სამი მეფე

 XX საუკუნის 60-იანი წლები – Beatles-ის, სტენლი კუბრიკისა და პაკო რაბანის ეპოქა. სწორედ ამ დეკადაში ქვეყანას სამი პიროვნება მოევლინა, სამი მეფე, რომლებმაც რეკლამისა და მუსიკალური კლიპების სამყარო შეცვალეს – თანაბრად წარმატებული რეჟისორები კინოს, მუსიკისა და რეკლამების ინდუსტრიაში.

1962 წლის 28 აგვისტოს დენვერში, ერთ-ერთი „მეფე” დევიდ ლეო ფინჩერი დაიბადა. კინო ბავშვობიდანვე უყვარდა. 8 წლის ასაკში ფილმის გადაღებას ცდილობდა, 25 წლის უკვე ერთ-ერთ უნიჭიერეს რეკლამების რეჟისორად ითვლებოდა. „მე წმინდა ანტირეკლამისტი ვარ. არასოდეს გადავიღებ რეკლამას, სადაც ხალხს პროდუქტი უჭირავს ხელში და ამბობს, თუ როგორი დიდებულია ის. მე უბრალოდ არ გავაკეთებ ამას – ეს ჩემი საბოლოო სიტყვაა. Levi’s-ის რეკლამა – ჯინსზე არ იყო, არც Nike-ის რეკლამა ყოფილა ფეხსაცმელზე”, – ამ სიტყვებისთვის დევიდ ფინჩერს არასოდეს უღალატია, მისი რეკლამები მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები იყო, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ კანის კინოფესტივალზე გამარჯვება ან ოსკარის მოპოვება შესაბამის ნომინაციაში. რეკლამებს მუსიკალური კლიპები მოჰყვა. რეჟისორი ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა: Maddona, The Rolling Stones, Michael Jackson, George Michael. ამ უკანასკნელის სიმღერისთვის Freedom სუპერმოდელების მონაწილეობით ლეგენდარული კლიპი გადაიღო. ვიდეოკლიპებიდან კინოსამყაროსკენ მიმავალი გზა დევიდ ფინჩერმა მალევე იპოვა და 1992 წელს მხატვრული ფილმის რეჟისორი გახდა. ის ურთულესი გამოწვევის წინაშე დადგა – რიდლი სკოტის შედევრის და ჯეიმს ქემერონის არანაკლებ დიდებული სიქველის გაგრძელებას უნდა შესჭიდებოდა. „უცხო 3” სწორედ ფინჩერმა გადაიღო და თავის კარიერაში ჯერჯერობით პირველი და უკანასკნელი კრახი განიცადა. პროდიუსერებმა დამწყებ რეჟისორს გასაქანი არ მისცეს და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ფინჩერმა სურათი მონტაჟის დაწყებამდე მიატოვა. შედეგად კინოსამყარომ საშინელი ფილმი მიიღო, კლიპმეიკერმა კი პირველი იმედგაცრუება. სამ წელიწადში ხელოვანმა მეორეჯერ სცადა ბედი კინოში, ამჯერად სამუშაო პროცესზე სრული კონტროლი ჰქონდა და პროდიუსერებმა მხოლოდ ფინალური სცენის შეცვლა სთხოვეს. „შვიდი” დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო დეტექტიურ თრილერად ითვლება. მეორე იმედგაცრუება „მებრძოლთა კლუბს” მოჰყვა. ჩაკ პალანიკის წიგნის წაკითხვის შემდეგ, დევიდი ტელეფონს ეცა – ნაცნობ პროდიუსერებს დაურეკა, ფილმის ბიუჯეტისთვის 60 მილიონი დოლარი და მთავარ როლში ბრედ პიტი ითხოვა. მისი სურვილი დაკმაყოფილდა, მაგრამ ფილმი კინოგაქირავებაში ჩავარდა. ნამუშევარი კრიტიკოსებმაც არ დაინდეს და მიწასთან გაასწორეს. არაერთმა კრიტიკოსმა თავისი რეცენზია წლების შემდეგ შეცვალა, ფილმი კი საკულტო ნამუშევრად ვიდეოკასეტებითა და DVD დისკებით იქცა. ის დღეს უამრავი ახალგაზრდის ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარია. 

 
 80-იან წლებში Propaganda Films-ი შეიქმნა. კომპანია, რომელიც 90-იანი წლებისთვის ამერიკული ვიდეოკლიპების თითქმის ერთ მესამედს იღებდა. ამ კომპანიის წევრი, დევიდ ფინჩერთან ერთად, მისი მომავალი ახლო მეგობარი და მეორე „მეფე” სპაიკ ჯონზი იყო. 
 
1969 წელს როკვილში, მერილენდის შტატში ადამ შპიგელი დაიბადა. 90-იან წლებში უკვე სპაიკ ჯონზის ფსევდონიმით კლიპებზე და რეკლამებზე მუშაობა დაიწყო და ძალიან მალე კრიტიკოსებისა და მაყურებლების გულები მოიგო. Daft Punk – Da Funk, Fatboy Slim – Weapon of Choice და The Chemical Brothers – Elektrobank რეჟისორის საუკეთესო კლიპებად შეიძლება ჩაითვალოს. Fatboy Slim – Praise You კი ჯონზის შემოქმედების გვირგვინად. ამერიკელ რეჟისორს არც რეკლამების სამყაროში გაჭირვებია აღიარების მოპოვება: Levi’s-ის, GAP-ისა და IKEA-სთვის გადაღებული ნამუშევრები ორიგინალურობითა და მხოლოდ ჯონზისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით ხასიათდება. სპაიკს ძალიან უყვარს ტრადიციული კინოს, ლაივ-ექშენისა და ანიმაციის ეკლექტიკა, ფილმებში თოჯინების გამოყენება და პროვოკაციული გამოსახულების შექმნა. ამის დასტურად მისი კლიპი Y Control კმარა, რომელიც თავისი გელფრენდის (Karen O) ბენდისთვის – Yeah Yeah Yeahs – გადაიღო. ამ ინდი როკ-ჯგუფის ვოკალისტთან ჯონზმა Adidas-ის რეკლამისთვისაც ითანამშრომლა. 2005 წლის ამ ნამუშევრისთვის რეჟისორმა არაერთი ჯილდო, მათ შორის კანის კინოფესტივალზე ორი ოქროს ლომიც მიიღო. 
 
