კარლენ ასეიშვილი: საფრანგეთმა პროფესიონალად მაქცია

 საქართველოს მორაგბეთა მომავლის ნაკრებმა მარტის ბოლოს ინგლისში ორი შეხვედრა გამართა და ორივეში გაიმარჯვა. ნიკოლოზ ჭავჭავაძისა და ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ ბრიტანეთის არმიის გუნდს მოუგო 30:17, შემდეგ კი უკვე ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების გაერთიანებულ გუნდს სძლია 38:13.

ორივე ამ შეხვედრაში ქართველთაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მორაგბე, 23 წლის შერკინების პირველხაზელი, ფრანგულ ორტეზში მოთამაშე კარლენ ასეიშვილი იყო. მან ჯერ არმიას დაუდო ორი ლელო, შემდეგ უკვე საკუთარი მაჩვენებელის გაუმჯობესებაზე იზრუნა და ოქსფორდ-კემბრიჯელებს სამჯერ დაუმიწა ბურთი ლელოში. ამის შემდეგ ის ბრიტანელებმა  მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც კი დაასახელეს.

ინგლისური ტურნეს დასრულების შემდეგ ლეგიონერები საკუთარ კლუბებს დაუბრუნდნენ, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშეები კი სამშობლოში დაბრუნდნენ. ჩვენ კარლენს საფრანგეთში შევეხმიანეთ და საუბარი მომავლის ნაკრების თემით დავიწყეთ.

- სულ ორი დღის შეკრებილები ვიყავით, როდესაც პირველი თამაში ჩავატარეთ. შეუთამაშებლები ვიყავით. უმეტესობას აქამდე ერთად ნათამაშებიც არ გვქონდა. ამის მიუხედავად, ნაკრების გამოსვლით მაინც კმაყოფილი ვარ, ჩვენ  ორივე თამაში მოვიგეთ. ალბათ ამის გაკეთება უფრო დიდი სხვაობითაც შეგვეძლო, მაგრამ არც ესაა ცუდი შედეგი.

- პირადად თქვენი თამაშით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- ჩემი გამოსვლითაც კმაყოფილი ვარ, ორ თამაშში ხუთი ლელო დავდე, ნაკრებმა ორივე შეხვედრა მოიგო. ერთი სიტყვით, ნამდვილად არ მაქვს უკმაყოფილების მიზეზი.

- რამდენად ძლიერი მოწინააღმდეგეები გყავდათ, რთული თამაშები გამოვიდა?

- საქართველოს მომავლის ნაკრებისათვის რთული მოწინააღმდეგე არცერთი არ იყო. ჩვენ ნაკრებს მოგება უფრო ძლიერ გუნდებთანაც შეუძლია. თუმცა ადვილი მოსაგები მაინც არცერთი შეხვედრა არ იყო. ეს რაგბია და ყველა მოგებას ბრძოლა სჭირდება.

- რა იყო საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარე?

- შემართება და შერკინების მაღალ დონეზე თამაში.

- ინგლისში როგორ პირობებში იყავით, კმაყოფილი ხართ იქაური სიტუაციით?

- ძალიან კარგი პირობები იყო, იქ საოცრად მაღალი დონეა. პირადად მე დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი ინგლისში სათამაშოდ. სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა.

- ინგლისში უნდა ყოფილიყვნენ საქართველოს ნაკრების უცხოელი მწვრთნელები რიჩი დიქსონი და დონ კასკი, თუ გქონდათ მათთან შეხება?

- დიახ, მწვრთნელები დაესწრენ თამაშებს და რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, კმაყოფილებიც დარჩნენ.

- ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ნაკრების 10 ნომრის, ლაშა ხმალაძის გამოსვლა. ეს მოთამაშე ტრავმის შემდეგ პირველ შეხვედრებს ატარებდა, მან სარეაბილიტაციო კურსი სწორედ ინგლისში გაიარა...

- ლაშა ძალიან მაღალი დონის მორაგბეა. ის გუნდისთვის უდიდესი ძალაა და ჩვენს გამარჯვებაშიც დიდი როლი შეასრულა. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში უკვე ეროვნული ნაკრების მოთამაშედაც გადაიქცევა.

- ახლა ისევ შენს თამაშს დავუბრუნდეთ. ბრიტანეთში ასეთი კარგი გამოსვლის შემდეგ დაინტერესება ხომ არ ყოფილა ადგილობრივი კლუბებისგან?

- დაინტერესება იყო, ამაზე მელაპარაკნენ უკვე. თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი ჩანს. ვნახოთ, რა იქნება, ზაფხულში ყველაფერი უფრო ნათლად გამოჩნდება.

- ახლა საფრანგეთში თამაშობთ, მანდ თუ გაქვთ რამე კონკრეტული წინადადება?

- უკვე ვარ დაბარებული რამდენიმე მაღალი დონის გუნდში სინჯებზე. აქაც დროის ამბავია, ყველა სეზონის დასრულებას ელოდება. შემდეგ უფრო გამოიკვეთება ყველაფერი. ახლა ზუსტად ვიცი, რომ პროდ 2-ის რამდენიმე გუნდია ჩემით დაინტერესებული.

- დიდი ხანი არ არის, რაც საფრანგეთში გადაბარდგით, რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში?

- აქ 2010 წლის სექტემბრის მიწურულს ჩამოვედი. საფრანგეთში სწორი სპორტული ცხოვრება ვისწავლე. გავხდი პროფესიონალი სპორტსმენი. ამის შედეგია ყველაფერი. მოვუმატე ფიზიკურად, გავიუმჯობესე გამძლეობა და ა.შ.

- ახლა რა გჭირდებათ ყველაზე მეტად, რას შეცვლიდით?

- უკეთესი თამაშები მჭირდება. ფედერალ ერთში არ არის ის დონე, რომელიც ჩემთვისაა მისაღები. აქედან გამომდინარე, გუნდის გამოცვლას და უფრო მაღალი რანგის ჩემპიონატში გადასვლას ვაპირებ.

- მაშინ შევადაროთ საფრანგეთის რანგით მესამე დივიზიონი, ფედერალ ერთი და საქართველოს ჩემპიონატი.

- აქ საქართველოსთან შედარებით უფრო პროფესიონალური მოდგომაა. სავარჯიშო და საცხოვრებელი პირობებიც უკეთესია. აქედან გამომდინარე, ჩემპიონატიც ჩვენსაზე მაღალი დონის აქვთ. თუმცა ვფიქრობ, რომ უახლოეს წლებში ნამდვილად შეგვიძლია შიდა ჩემპიონატი საფრანგეთის ფედერალ 1-ზე უკეთესი გავხადოთ.

- მოდი, ახლა ცოტა წარსულს შევეხოთ, სად და როდის დაიწყე რაგბის თამაში?

- 2003 წელს მივედი თბილისის ყოჩებში და იმ დღიდან მოყოლებული საფრანგეთში წამოსვლამდე სხვაგან არც მითამაშია. თავიდანვე შერკინების პირველ ხაზში მიმიჩინეს ადგილი და დღემდე ასე გრძელდება.

- რას მიიჩნევ შენი კარიერის ყველაზე დიდ წარმატებად?

- 2007 წელს ყოჩებში თამაშისას საქართველოში ყველაფერი მოვიგეთ. ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა ჩემპიონატშიც და დავეუფლეთ თასსაც. ჯერჯერობით ეს არის ჩემი კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა. თუმცა ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ, სამომავლოდ გაცილებით დიდი გეგმები მაქვს.

კომენტარები