აბორტი

"აბორტი არის ადამიანის მკვლელობა" - ქართული ოცნების დეპუტატი აბორტის დასაშვებობას აკრიტიკებს

ქართული ოცნების დეპუტატი საქართველოში აბორტის დასაშვებობას აკრიტიკებს. ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "აბორტტი ადამიანის მკვლელობაა" და აბორტსა და "სხვა სახის მკვლელობებს" შორის განსხვავება არ არსებობს.

"ცინიზმია, როცა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აკრძალულია, სახელმწიფო მშობლებს კანონით ანიჭებს უფლებას საკუთარი შვილების სიკვდილით დასჯის. აბორტი არის ადამიანის მკვლელობა, რადგან ცოცხალი ორგანიზმი ჩასახვის მომენტიდანვე წარმოიშვება, რომელიც უკვე გენეტიკური კოდისა და ადამიანის მთელი პიროვნული პოტენციალის მატარებელია. მუცლად მყოფი ბავშვი ჩასახვის მომენტიდან სრულყოფილი ადამიანური ორგანიზმია. ნაყოფის მოკვდინებასა და სხვა სახის მკვლელობებს შორის განსხვავება არ არსებობს, მეტიც, მშობლების მიერ საკუთარი უმწეო და უდანაშაულო შვილების დაჩეხვა-დანაწევრება მკვლელობის ყველაზე ამაზრზენი ფორმაა. საკითხი აბორტის დაშვებულობის შესახებ მეტყველებს თითოეული ჩვენგანის განსაცვიფრებელ უგრძნობელობაზე ადამიანის სიცოცხლის მიმართ. სანამ ამ საშინელ ბოროტებას ხელისუფლება უმოქმედობით, ხოლო საზოგადოება დუმილით დაუჭერს მხარს, არანაირი წინსვლა, კეთილდღეობა და განვითარება არ გვექნება", - თქვა ალექსანდრე ერქვანიამ.

ქართული ოცნების დეპუტატამა აბორტის შესახებ განცხადება "დემოგრაფიული კატასტროფის" შესახებ საუბრის დროს გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და ამის მაგალითებად დაასახელა:

"შემცირებულია შობადობა ინტენსიურად მიმდინარეობს მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება, იზრდება განქორწინებულთა რაოდენობა. სერიოზული პრობლემებია მიგრაცია-ემიგრაციის მხრივ, მზარდია უცხოეთში ახალგაზრდების გადინება, იცლება სოფლები. ყოველდღიურად 500 ათასამდე, მათ შორის ბევრი არასრულწლოვანი ჩართულია აზარტულ თამაშებში, ხშირია არასრულწლოვანთა პროსტიტუციისა და ნარკომანიის ფაქტები".

ცნობისთვის, საქართველოს კანონმდებლობით, 12 კვირამდე ვადაზე აბორტი დასაშვებია. სამედიცინო ჩვენების დროს, ეს ვადა შეიძლება 22 კვირამდე გაიზარდოს.

კომენტარები