ახალი თაობის “თრეინსფოთინგი”

 როცა რამე ახალი წიგნი ან ფილმი გამოდის, კრიტიკოსები მას ხშირად რომელიმე გამოცდილ, საკულტო ნამუშევარს ადარებენ. ალბათ ეს ახალი ნამუშევრის ღირსებაზე და იმაზეც მეტყველებს, რომ ადამიანები მიდრეკილნი არიან, რამე ახალი და უცხო, ნაცნობ კატეგორიებს დაუქვემდებარონ...

ასე იყო მაშინ, როცა ჯერ დი-ბი-სი პიერის “ვერნონ გენიუს ლითლი” და მერე რიჩარდ მილვარდის “ვაშლები” სელინჯერის მოთხრობას – “თამაში ჭვავის ყანაში” – შეადარეს.
და ასეა ახლაც, როცა 18 მარტს ბრიტანეთის კინოეკრანებზე ახალი ფილმი “წყალქვეშა ნავი” (Submarine)  გამოვიდა. პოპულარული ბრიტანული მუსიკალური ჟურნალის, NME-ს ავტორმა მას “ამ თაობის თრეინსფოთინგი” უწოდა.

ისე ნუ გაიგებთ, რომ “წყალქვეშა ნავი” 90-იანების საკულტო ფილმს თემატიკით ან თუნდაც ესთეტიკით ჰგავდეს. ეს უბრალოდ ჩვენი დროის საკულტო ფილმია. და თუ “თრეინსფოთინგი” შოტლანდიაშია გადაღებული, “საბმარინის” მოქმედება უელსში ხდება, თუ იქ Pulp-ის და Underworld-ის მუსიკაა, აქ მუსიკა Arctic Monkeys-ის ალექს ტერნერს ეკუთვნის, თუ პირველი ირვინ უელშის რომანს ეყრდნობა, მეორე ჯო დანთორნის რომანზეა აგებული...

მოკლედ, ეს დიდი ბრიტანული ტრადიციებია... და ამიტომაცაა, რომ ფილმზე მომუშავე ჯგუფი ბრიტანელი მაყურებლისთვის ნაცნობია – მაგალითად, ახალბედა რეჟისორი რიჩარდ აიოვადი, რომელსაც საკმაოდ ცნობილი ჯგუფების ვიდეოები გადაუღია (Arctic Monkeys, Kasabian).

“წყალქვეშა ნავი” თინეიჯერ ოლივერზეა, რომელსაც თავი გენიოსი მწერალი ჰგონია (არადა, სკოლაში არაპოპულარული ბიჭია) და ორი მიზანი აქვს: 15 წლის სანამ გახდება, ვაჟიშვილობა დაკარგოს და შეარიგოს ნაჩხუბარი მშობლები...

ფილმის სიმართლეები მარტივი და უბრალო ჩანს, ტონი _ კომედიურ-ლირიკული, მაყურებელი კი გულწრფელი და არაპრეტენზიული... ...ისეთი, როგორიც ამ ტექსტის ავტორიც სიამოვნებით იქნებოდა.    

კომენტარები