აბორტი

ორ­-­სული

9 მარტს, ორგანიზაციამ „სიცოცხლისთვის” საქართველოს პარლამენტის წინ აბორტის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო, რომელიც 17 აპრილს დასრულდება. ღონისძიება საერთაშორისო ქრისტიანული კამპანიის – 40 დღე სიცოცხლისთვის – ნაწილია და მსოფლიოს 240 ქალაქში ტარდება. დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები, ქალებს საკუთარი, ჯერ არდაბადებელი შვილების დანდობისკენ მოუწოდებენ.

აბორტის საერთო რაოდენობა მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 46 მილიონს შეადგენს. პრობლემა მწვავედ საქართველოშიც დგას: ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში 20-დან 30 ათასამდე აბორტი კეთდება. რეალური რიცხვი – აღურიცხავი აბორტების გამო – გაცილებით დიდია. 
 
არის თუ არა ნაყოფი განაყოფიერების მომენტიდან სრულუფლებიანი ადამიანი? ეს კითხვა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მორალურ და სამართლებრივ დილემას წარმოადგენს. ამას ხშირად პოზიციების რადიკალურ დაპირისპირებამდე მივყავართ. 

დასავლური ცივილიზაცია ადამიანის სიცოცხლის აბსოლუტურ ღირებულებაზე დგას. „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი”, –  ვკითხულობთ საქართველოს კონსტიტუციაში. თუ მივიჩნევთ, რომ ჩვენი სიცოცხლე განაყოფიერებული უჯრედიდან აითვლება, აბორტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამ აზრით, ლოგიკური იქნება, სახელმწიფოს მუცლადმყოფის უფლებების აღიარება და სიცოცხლის ჩასახვის მომენტიდან მისი დაცვა მოვთხოვოთ. ეს იმ ქალების არჩევანის თავისუფლების პროპორციულ შეზღუდვამდე მიგვიყვანს, რომლებმაც აბორტის გაკეთება გადაწყვიტეს. საპირისპიროდ – თუ ჩანასახს სიცოცხლედ არ ვაღიარებთ, მაშინ აბორტის კრიმინალიზება, ქალის პირადი ცხოვრებისა და რეპროდუქციული უფლების უხეშ ხელყოფად უნდა განვიხილოთ. 

 ამ ორი პოლარიზებული პოზიციის შერიგება შეუძლებელია: თუ ვიღაცისთვის დედა და ჩანასახი ორი სხვადასხვა ადამიანია, სხვებისთვის – ის უბრალოდ დედა და „უჯრედების გროვაა”. ქრისტიანული თეოლოგიის პოზიცია აქ ერთმნიშვნელოვანია. ეკლესიები მიიჩნევენ, რომ ადამიანს სული ჩასახვის წუთიდანვე ეძლევა. თუმცა რელიგია არ არის ერთადერთი ამოსავალი წერტილი, რომელიც წინააღმდეგობას განსაზღვრავს – აქ მნიშვნელოვანი მეცნიერული მიდგომაა.  

ადამიანური სიცოცხლის საწყისი წერტილი განაყოფიერებაა. სწორედ ამ დროს ხდება დედის 23 და მამის 23 ქრომოსომის კომბინირება. ამ მომენტიდან განისაზღვრება ინდივიდის გენეტიკა. ზიგოტა განაყოფიერებული კვერცხუჯრედია, რომელშიც თავიდანვე  განსაზღვრულია თუ რა სქესი, სისხლის ჯგუფი, კანის, თმისა და თვალის ფერი ექნება ადამიანს. განვითარების კვალდაკვალ ზიგოტა დაყოფასა და გამრავლებას იწყებს. განაყოფიერებიდან დაახლოებით 6 დღის შემდეგ ის საშვილოსნოს კედელს მიემაგრება.
 
 
აბორტის მომხრეთა ნაწილი თვლის, რომ ზიგოტას იქამდე  ვერ  მივიჩნევთ ინდივიდად, სანამ მას გაყოფის პოტენცია  აქვს. საქმე ისაა, რომ უჯრედები განვითარების გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა გაიყონ და იდენტური ტყუპები მივიღოთ. ასეთ დროს მათ ქრომოსომებიც ერთნაირი აქვთ. ზოგჯერ, ტყუპებმა შეიძლება პლაცენტის გარკვეული ნაწილები გაიზიარონ, მაგრამ ისინი განსხვავებულ ინდივიდებად რჩებიან. ამ არგუმენტის სუსტი მხარეები ადვილი შესამჩნევია, მაგალითად, სიამის ტყუპებიც ერთ სხეულს იყოფენ, მაგრამ სინამდვილეში ორ სხვადასხვა ინდივიდთან გვაქვს საქმე. 
 
