შეშლილი დენისი

რთულია იყო პოპულარული და უფრო რთულია ამ პოპულარობის შენარჩუნება. რთულია იყო პოპულარული და უფრო რთულია ამ პოპულარობის შენიღბვა. რთულია იყო ჩიკაგოში და ილინოისის ყველაზე პრესტიჟულ ღამის კლუბში ქალის საცვლის ჩვენებაზე ქალის საცვალში გამოხვიდე. რთულია სხვისთვის და მარტივია იმ სუბიექტისთვის, რომლის ცოლიც 7 საათით კარმენ ელექტრა გახდა. 7 საათში წყვილმა გადაწყვიტა, რომ ერთმანეთს ვერ უგებდა და დაიშალა. რთულია, იყო დენის როდმანი. დენის როდმანისთვის ესეც მარტივი იყო. 

სან ანტონიოში დენისი მიდის პოლიციელთან, იხდის პერანგს, მკერდზე ხელს იდებს და სამართალდამცავს დახუჭული თვალებით და ხვნეშით უახლოვდება. დენისი პოლიციელზე სექსუალური შეტევისთვის ერთი კვირით დააპატიმრეს. პოლიციის შეფი, ვინმე სტიუარტ ეკერსლი იხსენებს, რომ ის ოფიცერი, რომელსაც აღგზნებული დენისი მოფერებას უპირებდა, ერთი თვე დეპრესიაში იყო.

Double team-ში როდმანმა პირველი სერიოზული როლი მიიღო. დენისი ვერ გახდა მარლონ ბრანდო. დენისი ვერ გახდა მიკი რურკი, რომელიც ამ ფილმში მისი პარტნიორი იყო. დენისი ვერც ვან დამი გახდა და ბელგიელ ბალერონთან ერთად, 1997-ში წლის ყველაზე ცუდ მსახიობად დაასახელეს. დენისმა პრიზი საკრამენტოს ბორდელში ორ მეძავთან სამსაათიანი გართობის საფასურად დატოვა. ორი წლის შემდეგ, დენისი უკვე რესპექტაბელური, მეოჯახე პერსონაა. როდმანის ცოლია მიშელ მოიერი. დენისის მეჯვარეები მიკი რურკი და 67 წლის ფილიპინელი კრიმინალი, "შიზო დელუქსი" გახდნენ. 
 
უროდმანოდ მაიკლ ჯორდანი და სკოტი პიპენი ბულზის მეორე რეინკარნაციაში ჩემპიონები ვერ გახდებოდნენ. უროდმანოდ ყველაფერი უფერული, რუტინული იქნებოდა.
დენისი დაუძმაკაცდა ჰალკ ჰოგანს. კარლ მელოუნთან ერთად გავიდა რინგზე რესტლინგის შოუში მონაწილეობისთვის. დენისმა 15 წუთში ცელქობისთვის 350 ათასი დოლარი მიიღო. შოუს შემდეგ გამართულ წვეულებაზე მელოუნმა დენისს სახის ძვალი გაუტეხა. დენისი კარლის ცოლს კაცების საპირფარეშოში ექსკურსიაზე ეპატიჟებოდა. კარლს ეს იდეა არ მოეწონა. დენისმა ორ დღეში ტექსტური შეტყობინებით კარლის ცოლს (არშემდგარი ექსკურსიისთვის) მოუბოდიშა. მერე იყოსო.
 
2003-04 წლებში პოლიციამ დენის როდმანს 76-ჯერ გამოუწერა სხვადასხვა სახის ჯარიმა. დენისი ორჯერ სუპერმარკეტში გაშიშვლებისთვის აიყვანეს. სამჯერ როდმანი სასტუმროს ჰოლში მოშარდვისთვის დააპატიმრეს. დენისმა სპორტული მაღაზიის მენეჯერს ტელეფონით ორჯერ სიყვარული აუხსნა და როდესაც 69 წლის ბენჯამინ ბისლიმ ორივეჯერ ტელეფონი გათიშა, დენისმა მას ოფისში მიაკითხა. შავი ვარდების თაიგულით. როდმანს იუმორი არ დაუფასეს და სამი დღით წინასწარი დაკავების საკანში გაუშვეს. 
 
დენისი ჩადის ფინეთში და ფინელების კერპების, ჯგუფ Sentenced-ის ლაივის დროს, იხდის პერანგს და ცეცხლს უკიდებს. დენისმა საზოგადოებრივ ადგილზე დებოშისთვის 3 500 დოლარი გადაიხადა. შემდეგ ჯგუფის წევრებთან ერთად ფოტოსესია მოაწყო. ფოტოსესიის დროს, დენისი ტეემუ სელიანეს კლუბში ორ გოგონასთან ჩხუბის გამო დააკავეს. დენისი ფინეთში აღარ ჩასულა.
 
როდმანი გენიალური მოთამაშე და მოედანზე ყველაზე სერიოზული შოუმენი იყო. უროდმანოდ აიზია ტომასი და ჯო დუმარსი წესიერ ბიჭებად დარჩებოდნენ. დენისთან ერთად ესენი პისტონზში დაუნდობელი ბანდის ლიდერები გახდნენ. უროდმანოდ მაიკლ ჯორდანი და სკოტი პიპენი ბულზის მეორე რეინკარნაციაში ჩემპიონები ვერ გახდებოდნენ. უროდმანოდ ყველაფერი უფერული, რუტინული იქნებოდა. 
 
რთულია იყო დენის როდმანი.
 
თუმცა დენის როდმანისთვის ეს მარტივი იყო. 

კომენტარები