რეფერენდუმი ეგვიპტეში — ნაბიჯი დემოკრატიისგან

ეგვიპტის მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით მხარი დაუჭირა 1971 წელს მიღებულ კონსტიტუციაში ცხრა ცვლილების შეტანას. ფაქტი ქვეყნისთვის „ისტორიულად” მიიჩნიეს, რადგან ეს პირველი დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებია. პროცესის გამჭვირვალობის მიუხედავად, დასაფიქრებელია მისი სამომავლო შედეგები – ეს გააძლიერებს მუსლიმური საძმოსა და ყოფილი მმართველი პარტიის პოზიციებს და ახლად წარმოქმნილი პოლიტიკური ბლოკების განვითარების პერსპექტივებს შეზღუდავს. 
 
რეფერენდუმზე გამოცხადებული 18,5 მილიონი (41% ხმის მიცემის უფლების მქონე 45 მილიონიდან) ეგვიპტელიდან 77,2%-მა გამოტანილი საკითხები დადებითად შეაფასა. ცვლილებათა პაკეტი პრეზიდენტის უფლებებს გარკვეულწილად ზღუდავს: მმართველობის პერიოდი ორ ოთხწლიან ვადამდე დავიდა, შემცირდა მისი ძალაუფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით (ახლა საჭიროებს პარლამენტის თანხმობას), სავალდებულო გახდა ვიცე-პრეზიდენტის დანიშვნა, სასამართლოს არჩევნების კონტროლის უფლება დაუბრუნდა, ექვსი თვის განმავლობაში ჩატარდება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. თუმცა, პრეზიდენტის ძალაუფლება სხვა სახელისუფლებო შტოებთან საბოლოოდ არ არის დაბალანსებული. ამ საკითხს ახალი პარლამენტი განსაზღვრავს. აღნიშნული ინიციატივები მუბარაქის გადადგომის შემდეგ სამხედროების მიერ შექმნილმა 8-კაციანმა კომიტეტმა ჩამოაყალიბა. როგორც ცნობილია, რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყანას შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო მართავს.
 
რეფერენდუმის გზით ცვლილებების მიღებას მხარს უჭერდა დღეისათვის ყველაზე ძლიერი ორი პოლიტიკური პარტია: მუსლიმური საძმო, ერთ დროს არალეგალური ისლამისტური ჯგუფი და ყოფილი მმართველი ეროვნულ დემოკრატიული პარტიისგან (NDP) შემორჩენილი ფრაქცია. მათი მტკიცებით, ცვლილებების მიღება ქვეყნის სტაბილურობას წაადგება. გარდა ამისა, ახალი კონსტიტუციის დაწერა დროს მოითხოვს, რაც ტრანზიციის პროცესსა და სამხედროთა მიერ ხელისუფლებაზე კონტროლს გაახანგრძლივებდა. 
 
ცვლილებებს რეფორმისტი, ლიბერალი ეგვიპტელები და ახალგაზრდა აქტივისტები ეწინააღმდეგებოდნენ. საპრეზიდენტო კანდიდატი, ნობელის მშვიდობის პრიზის ლაურეატი და საერთაშორისო ატომური ენერგოსააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, მოჰამედ ალ-ბარადეი, ძველი კონსტიტუციის შეცვლის ნაცვლად მის თავიდან დაწერას ითხოვდა. სამხედროებს, მუსლიმურ საძმოსა და მუბარაქის ეროვნული დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს ის პროცესის განზრახ დაჩქარებაში ადანაშაულებდა. მართლაც, 10 დღეში შექმნილ ცვლილებათა პაკეტზე, საჯარო დისკუსიები 3 კვირა გრძელდებოდა და ყველა პოლიტიკურმა ძალამ მონაწილეობა ვერ მიიღო. მუბარაქის ერთპარტიული მმართველობის დამხობის შემდეგ ახალი პარტიები ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში არიან. ისინი გამოცდილებით, ორგანიზაციული სტრუქტურის არსებობითა და რესურსების ფლობით მუსლიმურ საძმოსა და მუბარაქის NDP-ის მემკვიდრეებს მკვეთრად ჩამორჩებიან. რეფორმისტებს შემოთავაზებული ცვლილებები პრეზიდენტის ფართო ძალაუფლების შეზღუდვისთვის საკმარისად არ მიაჩნიათ. ამ პოზიციას იზიარებს არაბული ქვეყნების ლიგის გენერალური მდივანი, ეგვიპტელი დიპლომატი და კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ამრ მუსა. 
 
მიღებული ცვლილებების მიხედვით, ივნისში საპარლამენტო, აგვისტოში კი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებს მათი მრავალფეროვანი წევრების გამო (სეკულარულები, ისლამისტები, ბიზნესმენები, საზოგადო ლიდერები) გაერთიანება გაუჭირდებათ. პარტიული კულტურის არარსებობის გამო ისინი ძირითადად პიროვნებების გარშემო იკრიბებიან. პრეზიდენტის უფლებებს სწორედ მათ მიერ დაკომპლექტებული პარლამენტის პირობებში უნდა გადახედონ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მუსლიმური საძმოსა და ძველი მმართველი პარტიის არჩევანი იქნება: გააგრძელებს მოდერნიზაციის გზას თუ წარმოქმნილ უპირატესობას პოზიციების გასამყარებლად გამოიყენებს. რეფორმისტები ამ გაერთიანებებს მათი არადემოკრატიული წარსულის გამო ნაკლებად ენდობიან. 

კომენტარები