დემონსტრანტები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ

ხორვატიაში უკმაყოფილო მოსახლეობა, უკვე ორი თვეა, ქუჩაშია გამოსული. დემონსტრანტები ცენტრისტულ-მემარჯვენე მთავრობას კორუფციასა და რეფორმების არასრულყოფილად განხორციელებაში ადანაშაულებენ. მთავრობა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მათი მტკიცებით, არასტაბილურობა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივებზე უარყოფითად აისახება.

დემონსტრაციები 22 თებერვალს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში პერმანენტულად ტარდებოდა. გამოსვლების ორგანიზება სოციალური ქსელის, Facebook-ის საშუალებით ხერხდებოდა. მომიტინგეები კორუფციისა და ეკონომიკური პრობლემების მოუგვარებლობის გამო, მთავარი პოლიტიკური პარტიის (ხორვატიის დემოკრატიული პარტია) ლიდერის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იადრანკა კოსორის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. თუმცა დემონსტრაციების უკან არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ დგას. ქუჩაში გამოსულები პრეტენზიას ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ გამოხატავენ.
 
ფოტო: Reuters ©
ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის წინაშეა. უმუშევრობამ 20%-ს მიაღწია. სიღარიბის დონე 17%-ია. ბიუჯეტი, უზარმაზარი საჯარო სექტორის გამო, დეფიციტურია. საგარეო ვალი 59,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2011 წლის Freedom House-ის მონაცემების მიხედვით, ხორვატიის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი 61,1-ია, რითაც იგი 86-ე ადგილს იკავებს. წინა წელთან შედარებით მისი მაჩვენებელი 10 ქულით გაუმჯობესდა, მაგრამ მონაცემები კვლავაც ჩამორჩება რეგიონის საშუალო მაჩვენებელს. ახალმა მთავრობამ განახორციელა სტრუქტურული რეფორმები, წაახალისა კერძო სექტორი, ქვეყანა უფრო გახსნილია მსოფლიო ვაჭრობის მიმართ. თუმცა, სახელმწიფო, ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორებში კვლავაც ერევა. დღემდე 30 სახის პროდუქტზე ფასების ცვლილება მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს ნებართვითაა შესაძლებელი. ხორვატია რეგიონის ქვეყნებს პრივატიზაციისა და კონკურენტული გარემოს დონით ჩამორჩება. 
 
საგანგაშოა ინსტიტუციური კორუფციის დონეც. მოსახლეობა მმართველ პარტიას კორუფციაში ადანაშაულებს. Transparancy International-ის მონაცემებით, ხორვატია 180 ქვეყანას შორის კორუფციის დონით 66-ე ადგილს იკავებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით შემდეგ სექტორებში შეინიშნება: სასამართლო და ჯანდაცვის სისტემა, ადგილობრივი მმართველობა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და საჯარო ადმინისტრაცია. ასეთი გარემო მოსახლეობის იმედგაცრუებასა და სკეპტიციზმს განაპირობებს. 2010 წლის Herald Agency-ის გამოკითხვებით, მოსახლეობის 15% კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობებს უშედეგოდ მიიჩნევს. ხორვატების 76%-ის აზრით, პოლიტიკოსები ორგანიზაციულ დანაშაულში უშუალოდ არიან გარეულნი. 
 
ფოტო: Reuters ©
აღნიშნული პრობლემები მთავრობისთვის უცხო არაა. იადრანკა კოსორმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ მთავარ ამოცანად კორუფციასთან ბრძოლა დასახა – დააკავეს ყოფილი მაღალჩინოსნები: პრემიერ-მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრი და რამდენიმე სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი კომპანიის ხელმძღვანელი. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მოჰყვა ყოფილი პრემიერისა და კოსორის მენტორის ავსტრიაში დაკავებაც. მას ბრალად ფულის გათეთრება, მითვისება და თანამდებობის ბოროტად გამოყენება (გარკვეული კომპანიებისთვის ელექტროენერგიის იაფად მიყიდვა) წაუყენეს.  კორუფციასთან ბრძოლა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთანაცაა დაკავშირებული. ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი სწორედ ამ გაერთიანებაში შესვლაა. ზაგრები ივნისისთვის ელოდება წევრობის შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასრულებას, რაც 2013 წლისთვის უკვე გაერთიანებაში შესვლას განაპირობებს. მთავრობისთვის მომდევნო ოთხ თვეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ქვეყანაში მომდევნო არჩევნები წლის ბოლოსთვის ან მომდევნო წლის დასაწყისში იგეგმება. ევროკავშირთან წარმატებული მოლაპარაკებები კი ამომრჩეველთა გულის მოგების უმთავრესი მექანიზმია. ამასთანავე, ევროგაერთიანების პრეზიდენტი ივნისამდე მისი მეზობელი უნგრეთია. 
 
პრემიერ-მინისტრი ადრეული არჩევნების დანიშვნაზე უარს აცხადებს. კენჭისყრა 2011 წლის ბოლოს ან 2012 წლის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი. უკმაყოფილო მოსახლეობა კი აქციების გაგრძელებას აპირებს. გამოკითხვების მიხედვით, ხორვატების 70% დემონსტრაციების გამართვას ემხრობა, 60% კი ადრეული კენჭისყრის დანიშვნას ითხოვს

კომენტარები