Life After Death

14 წლის წინ, ნისლიან ოთხშაბათს, ლოს ანჯელესში, Soul Train Music Awards ჩატარდა. 135 მოწვეული სტუმრიდან ერთ-ერთი იქვე, ავტოსადგომამდე არმისული დარჩა. ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩაცხრილეს კრისტოფერ უოლასი, იგივე Notorious B.I.G. მუსიკალურმა ინდუსტრიამ მომავალი დაკარგა. ბიგის გარეპვა, ტელეკამერების წინ გლოკით თამაში, პირდაპირ ეთერში მაჩეტეთი ფეხის გაპარსვა და იმ დიდი კაცის დიდ გულში ჩატეული დიდი სიყვარული, წარსულის ფარდამ გადაფარა. ბიგი წავიდა. 

ბიგისთან ერთად იმ საღამოს კიდევ ერთი ბუნჩულა ბიჭი უნდა ყოფილიყო. ელ ეის პოპ პროგრამაზე დააგვიანა მისვლა შაკილ ო’ნილმა. და გადარჩა. შაკს და ბიგის ორი კომპოზიცია უნდა შეესრულებინათ და შემდეგ, ლეიკერსის აპარტამენტებში შესულიყვნენ. ჯერ ღამის გასათევად და დილიდან, უკვე ახალი კომპოზიციის დასამუშავებლად.

შაკი: “ბიგი ჩემი ძმა იყო. ბიგის გულში სიძულვილი ვერ შევიდოდა და ბიგის ყველაზე დიდი გული ჰქონდა. ლეიკერსში გადასვლამდე წავაგე ფინალი მეჯიქთან ერთად. დედამ დამირეკა, გამამხნევა და პირველი, ვინც მესტუმრა, მისტერ კრისტოფერ უოლასი იყო. როგორც ყოველთვის, ელეგანტურად ჩაცმული, რამდენიმე ლამაზ გოგონასთან ერთად. ბიგის ულამაზესი მეუღლე ჰყავდა. ის გოგონები ისე, ფონის შესაქმნელად დაჰყავდა. ყავა მომიდუღა, ხელი გადამხვია, გაეცინა. ძმაო, შენ წააგე ფინალი, მაგრამ იმას, მეორეს ბიგი ყავას არ მოუდუღებს და ამის გამო უხასიათოდ ის, მეორე იქნება. შენ არაფერი არ წაგიგია. შენ სულ მოგებული ხარ. იცი, რატომ? ხალხის სულში სითბო შეგაქვს. მეორეში ბიგიმ ჰაკიმ ოლაჯუონი იგულისხმა. ჰაკიმმა და როკეტსმა გადაგვიარეს და იქვე მიგვაგდეს. ბიგიმ ეს დამავიწყა. რამდენიმე კვირაში ლეიკერსთან კონტრაქტი გავაფორმე. ბიგიმ ჩემი წვეულება გახსნა. ლამაზი დღე იყო”.
 
შაკმაც რეპ-ინდუსტრიაში შეცურა. დიდი ბიჭის მესამე ალბომზე ბიგიმ და ო’ნილმა ერთად გარეპეს ჰიტში Can’t Stop the Reign. ო’ნილმა ნოტორიუსს თავისი პირველი ამუნიცია უსახსოვრა. ბიგიმ შაკი ბავშვობის ძმაკაცის ქორწილში დაპატიჟა და იქ, სამი თვის როტვეილერი, მანგო აჩუქა. მანგოს კისერზე ეკიდა ძეწკვი. ლამაზი, პატარა კულონით. ის კულონი გულის ფორმის იყო. 
 
შაკი: “იმ დღეს დაკავებული ვიყავი. სახლში რომ დავბრუნდი, დამეძინა. ტელეფონი გავთიშე. მეგობარმა გამაღვიძა, ოც წუთში შოუ იწყება და არ მივდივართო? წასვლა დამეზარა, დაღლილი ვიყავი. დავურეკე ბიგის, მაგრამ მას ტელეფონი ავტომოპასუხეზე ჰქონდა გადართული. შოუ მორჩა, დავრეკე საერთო მეგობრის კლუბში, გვიან იქ უნდა მივსულიყავით. მანამდე, რამდენიმე ტყვიამ ბიგის შოუ დახურა. იმ საღამოს მის მანქანასთან, ერთად რომ ვყოფილიყავით, მაინც ესროდნენ? რომ არ დამძინებოდა, ბიგისთან ერთად ვიქნებოდი. 9 მარტი ჩემთვის ტკივილის, გახსენების და სიყვარულის დღეა. 9 მარტს ბიგი მოკლეს. 9 მარტს სიყვარული წამართვეს და მარჯვენა ხელი მომკვეთეს”.
 
ბიგის სიკვდილიდან 15 დღეში, 1997 წლის 24 მარტს გამოდის ორმაგი დისკი Life After Death. დისკის პრეზენტაცია შაკმა გახსნა. დიდმა ბიჭმა ხმა ვერ ამოიღო. უბრალოდ, დააჭირა ვარდისფერ პულტზე ერთ-ერთ ღილაკს. დაიწყო Long Kiss Goodnight. 

კომენტარები