NBA-ს გასავარდნი ეტაპის წინ, ბევრი საინტერესო რეიტინგი და სასუსნავი მასალა იქნება. ყველაზე წონადი ეტაპი ლამაზად შეიფუთება და ამანათებს გამოცდილი ფოსტალიონები ჩამოარიგებენ. დღევანდელი მასალის ფოსტალიონი ბებერი გენიოსი, ლიგის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი და დაუნდობელი ბაბუა, მისტერ ბილ რასელია. თერთმეტგზის ჩემპიონი დამდეგი ფლეი ოფის წინ, მისი აზრით, სამ ყველაზე სერიოზულ ფიგურაზე საუბრობს.
პოლ პირსი
„სელტიქსის კაპიტანი ყოველთვის განსაკუთრებული პიროვნება უნდა ყოფილიყო. იცით, როდესაც გასახდელიდან გუნდი მოედანზე გამყავდა, ამაყი ვიყავი, რომ რედ აუერბახმა და ბიჭებმა კაპიტნად ამირჩიეს. ამ სიამაყემ და ჩვენმა გულებმა ყველაფერი მოგვაგებინეს. სელტიქსში ვიყავი, მოედანზე გუნდისთვის მოვკვდებოდი და, ამავე დროს, ყველა სხვა გუნდის წევრს დიდ პატივს ვცემდი. იყო ეპიზოდი, როდესაც რეგულარულის ბოლო მატჩში, ფილადელფიასთან, მე და უილტი ერთმანეთს შევეჯახეთ. ჩემბერლენი წაიქცა, ჩვენ შეტევა უნდა დაგვეწყო და უცბად, ბობი (კოუზი) იღებს წუთშესვენებას. კოუზი მივიდა უილტთან, სათადარიგოთა სკამამდე მისვლაში დაეხმარა და თამაში გაგრძელდა. გასახდელში კოუზი ჯერ ჩუმად იყო, კუთხეში დადგა და ხმას არ იღებდა. შემდეგ გასახდელის ცენტრში დადგა და ბოდიში მოიხადა, დაგაღალატეთო. რედმა კი მას მადლობა გადაუხადა, ამას მხოლოდ სელტიქსის ბიჭი გააკეთებდაო. იმ მომენტში ბობი ჩემი გმირი გახდა. მე ამ გუნდის კაპიტანი ვიყავი...
პირსი ჩემი გმირია. პოლს შეეძლო სხვაგან წასულიყო, იქ მეტი ფული აეღო და მართალიც იქნებოდა. სელტიქსი ხომ 5-6 წლის წინ ძალიან შორს იყო ჩემპიონობისგან. პირსმა არ უღალატა გუნდს, დაიკლო ხელფასი და მწვრთნელებს უკეთესი მოთამაშეების დამატების შანსი მისცა. პირსი იდეალური კაპიტანი და გენიალური მოთამაშეა. გვყავს ქეი ჯი, რეი ალენი, რონდო, მაგრამ ბოსტონი პირსის გუნდია. მოვა ფლეი ოფი და პოლი ისევ გაანათებს. სელტიქსის კაპიტანი სულ ანათებს. ლარის შემდეგ, პირსი სელტიქსის საუკეთესო კაპიტანია. უფრო კარგი, ვიდრე ბილ რასელი. ვამაყობ შენით, პოლ!”
ტონი პარკერი
„პირადი ცხოვრება ცალკე თემაა. ყველამ იცის, რასაც ვგულისხმობ (ტონის და ევა ლონგორიას განშორებას). ტონის რთული პერიოდი ჰქონდა და დღეს სან ანტონიოს ლიდერია. პოპოვიჩს ჰყავს იდეალური ტიმ დანკანი, ყოველთვის მონდომებული იმპროვიზატორი ჯინობილი, მაგრამ სან ანტონიო პარკერის გუნდია. ფლეი ოფში პარკერი სხვა, უფრო მობილური, სახიფათო, მონდომებული ბიჭი იქნება. გახსოვთ ფინალი კლივლენდთან? მაშინ ბევრმა დაწერა, რომ იმ სერიის MVP ტიმი უნდა ყოფილიყო. MVP გახდა პარკერი, რადგან სერიაში სპურსისთვის ყველაზე შეუცვლელი ფიგურა იყო. პარკერი დღეს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფლეიმეიქერია. ტონიმ ისწავლა ენერგიის გადანაწილება და მოსაწყენი სპურსის კალათბურთი უფრო საინტერესო, ღრმა გახდა. პარკერი გუნდის ჯოკერია”.
პო გასოლი
„რონ, ჩაგეძინა? აბა, ტემპში, ტემპში, ჩაიწიე, კამერის წინ არაფერი გესაქმება! დერეკ, ვეტერანებს ამ დროს უნდა ეძინოთ! ენდრიუ, დაგვცინი?! შედი გასახდელში და ემინემს მოუსმინე! ბიჭებო, დაიშალეთ, ჟურნალისტები ერთი კაცის სანახავად მოვიდნენ და ეს კაცი კობი ბრაიანტია!
აი, ალბათ ასე იწყება ლეიკერსის ნებისმიერი შეხვედრა ჟურნალისტებთან. კობი პოპულარულია, კობი შეუცვლელია და კობი მთელი გუნდია. უბრალოდ, პო გასოლის გარეშე კობის გუნდი პირველივე წრეში გავარდება და პოსთან ერთად შეუძლია, ზედიზედ მესამედ გავიდეს ფინალში. ალბათ, რეალურია ლეიკერსის ჩემპიონობაც. პო მშვიდი, ელეგანტური, ჭკვიანი მოთამაშეა. იცის, რომ თუ ბოლო წამზე სასროლია, ის სროლა ბრაიანტის იქნება, მაგრამ ამის გამო არ ნერვიულობს. გასოლი ყველასთვის იდეალური თანაგუნდელია. პო ჩემპიონია და კობი პოს გარეშე ჩემპიონი ვერ გახდებოდა. მისტერ ბრაიანტმა და მისტერ ჯექსონმა ეს მშვენივრად იციან”.




