ევო მორალესის ვარსკვლავი ქრება

გასულ წლამდე, ბოლივიელი ევო მორალესი, ლათინური ამერიკის რადიკალ მემარცხენე პრეზიდენტებს შორის ყველაზე წარმატებულად მიიჩნეოდა. ეთნიკურად პირველ ინდიელ პრეზიდენტს, პოპულარობა სიმდიდრის გადანაწილების პოლიტიკამ მოუტანა. მისი ინიციატივით მაღალი გადასახადებიდან მიღებული შემოსავლებით მთავრობა ნავთობისა და გაზის ფასების სუბსიდირებას ახდენდა. 

მორალესის პოპულარობამ უკუსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ბოლოს პრეზიდენტმა საწვავის სუბსიდირების შეწყვეტა და მისი ფასის 70%-ით გაზრდა გადაწყვიტა. საწვავის სუბსიდირება ბოლივიას გასულ წელს 380 მილიონი დოლარი დაუჯდა. ვიცე-პრეზიდენტის, ალვარო გარსია ლინერას განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი წელს 660 მილიონს მიაღწევს. სუბსიდირების შეწყვეტა ეკონომიკურად რაციონალური გადაწყვეტილებაა, თუმცა პოლიტიკურად წამგებიანი აღმოჩნდა. მოსახლეობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მასობრივი პროტესტებით შეხვდა. 

მორალესმა დემონსტრაციების შესაჩერებლად საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების 20%-ით გაზრდა გადაწყვიტა, თუმცა ეს ხალხისთვის შემამსუბუქებელი ნაბიჯი არ აღმოჩნდა. ბოლივიაში დასაქმებულთა 70% არალეგალურ ეკონომიკაშია ჩართული. განსაკუთრებული დარტყმა ეკონომიკისთვის პურის მცხობელთა გაფიცვა აღმოჩნდა. რამდენიმე დღის განმავლობაში პურს სამხედრო ნაწილები აცხობდნენ და არიგებდნენ. საბოლოოდ მორალესს რეფორმების გაუქმება და ნავთობზე ფასის დაწევა მოუწია.  
 
ევო მორალესმა 2006 წელს ბუნებრივი აირისა და ნავთობის ჭაბურღილების ნაციონალიზაცია მოახდინა. მას შემდეგ ფასები ბენზინზე გაყინულია და ერთი ლიტრი 53 ამერიკული ცენტი ღირს. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ეს დაახლოებით 2-3 ჯერ უფრო დაბალია. მთავრობის მიერ ფასების ხელოვნურად შემცირებამ ხელი შეუწყო მეზობელ ქვეყნებში ნავთობის არალეგალურად გატანას. შედეგად, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ნავთობი სხვა ქვეყნებში აღმოჩნდა. 
 
სუბსიდირების პოლიტიკამ ნავთობის და ბუნებრივი აირის გამომუშავება ორჯერ შეამცირა. სახელმწიფო კომპანიები დაინტერესებულნი არ არიან ნავთობის მოპოვების გაზრდით, რადგან სუბსიდიებს ისედაც იღებენ. მიუხედავად რადიკალური მემარცხენე იდეოლოგიისა, მორალესს არ აუკრძალავს ბოლივიაში ტრანსნაციონალური კომპანიების მუშაობა. თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციებს აქ ბარელში 27 დოლარს, რეალური ფასის ერთ მესამედს, უხდიან. შედეგად, მათაც მოტივაცია არ გააჩნიათ ნავთობის მოპოვება გაზარდონ.
 
ნავთობის სუბსიდირება ბოლივიის ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს, შემოსავალი ქვეყანას ძალიან მცირე აქვს, ხარჯები კი ყოველწლიურად იზრდება. სახელმწიფოს პროგნოზით, წელს ფისკალური დეფიციტი დაახლოებით $870 მილიონია (მშპ-ს 4.2%). ამ ყველაფერს ემატება ინფლაცია, რომელმაც ბოლო 12 თვის განმავლობაში 8.4%-ს მიაღწია. 
 
ბოლივიას პრობლემები აქვს ნარკოვაჭრობასთან ბრძოლაშიც. გასულ თვეს პანამაში ბოლივიის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხში, კოკაინის გადატანის ბრალდებით დააკავეს. გაეროს მონაცემებით უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ბოლივიაში კოკაინის წარმოება ორჯერ გაიზარდა. თუმცა ეს სიურპრიზი ნამდვილად არ არის, ერთი წლის წინ მორალესმა გაეროს მოსთხოვა კოკას ფოთლები ნარკოტიკების სიიდან ამოეღო, რადგან ამ ფოთლების ღეჭვა ბოლივიური კულტურული იდენტობის ნაწილი იყო.
 
ეკონომიკასთან ერთად ბოლივიას არც საგარეო პოლიტიკაში აქვს დიდი მიღწევები. ქვეყნის მთავარი პარტნიორები დღეს კუბა, ვენესუელა და ეკვადორი არიან, თავად პრეზიდენტი კი კადაფის ახლო მეგობარია. მორალესი კადაფის ადამიანთა უფლებების დაცვის პრიზის ლაურეატიც კი არის. მან რამდენიმე დღის წინ გაეროს მიერ კადაფის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაცია გააკრიტიკა და ობამასთვის ნობელის პრემიის წართმევაც კი მოითხოვა.  
 
პრეზიდენტის ინიციატივა ნავთობზე სუბსიდირების შეწყვეტის შესახებ წარუმატებლად დასრულდა, მან მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მორალესის პოპულარობას. თებერვალში, ბოლივიის დიდ ქალაქებში Ipsos-Apoyo-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, პრეზიდენტის რეიტინგი 32%-ია. 

კომენტარები