ზოგიერთი ზიგოტას, ადამიანთან გაიგივების საპირისპიროდ, სპერმას ადარებს და აბორტის მოწინააღმდეგეებს ირონიულად მასტურბაციის აკრძალვისკენ მოუწოდებს. თუმცა სპერმასა და ზიგოტას შორის არსებობს ფუნდამენტური განსხვავება. ცალკე აღებული სპერმა ან კვერცხუჯრედი სიცოცხლე არაა, მაშინ როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი უკვე მოქმედებს „პროგრამის” მიხედვით, რის შედეგსაც ყოველი ჩვენგანი წარმოვადგენთ. ზიგოტა აღარ არის არც დედისა და არც მამის ცალკეული ნაწილი, ის სრულებით ახალი, განვითარების უნარის მქონე უჯრედია, რომელიც ჩვენი სიცოცხლის პირველ სტადიად უნდა განვიხილოთ. 
 
ზოგი, სიცოცხლის საწყისად, ზიგოტის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრების მომენტს მიიჩნევს, სხვები – ჩანასახის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას ან გულისცემის დაწყებას, ხოლო ყველაზე რადიკალურებისთვის ეს ზღვარი ჭიპლარის გადაჭრაზე გადის. აბორტის მომხრეებს ვერ წარმოუდგენიათ ადამიანად ის, ვინც ვერ მეტყველებს, ვერ ფიქრობს, ვერ დადის და არ აქვს ჩვენნაირი ანატომიური აგებულება. თუმცა ამ „მაღალ” სტანდარტებს, ასევე  ვერ პასუხობენ ახალშობილები, უნარშეზღუდული ან ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. სინამდვილეში, ემბრიონსა და ახალშობილს შორის არსებითი სხვაობა არ არის: ორივე ზრდისა და განვითარების პროცესშია, არც ერთს აქვს აზროვნების უნარი, არც ერთია დამოუკიდებელი, მაგრამ რატომღაც, ისინი თანაბარი უფლებებით არ სარგებლობენ. მნიშვნელობა არც იმას აქვს, გრძნობს თუ არა ტკივილს აბორტის პროცესში ჩანასახი – სავსებით შესაძლებელია, ადამიანი უმტკივნეულოდ მოკლან, მაგრამ ამით პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. 
 
კაცობრიობის ისტორია ამტკიცებს, რომ ადამიანის განსაზღვრებაში ყველა პრაგმატული კრიტერიუმის დაწესება, შემზარავ შედეგებამდე მიდის და საბოლოოდ სამყაროს ცენტრში ინდივიდის მაგივრად, რასას, ეთნოსსა და ფიზიკურ ძლიერებას აყენებს
ადამიანთა რჩეული კატეგორიის სიცოცხლის პატივისცემა და დანარჩენთა გაწირვა, ძველ სპარტასა და არცთუ შორეული პერიოდის გერმანიაში გაბატონებულ წარმოდგენებს მოგვაგონებს, როცა ადამიანი მისი „სიძლიერის”, უნარების ან რასობრივი კუთვნილების მიხედვით, მსხვერპლი ხდებოდა. მიდგომა აბორტის შემთხვევაშიც მსგავსია. თუ ადამიანი, მხოლოდ მისი არსებობის ფაქტის გამო, განვითარების ნებისმიერ ეტაპზე არ იქნება დაცული, არასახარბიელო შედეგებს მივიღებთ: დღეს ნაყოფს ჩამოვართმევთ პიროვნების ღირსებას, ხვალ ახალშობილს, ზეგ მოხუცებსა და ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს. თუმცა, რატომ მომავალში? მსოფლიომ ეს უკვე გამოსცადა. კაცობრიობის ისტორია ამტკიცებს, რომ ადამიანის განსაზღვრებაში ყველა პრაგმატული კრიტერიუმის დაწესება, შემზარავ შედეგებამდე მიდის და საბოლოოდ სამყაროს ცენტრში ინდივიდის მაგივრად, რასას, ეთნოსსა და ფიზიკურ ძლიერებას აყენებს. 
 
საქართველოს კანონმდებლობით აბორტის დასაშვებ ბოლო ვადად, ორსულობის მეთორმეტე-მეთოთხმეტე კვირაა მიჩნეული. ამ დროის შემდეგ, გარკვეულ გამონაკლისებში, აკრძალვა არ მოქმედებს; ერთ-ერთი ასეთია ორსულობა, როცა მისი ხელოვნური შეწყვეტის გარეშე, დედის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ბუნებრივია, დედას აქვს უფლება საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის განსაკუთრებული ზომები მიიღოს – თავდაცვის შემთხვევის მსგავსად – ერთი სიცოცხლის მეორე სიცოცხლისთვის შეწირვა დასაშვებია. 
 

