ანთოლოგიის შესახებ

„თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგია” 6 ქართველი მწერლის 7 ნაწარმოებს აერთიანებს. ეს წიგნი პოსტსაბჭოთა საზოგადოების ტრანსფორმაციისა და საქართველოს უახლესი ისტორიის მოვლენების ლიტერატურული დამუშავებაა და 2010 წელს გერმანიაში, რაიხერტის გამომცემლობამ დაბეჭდა. ეს ქართული პროზის პირველი ბილინგვალური გამოცემაა, წიგნი, რომელიც მიზნად ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობების განახლებისა და ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავების ხელშეწყობას ისახავდა. გამოცემა, თავისი მნიშვნელობის გამო, 2010 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, „ფორუმ-დიალოგის” ფარგლებში ერთსაათიანი პოდიუმ-დისკუსიით წარმოადგინეს.  

წიგნის გამოცემას გერმანიის მხრიდან ფრანკფურტის მერია აფინანსებდა, ხოლო საქართველოს მხრიდან კულტურის სამინისტრო. ეს ორივე ქვეყნის მხრიდან კულტურული დიალოგის სურვილისა და საქართველოს ევროპულ სივრცეში ლიტერატურულ დონეზე ინტეგრაციის მნიშვნელობის დამადასტურებელი ფაქტია. გასათვალისწინებელია, რომ რამდენიმე წელიწადში, საქართველო ფრანკფურტის წიგნის მსოფლიო ბაზრობაზე შეიძლება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მოგვევლინოს. ეს ქართული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნისა და ევროპაში მისი გამოცემის სერიოზულ სტიმულად შეიძლება იქცეს. თანამედროვე ქართული ლიტერატურის გერმანულენოვანი ანთოლოგიის გამოცემა ამ პროცესის, როგორც სისტემატური მოვლენის, დასაწყისად უნდა მივიჩნიო.

ანთოლოგია, გერმანელ კავკასიოლოგთან იოსტ გიპერტთან ერთად, ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის პროგრამის ფარგლებში გამოვეცი. ლიტერატურული სალონის დაარსების იდეა 2008 წელს გამიჩნდა, როდესაც ფრანკფურტში წიგნის მსოფლიო ბაზრობაზე საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ჩამოსულ ქართველ მწერლებს: დათო ტურაშვილს, ლაშა ბუღაძეს, ბასა ჯანიკაშვილსა და რატი ამაღლობელს შევხვდი. სალონის დაარსების მიზანი გერმანულენოვან სამყაროში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და გერმანიაში მთარგმნელობითი პოტენციალის გააქტიურება გახლდათ. უკვე ორი წელია, ეს სალონი ფრანკფურტში ფუნქციონირებს და ყოველთვიურ ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოებს აწყობს ფრანკფურტის ერთ-ერთ ლიტერატურულ სახლში „რომანის ფაბრიკა”. სალონი იწვევს ქართველ ავტორებს, თარგმნის ქართულ ლიტერატურას. პირველივე პროექტი, რომელიც სალონმა განახორციელა, გახლდათ 2009 წელს გამართული ლიტერატურული საღამოების სერია თემატიკით „პოსტსაბჭოთა შპაგატი”, რომელიც „თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგიად” გამოიცა 2010 წელს. მიმდინარე წელს ლიტერატურული საღამოების თემატიკა გახლავთ „მიგრაცია, ინტეგრაცია, იდენტობა”, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლოს კიდევ ერთი გერმანულენოვანი წიგნის გამოცემით დასრულდება.

ანთოლოგიის ქართული პრეზენტაცია გასული წლის ნოემბერში, შოთა რუსთაველის სახ. თეატრში გაიმართა. გერმანული პრეზენტაცია კი – გერმანიის საელჩოს ინიციატივით სულ ახლახან, 16 მარტს, ლიტერატურის მუზეუმში, თბილისში. 
 
ქუთაისის ლიტერატურული საზოგადოება ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს დაგვიკავშირდა და ფრანკფურტის ლიტერატურულ სალონთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მე პირადად ვთვლი, რომ ქვეყნის კულტურულმა ცხოვრებამ თავი მარტო დედაქალაქში არ უნდა მოიყაროს – კულტურული ინტეგრაციის პროცესში მთელი საქართველო უნდა იყოს ჩართული, განსაკუთრებით ისტორიულად ისეთი ლიტერატურული პოტენციალის მქონე ქალაქი, როგორიც ქუთაისია. ამიტომ სიამოვნებით მივიღე მოწვევა ქუთაისის მერიისაგან, გერმანულენოვანი ანთოლოგიის პრეზენტაცია ქუთაისშიც გაგვემართა. ეს არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ოპერის თეატრში ერთი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოს გამართვით. იგი იმერეთის რეგიონის კულტურული ინტეგრაციის პროცესში შესაძლო ჩართვას და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების მოსინჯვას ისახავდა მიზნად, მათ შორის, მთარგმნელობით საქმიანობაში ქუთაისის უნივერსიტეტის გერმანული ენის დეპარტამენტის ჩაბმას. მედიების მიერ 5 დღის დაგვიანებით ატეხილმა სკანდალმა და ლიტერატურულ საღამოზე დამსწრე საზოგადოების მცირე ნაწილის ფოკუსირებამ ერთ კონკრეტულ გამონათქვამზე, სამწუხაროდ, გადაფარა ქუთაისში გამართული ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოს მნიშვნელობა. ერთი რეპლიკის ინტერპრეტაციის ფონზე დაიკარგა 18 მარტის საღამოს მთავარი ჩანაფიქრი – ქუთაისის ლიტერატურული საზოგადოებისა და ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის შესაძლო თანამშრომლობა, საქართველოს ევროპასთან ლიტერატურული ინტეგრაციის პროცესში.  
 
მანანა თანდაშვილი, ფრანკფურტის გოეთეს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი, ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის „ევტერპეს” დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 

კომენტარები