მოჭიდავეებს პრემიები გამოუყვეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატზე საერთო ჯამში ოთხი მედალი მოიპოვეს - ოქროს მედალს კლასიკოსი, 60 კილოგრამიანი რევაზ ლაშხი დაეუფლა. დანარჩენი სამი მედალი კი თავისუფლების ანგარიშზე მოდის - ორი ვერცხლი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (84 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი დავით ხუციშვილმა (74 კგ) დაისაკუთრა.

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ვლადიმერ ვარძელაშვილი სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. მინისტრმა გაახმაურა იმ პრემიის რაოდენობა, რომელსაც მედლის მფლობელი მოჭიდავეები ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ.

რევაზ ლაშხი 20 ათას ამერიკულ დოლარს აიღებს. ვერცხლის მედალოსნებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და დავით მარსაგიშვილის 15-15 ათასი დოლარი ერგებათ, დავით ხუციშვილს კი  - 10 ათასი.

გარდა ამისა, გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ვლადიმერ ვარძელაშვილთან ერთად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძეც მონაწილეობდა.

საუბარი თავდაპირველად სწორედ ამ უკანასკნელმა დაიწყო და სპორტსმენებს წარმატება მიულოცა: „ბიჭებმა თავისი გამოსვლით გვასახელეს. ბოლო წლებში შედეგები გვქონდა ახალგაზრდულ ნაკრებებში, მაგრამ მთავარი ნაკრები ვერ ახერხებდა სერიოზული შეჯიბრებიდან ოქროს მედლის ჩამოტანას. ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქცენტი ახალგაზრდებზე გაგვეკეთებინა, მათ მიეღოთ გამოცდილება და ნელ-ნელა შედეგებიც წამოსულიყო. თუმცა, როგორც ხედავთ, ბიჭებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და ევროპის ჩემპიონატიდან ოთხი მედალი ჩამოიტანეს, აქედან ერთი ოქროსი.

ახლა უმთავრესი ამოცანა მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად გამოსვლა და ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვებაა. ამის შემდეგ კი უკვე ოთხწლეულის უმთავრესი სპორტული ღონისძიებისათვის უნდა დავიწყოთ მზადება.

გვინდა გვნახორციელოთ ჩვენი დევიზი და ლონდონში გამოვიდეთ უკეთ, ვიდრე პეკინში. ეს ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ბიჭების დიდი იმედი მაქვს. რაც მთავარია, სამინისტრო გვერდში გვიდგას და მომზადებისათვის ყველანაირ პირობებს გვიქმნის“.

ამის შემდეგ გეწაძემ ევროპის ჩემპიონატზე დავით მარსაგიშვილისათვის წართმეულ ოქროს მედალზეც ისაუბრა: „ბოლო წლებში ბევრს ვმუშაობდით იმისთვის, რომ სპორტსმენები არ დაეჩაგრათ ტურნირებზე. ამას მივაღწიეთ კიდეც, მაგრამ ამჯერად პირდაპირ საჭიდაო ხალიჩაზე მოგვპარეს ოქრო. შემდეგ მსაჯები დასაჯეს. საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ბოდიშებსაც გვიხდიდნენ, მაგრამ ამით ჩვენ აღარაფერი მოგვემატება. მარსაგიშვილს მხოლოდ ვერცხლის მედალი შევხდა.“

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვლადიმერ ვარძელაშვილი: „ეს ოლიმპიადის შემდეგ პირველი სერიოზული წარმატებაა. მე მინდა ყველა ფედერაციის წარმომადგენლებს მოვუწოდო, ასევე მიზანიმართულად იმუშაონ. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში შედეგები თავისით მოვა. ამის ნათელი მაგალითია ეს მედლები.

გერმანიაში მომავალზე გათვლილი ნაკრები გავუშვით და მათ შედეგი უკვე აჩვენეს. ფედერაცია, მწვრთნელები, სპორტსმენები და სამინისტრო შეთანხმებულად ვმოქმედებთ და ეს არის ამ ყველაფრის უმთავრესი მიზეზი.

თავის მხრივ სპორტის სამინისტრო ყოველთვის დაუფასებს შედეგებს სპორტსმენებს. პრემიების გარდა ბიჭებს გაეზრდებათ ხელფასები, გაუორმაგდებათ და ზოგ შემთხვევაში გაუსამმაგდებათ კიდეც.“

კომენტარები