 მეგობრისგან განსხვავებით სპაიკ ჯონზი კინოში ქარიშხალივით შემოიჭრა. 1999 წელს „ჯონ მალკოვიჩის თავი” გადაიღო და კრიტიკოსების სიმპათიები დაიმსახურა. ფილმი სცენარისტ ჩარლი კაუფმანთან ერთად გააკეთა და პირველი წარმატების შემდეგ მასთან თანამშრომლობა 2002 წელსაც განაახლა, როდესაც „ადაპტაცია” შექმნა. 4 ოსკარის ნომინანტი სურათი და ნამუშევარი, სადაც ნიკოლას ქეიჯიც კი ბრწყინვალედ თამაშობს. 2001 წელს სპაიკს „ადამიანის ბუნება” უნდა გადაეღო, მაგრამ პროექტზე უარი განაცხადა და რეჟისორის სავარძელი თავის მეგობარსა და მესამე „მეფეს” – მიშელ გონდრის დაუთმო. 
 
მიშელი 1963 წელს საფრანგეთში დაიბადა. კარიერა მუსიკალური კლიპების გადაღებით დაიწყო. როკ-ბენდ Oui Oui-ს დრამერი თავისი ჯგუფისთვის თვითონვე იღებდა კლიპებს. მისი სტილით ისლანდიელი მომღერალი Björk დაინტერესდა და აქედან დაიწყო რეჟისორის აღმასვლა. Björk, Massive Attack, The Chemical Brothers, The White Stripes – ეს იმ შემსრულებლების არასრული ჩამონათვალია, რომელთანაც გონდრის სხვადასხვა დროს უმუშავია. მისი კლიპი Daft Punk-ის სიმღერისთვის Around the World მუსიკალური კლიპების „მოქალაქე კეინია”, საკულტო ვიდეო, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ნამუშევარი თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული ნამდვილად არის. თავისი მეგობარი „მეფეების” მსგავსად, არც მას გაჭირვებია რეკლამაში დამკვიდრება. მეტიც, ის ალბათ საუკეთესო რეჟისორია ამ სფეროში. Coca-Cola, GAP, Levi's, Polaroid – ეს კომპანიები ფრანგ შემოქმედს უნდა უმადლოდნენ ბრწყინვალე ვიდეოებს. ცალკე სტატიას, წიგნს ან ფილმს იმსახურებს მიშელ გონდრის რეკლამა არაყ Smirnoff-ისთვის. ამ კლიპში საოცარ მონტაჟთან და ოპერატორულ ნამუშევართან ერთად რეჟისორმა პირველად „შეანელა” ტყვია. ბევრს ჰგონია, რომ ეს ტექნოლოგია პირველად „მატრიცაში” გამოიყენეს. ის პიონერია რეკლამებში საგნების ტრანსფორმაციასა და ერთი კადრის ერთდროულად რამდენიმე კუთხით გადაღებაში. 
 
ფრანგ რეჟისორს კინოში აღიარება მეორე ფილმმა მოუტანა. ესაა „ბრწყინვალე გონების მარადიული ნათება”, რომელიც არა მხოლოდ 2004 წლის, არამედ ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმია. გონდრიმ მთელი თავისი ნიჭი და ტექნიკური ცოდნა გამოიყენა, ჩარლი კაუფმანის კარგი სცენარის ეკრანზე უნაკლოდ გადასატანად. რეჟისორმა საკუთარი სიურრეალისტური ფანტაზიები შემდგომ ნამუშევრებშიც გააცოცხლა („ძილის მეცნიერება”, „გადაახვიე”), მაგრამ იმავე ეფექტის გამეორება ვერ შეძლო.
 
სამი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული მეგობარი. სამი მეფე, რომელიც სხვადასხვა სტილსა და ესთეტიკას აერთიანებს. დევიდ ფინჩერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინორეჟისორია – 2010 წელს ოქროს გლობუსი მოიგო რეჟისურისთვის („სოციალური ქსელი”). მიშელ გონდრი რეკლამების ღმერთია, რომელსაც კინოში უფრო მეტად გაუჭირდა ფეხის მოკიდება, ვიდრე სპაიკ ჯონზს. ჯონზი 2010 წელს, ბოლო გრემის ტრიუმფატორ Arcade Fire-ს ალბომის მიხედვით გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს უშვებს. 2009 წელს „სადაც ველური არსებები არიან” გადაიღო, საოცრად თბილი და სევდიანი ფილმი, მორის სენდაკის ამავე სახელწოდების ნაწარმოების ბრწყინვალე ეკრანიზაცია. მათ რეკლამის, მუსიკისა და კინოს გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ აკავშირებთ. ეს „სამება” სამივე სფეროში გამორჩეული იყო და არის, მათი პროდუქცია „სამაგიდო ნამუშევრებია”, რომელიც დამწყებ რეჟისორებს აუცილებლად წაადგებათ. რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი მეფეები არიან, რომლებმაც რეკლამა და მუსიკალური კლიპები მხატვრული კინოს დონეზე აიყვანეს. 

კომენტარები