ჩვენი თანამედროვე ჩოგბურთი გამოქვაბულია, მაგრამ ეს უფრო გასაშლელი და სხვა ნიუანსებით სავსე თემაა. დღეს შედარებით სასიამოვნოზე გავისაუბრებთ და დამოუკიდებელი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე კარგი, ერთადერთი რეალურად წარმატებული ვაჟი ჩოგბურთელის, ირაკლი ლაბაძის გაუგებარი, მომენტებში ეფექტური კარიერიდან ყველაზე წონად მოგებებს გავიხსენებთ. ირაკლისთან ერთად გავიხსენებთ.
2002. როლან გარო. I წრე
2002. როლან გარო. I წრე
ირაკლი ლაბაძე VS ჟულიენ ბუტიე
7:6 (4), 5:7, 6:7 (6), 6:3, 9:7
ირაკლის პირველი მშვიდი, ბედნიერი მისვლა ბადესთან მატჩის შემდეგ, დიდი სლემის ტურნირზე. ლაბაძის ოპონენტი იყო ჯიუტი ბუტიე, რეიტინგში 46-ე, პოპულარული ტიპი, ღამის კლუბებში დებოშების და სკანდალების მონაწილე. ლაბაძეს ფრანგი საფრანგეთში შეხვდა.
„ძალიან მაწვალა, მესამე სეტში სამი სეტ-პოინტი გადავარჩინე, მაგრამ ის სეტი მაინც წავაგე. მერე მეოთხე მოვიგე და დაიწყო სასწაული დისაიდერი. უბრეიქო, მძიმე ჩოგბურთი. გამიმართლა და ამას ვიმსახურებდი კიდეც, ჩემი მოსაგები უფრო იყო”. ლაბაძეს ბუტიეზე ნაკლები უნებლიე შეცდომა ჰქონდა და ირაკლიმ მოსიე ხულიგანზე ერთი ბრეიქით მეტით მოიგო. მეორე წრეში ლაბაძე წააგებს გასტონ გაუდიოსთან (1:6, 2:6, 7:6, 4:6), რომელიც ამ სიაში ცოტა მერე შეგვხვდება.
2002. უიმბლდონი. I წრე
ირაკლი ლაბაძე VS იუნეს ელ აინაუი
4:6, 7:6 (4), 6:3, 7:6 (2)
როლან გაროს შემდეგ, ლაბაძე და მთელი პრო ტური ბალახზე გადადიან. დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ტურნირების სერია ირაკლისთვის უშედეგოა. ლაბაძე აგებს ოზ სკოტ დრეიპერთან 3:6, 6:3, 3:6. ჩადის პრესტიჟულ ქუინზის ტურნირზე და იქ სამხრეთაფრიკელ ვეტერანთან, უეინ ფერეირასთან ვარდება (4:6, 2:6). ნოტინგემში ლაბაძეს რუსმა ანდრეი სტოლიაროვმა 6:3, 3:6, 6:2 აჯობა. იწყება უიმბლდონი.
„პირველ წრეში რეიტინგის მე-18 ნომერი, მაროკოელი იუნეს ელ აინაუი მერგო. მოვიგე და ეს უიმბლდონზე ჩემი პირველი, დაუვიწყარი წარმატება იყო. ელ აინაუი აწვდიდა ეისებს და მე ჩემს ჩოგბურთს ვთამაშობდი. გადამწყვეტ მომენტებში ძალიან მობილიზებული ვიყავი და კორტიდან მაროკოელი გაიტანეს. მეორე წრეში მიხელ კრატოხვილთან წავაგე. არადა თავისუფლად შემეძლო მოგება. როგორც ჩანს, აინაუისთან ბრძოლამ გამომფიტა”.
2006. უიმბლდონი. II წრე
ირაკლი ლაბაძე VS გასტონ გაუდიო
6:4, 6:2, 6:3
ირაკლის ბოლო კარგი სეზონი. ბოლო კარგი ტურნირი. ბოლო ვიზიტი იმ კლუბში, სადაც მხოლოდ დიდი ბიჭები თამაშობდნენ. უიმბლდონზე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა ჩოგბურთელმა მშვენიერი 8 დღე მოიწყო.
ლაბაძე იწყებს ავსტრიელ ალექსანდრ პეიასთან ხუთსეტიანი გასაუბრებით (6:4, 4:6, 5:7, 6:3, 6:1) და მეორე წრეში გადის ცანცარა არგენტინელ გასტონ გაუდიოზე. რეიტინგის მეთორმეტე ნომერი ბალახზე არ იყო სამპრასი ან ფედერერი, მაგრამ მაინც მეთორმეტე იყო და ლაბაძე იმ მომენტში მასზე 154 ადგილით უკან იჯდა. ირაკლის მოწოდებაზე გაუდიომ თითქმის ვერაფერი აიღო და ლაბაძემ ხუთჯერ დააბრეიქა ბუენოს აირესის შოუმენი. გაუდიო ბრიფინგზე იტყვის, არ მეგონა, პირველი ასეულის მიღმა მყოფებიც თუ ასე კარგად თამაშობდნენო. მალე გასტონი თვითონ გავარდება ასეულიდან.
