. თუმცა დასძენს, რომ „არის სხვადასხვა ხელისშემშლელი ნიუანსიც: ძალიან რთულია იმ ავტორთა გამოცემაზე რისკის გაწევა, რომელთაც შეიძლება საზღვარგარეთ დიდი რეზონანსი აქვთ, მაგრამ ჩვენთან არ იცნობენ. ამას დამატებითი პიარ-აქციები სჭირდება. მეორეც – პოპულარობა და კარგი გაყიდვები ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში წიგნი, რომელიც რელიგიურ თემატიკას სკანდალური კუთხით ეხება, შეიძლება ძალიან ცნობილი გახდეს, ყველა მასზე საუბრობდეს, გაყიდვები კი პოპულარობის შესაბამისი არ იყოს“.

ის, რომ დღეს ქართული წიგნის ბაზარზე სასკოლო ლიტერატურა და საბავშვო წიგნები ყველაზე უფრო იყიდება – ფაქტია. იმედია, ფერადი, ლამაზად შეფუთული წიგნი მხოლოდ საატრიბუტო ფუნქციას არ ასრულებს და ეს ყველაფერი, მომავალ თაობაში კითხვის მოყვარული საზოგადოების ჩანასახზე მეტყველებს. თუკი ეს ასეა, მაშ ისეთი საგანგაშოც არაფერი ყოფილა.

კომენტარები