 
მეორე გამონაკლისი ის შემთხვევაა, როცა ქალს ბავშვის რჩენა არ შეუძლია. თუმცა ასეთ შემთხვევაში დედის უფლება, შვილის სიცოცხლის უფლებას ვერ გადასწონის. იგივე შეიძლება ითქვას გაუპატიურების ან ინცესტის შედეგად ჩასახულ ნაყოფზე. მამის დანაშაულის გამო შვილის სიცოცხლის შეწყვეტის დაშვება, სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მსგავსი შემთხვევები აბორტის საერთო მაჩვენებლის მცირე წილს შეადგენს – მაგალითად, აშშ-ში ეს მაჩვენებელი 1%-ია. „განსაკუთრებული შემთხვევების” ლოგიკა გაუგებარია – თუ ჩავთვლით, რომ თორმეტი კვირის შემდეგ ბავშვს სიცოცხლის უფლება აქვს და ზღვარსაც აქ გავალებთ, მაშინ ქალის მძიმე მდგომარეობა, შვილის სიცოცხლის ღირებულებას ვერ გადასწონის. თუ ჩანასახი ინდივიდია, ქალის განცდებისგან დამოუკიდებლად უნდა დავიცვათ. სტრესი და მორალური ზიანი, არა მხოლოდ არასასურველი ბავშვის გაჩენას, არამედ აბორტსაც სდევს თან. მეორე მხრივ, თუ ჩანასახს თორმეტი კვირის შემდეგაც არ მივიჩნევთ ადამიანად, რატომ არ ვუშვებთ აბორტს ყველა შემთხვევაში?   
 
გარდა ამისა, სახელმწიფო უკანონო აბორტს მკვლელობის კვალიფიკაციას საერთოდ არ აძლევს. უკანონოდ მუცლის მოშლა დანაშაულად მიიჩნევა – მაგრამ ჩვილის მოკვლასთან შედარებით, სასჯელი მსუბუქია. ანუ, საქმე გვაქვს „რაღაცასთან”, რომლის განადგურებაც დანაშაულია, მაგრამ ეს ადამიანის მკვლელობის ტოლფასი არ არის. გაუგებრობას აღრმავებს ის ფაქტი, რომ  ამ „რაღაცას”,  სახელმწიფო, ჩასახვის მომენტში მემკვიდრედ ყოფნის უფლებას ანიჭებს. 
 
როცა ადამიანური სიცოცხლის ფაქტი ანუ  ემბრიონი არსებობს – მას დედაზე ნაკლები უფლებები არ აქვს. მისი სიკვდილი ნაკლებ ტრაგიკული როდია.
აბორტის მომხრეთა კიდევ ერთი არგუმენტი ისაა, რომ აკრძალვა არალეგალური აბორტების მომრავლებას იწვევს. ეს ქალის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მათ სიკვდილიანობას ზრდის. ამ მოსაზრების საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა ძალადობისგან სიცოცხლის დაცვაა. როცა ადამიანური სიცოცხლის ფაქტი ანუ  ემბრიონი არსებობს – მას დედაზე ნაკლები უფლებები არ აქვს. მისი სიკვდილი ნაკლებ ტრაგიკული როდია. მით უმეტეს, ქალს შეუძლია საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნას, გააჩინოს და თუ თავად ვერ გაზრდის – უშვილო წყვილი გააბედნიეროს. როცა მშობლები რისკზე მიდიან, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ. სახელმწიფომ უარი არ უნდა თქვას უდანაშაულო, მუცლადმყოფი ადამიანის დაცვაზე. ერთი შეხედვით, საპატიო მიზეზებით ჩადენილი დანაშაული, მისი ლეგალიზებისთვის საკმარისი მიზეზი არ არის. სხვა დანაშაულიც შესაძლოა მრავალი რამით იყოს განპირობებული. ეს საერთო წესს არ აუქმებს. არც მკვლელობის, თაღლითობისა და ქურდობის აკრძალვას აღმოუფხვრია დანაშაული, მაგრამ ჩვენ კვლავ საჭიროდ მივიჩნევთ, მკვლელები, თაღლითები და ქურდები დავსაჯოთ. სამართლიანობისთვის მნიშვნელოვანია დამნაშავე დაისაჯოს, რადგან დაზარალებული ყოველთვის არსებობს. არ შეიძლება სახელმწიფო განსაზღვრავდეს იმას, რაც ბუნებით არის დაწესებული.

 

 

 

კომენტარები