ლაბაძისთვის უიმბლდონი კიდევ ერთ-ნახევარი VS-ით გაგრძელდა. მესამე წრეში, ირაკლი ამერიკელ მარდი ფიშს 3:2 უგებდა და კიტ რიჩარდსის ფანმა მეთევზემ ტრავმა მიიღო. ლაბაძე მეოთხე წრეში გადის, სადაც პატარა პიტბულს, რაფაელ ნადალს ხვდება. ესპანელი მაშინ მხოლოდ ნელი საფარის კოპოლა იყო და უნივერსალი რამდენიმე სეზონში გახდა. ლაბაძესთან ნადალს პრობლემები მხოლოდ მეორე სეტში ჰქონდა. ტაი ბრეიქი და სხვა ყველაფერიც ესპანელმა მოიგო (6:3, 7:6, 6:3). „მაშინ კარგ ფორმაში ვიყავი და დიდი გამოცდილებაც დამიგროვდა. სეზონის ბოლომდე დევისის თასზე ოთხჯერ ვითამაშე ერთეულებში, სამჯერ მოვიგე და პოლონელების ახალგაზრდა ლიდერი, ლუკაშ კუბოტიც დავამარცხე”.
2004. ინდიან უელსი. II წრე
ირაკლი ლაბაძე VS კარლოს მოია
2:6, 6:1, 6:3
ელეგანტური, სექსუალური, ქარიზმატული. ეს სულ მოიაა. ცოტა ხნით რეიტინგში პირველი კაცი იყო, ცოტა ხნით სერხი ბრუგერა შეცვალა და ცოტა ხნით, პრო ტურზე ყველაზე პოპულარული გახდა. მოია იყო ტურის შარმი და ლაბაძემ სეზონის პირველ მასტერსზე, პირველი სეტის წაგების შემდეგ, ესპანელს ორსეტიანი თერაპია ჩაუტარა. ინდიან უელსამდე ირაკლიმ ხუთჯერ პირველი წრე ვერ გაიარა და სან ხოსეში აგასისთან 6:7 (4), 4:6 იომა.
ირაკლისთან VS-მდე კარლოსს სეზონის სტარტზე 18 მოგება და 3 წაგება ჰქონდა. მოიამ ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა ავსტრალიის ღია პირველობა, მოიგო ჩენაის და აკაპულკოს ტურნირები და კიდევ ორ ივენთზე (სიდნეი, ბუენოს აირესი) ფინალში შეისეირნა. „პირველ წრეში ფრანგი ტიერი აშიონე იოლად გავიარე. შემდეგ ესპანელის ჯერი დადგა. ბოლო ორ სეტში მსოფლიოს მეშვიდე ჩოგბურთელი ხუთჯერ დავაბრეიქე. ამის შემდეგ კიდევ სამი წრე და ჰიშამ არაზი, აგუსტინ კალერი, ჯეიმს ბლეიქი გავიარე. ნახევარფინალში ტიმ ჰენმანმა გამაჩერა. არადა ძალიან ახლოს ვიყავი ტიტულთან. სულ ორ ნაბიჯში”. იმ ტურნირის შემდეგ, ირაკლი რეიტინგში 35 ადგილით აიწევს (90 – 55) და მის საბანკო ანგარიშზე 106 240 დოლარი დაჯდება.
2001. შანხაი. I წრე
ირაკლი ლაბაძე VS ანდრე აგასი
7:6 (4), 7:5
მაშინ აგასი ჩოგბურთი იყო. ანდრე იგებდა ჰარდზე, ნელ საფარზე, კარგი იყო ბალახზე და თან, იყო აგასი. ხოტორა ტერორისტმა სეზონი ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით გახსნა და ინერციით მოიგო ინდიან უელსის და მაიამის მასტერსები. აგასი შანხაიში პირველ ნომრად განთესეს და ორგანიზატორებისგან დაახლოებით ის თანხა მიიღო, რაც ტურნირის ყველა მონაწილეზე იყო გადანაწილებული.
„უკანა ხაზიდან შეცდომებს არ ვუშვებდი და აგასის თავიდანვე დისკომფორტი შევუქმენი ბადესთან გასვლებით. ჯერ ტაი ბრეიქით დავწინაურდი, ბოლოში კი (მაშინ) მსოფლიოს მეორე ჩოგბურთელს მოწოდება წავართვი. იმ მომენტში მივხვდი, რომ ჩემი დღე იყო. საოცარი გრძნობაა, როცა გენიოსს უგებ”. ლაბაძემ ამ ლამაზი და მოულოდნელი მოგებით სეზონის ბოლო კარგი ტურნირი ჩაატარა. შემდეგ იყო ზედიზედ ხუთი წაგება პირველ წრეში. აგასისთან ტრიუმფის შემდეგ, ირაკლიმ გააგდო კიდევ ერთი ამერიკელი, ჯასტინ გიმელსტობი (6:7, 7:6, 6:2) და რვა საუკეთესოში გასული, გავარდა დანიელ კენეტ კარლსენთან 6:3, 3:6, 3:6.
ლაბაძემ მოიგო კარიერის ყველაზე დიდი, ეპიკური VS. ალბათ, უფრო მეტი წონადი მოგებით უნდა დაეხურა კარიერა, მაგრამ საკუთარი ნიჭი ვერ გამოიყენა. ამასაც ნიჭი უნდა. ანდრესთან კი ლაბაძე თვითონ იყო აგასი.
ლაბაძე იოლად უგებდა რობინ სოდერლინგს, ივო კარლოვიჩს. ახალგაზრდა ხუან მარტინ დელ პოტროს აჯობა, ნიკოლაი დავიდენკოს შეუსრულა. მანამდე იყო იუნიორების დონეზე წაგებული ფინალი ფედერერთან.
ირაკლიმ კარიერა პრო ტურზე 50 მოგებით დახურა. გაცილებით მეტით უნდა დაეხურა.




