ფუკუშიმას რადიაციული გამოსხივების დონე ჩერნობილის 10 პროცენტს შეადგენს

იაპონიის ხელისუფლებამ მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურ ფუკუშიმა-1-ზე  საფრთხის დონე მაქსიმუმამდე გაზარდა. ატომურ შემთხვევათა შვიდდანაყოფიან შკალაზე იაპონიის ატომური ელექტროსადგურის დაზიანების შედეგად შექმნილმა საფრთხემ უკვე მეშვიდე დონემდე აიწია. ბოლოს  ამ სისტემით მაქსიმალურ საფრთხედ ჩერნობილში 1986 წელს მომხდარი კატასტროფა შეაფასეს.

იაპონიის ბირთვული უსაფრთხოების კომისიის წარმომადგენლების თქმით, ფუკუსიმა 1-ზე საფრთხის დონის მაქსიმუმამდე აწევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რადიაციული დასხივების ნიშნები ჰაერში, ბოსნეულში, სასმელ წყალსა და ოკეანის წყალში აღმოაჩინეს. თუმცა, მათი თქმით, იაპონიის ატომურ ელექტროსადგურზე გაჟონილი რადიაციის დონის ჩერნობილთან შედარება ”ჯერჯერობით ნაადრევია.”  მათი განცხადებით, ფუკუშიმას ელექტროსადგურზე გამოყოფილი რადიაციული გამოსხივების დონე ჩერნობილში მომხდარი კატასტროფის დროს გამოყოფილ რადიაციული გამოსხივების მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს.

ამასთანავე, იაპონიის ხელისუფლებამ ფუკუსიმას ელექტროსადგურის გარშემო ევაკუაციის ზონა გაზარდა. დღეიდან 20-კილომეტრიანი რადიუსის საევაკუაციო ზონას კიდევ ხუთი დასახლებული პუნქტი შეუერთდა.

რიხტერის შკალით 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში 11 მარტს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებს და მისგან გამოწვეულ ცუნამის, ბოლო მონაცემებით, 13, 219 ადამიანი ემსხვერპლა, 14, 274 კი დაკარგულად ითვლება. 

კომენტარები