ელ-ბარადეი: თუ ისრაელი ღაზას შეუტევს, ომს გამოვაცხადებთ

”თუ ისრაელი ღაზას თავს დაესხმება, ჩვენ სიონისტურ რეჟიმს ომს გამოვუცხადებთ,” თქვა ეგვიპტის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა მშვიდობის დარგში, მუჰამედ ელ-ბარადეიმ. ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ელ-ბარადეიმ ამ პოსტის დაკავების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

”ისრაელი პალესტინურ მიწას აკონტროლებს,” განაცხადა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა  არაბულ გაზეთ ალ-ვათანთან საუბარში ”რეგიონში ძალთა ბალანსის არარსებობის გამო შერიგების პროცესში მნიშვნელოვანი გარღვევები არ ყოფილა - ეს სიტუაცია კი ცალმხრივ მშვიდობას ქმნის,” დასძინა ელ-ბარადეიმ.

ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც სავარაუდოდ 2011 წლის ბოლოს ჩატარდება, ელ-ბარადეის მთავარი კონკურენტი არაბული ქვეყნების ლიგის გენერალური მდივანი და ეგვიპტის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამრ მუსა იქნება. 

კომენტარები