პირველი მოწოდება არ გავიდა. მომწოდებელმა ღრმად ჩაისუნთქა, ბურთი რამდენჯერმე აკენწლა, ოფლსაწმენდით სახე შეიმშრალა. მიმღები ოდნავ კორტში შევიდა. მეორე მოწოდება უფრო სუსტი იქნება, ბურთს მაღალ წერტილში უნდა დახვდეს და ხუთსაათიანი გარჩევა მორჩება. ბურთი 160 კილომეტრი/საათში სიჩქარით გადმოდის მეორე ნახევარზე, მიმღებმა მარჯვნიდან უკანა ხაზზე დაასვა. ქულა, გეიმი, სეტი ერთ-ერთს და ტკივილი, იმედგაცრუება მეორეს. ხუთსეტიანი საჩოგბურთო საუბარი გათავდა. დამღლელი დიალოგის შემდეგ, მოთამაშეს გასახდელამდე მისვლა უჭირს და ბრიფინგზე სიტყვები ერევა, აზრს ვერ აყალიბებს.
პრო ტურზე ყოველთვის იყვნენ საჩოგბურთო მაზოხიზმში ყველაზე კარგები. უიმბლდონის სამგზის ჩემპიონს, ბორის ბეკერს 46 იდენტურ VS-ში 32 აქვს მოგებული. მშვენივრად გრძნობდნენ თავს ხანგრძლივ შეხვედრებში ამერიკელი ფლეიბოი აარონ კრიკშტეინი (28:9) და შვედი კიბორგი მათს ვილანდერი (26:12).
ბეკერი: „მეხუთე სეტის წაგება უხერხულია. არ იგებ ეისებით. არ იგებ ბადესთან რისკიანი დარტყმებით. არ იგებ გამოცდილებით. იგებ გამძლეობით და თუ გრძნობ, რომ საქმეს სწრაფად ვერ ამთავრებ, მეხუთე სეტისთვის ენერგია უნდა დაიტოვო”.
ბრედ გილბერტი ერთეულებში მეოთხე ნომერი იყო, მაგრამ კარიერის ყველაზე წარმატებულ პერიოდში ხუთსეტიანებს უფრო ხშირად აგებდა. გილბერტმა 31 ხუთსეტიანში ითამაშა და 15 წააგო. გაცილებით კარგად გრძნობდა ბრედი თავს იმავე სიტუაციებში მწვრთნელის როლში. გილბერტმა ანდრე აგასის დიდი მუზარადის ექვსი ტურნირი და 12 ხუთსეტიანი ომი მოაგებინა.
გილბერტი: “ანდრე მეხუთე სეტამდე იშვიათად იღლებოდა. იცოდა, რომ ვისაც არ უნდა შეხვედროდა, მოწინააღმდეგე (თუ პიტ სამპრასი არ იყო) მეტს ინერვიულებდა და კონცენტრაციას ვერ შეინარჩუნებდა. აგასი ყველაზე კარგად გრძნობდა, რას გააკეთებდა შემდეგ მომენტში მეტოქე”.
15 წლის წინ, პიტ სამპრასმა კინაღამ წააგო ალექს კორეტხასთან. პიტმა ესპანელზე მეტი შეცდომა დაუშვა, ნაკლები ბრეიკ პოინტი მიიღო, საკუთარ მოწოდებაზე 14 ორმაგი წაბორძიკება დაუგროვდა. სამპრასმა მაინც მოიგო. მეხუთე სეტში ამერიკელს სუნთქვა შეეკრა, პირველივე გეიმში სმეშის დროს ზურგი იტკინა, მაგრამ მაინც მოიგო. პიტმა მეხუთე სეტის წარმატებით დახურვა იცოდა და ამ საქმის რეცეპტი ბოლომდე შეინარჩუნა. სამპრასმა კორეტხასთან ერთი მატჩ პოინტი გადაარჩინა და 7:6 (5), 5:7, 5:7, 6:4, 7:6 (7) მოაგვარა ყველაფერი.
დღევანდელი გენერაციის ბიჭებიდან მეხუთე სეტში მოგება-წაგების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს რაფაელ ნადალს (14:3). შემდეგ მოდიან ნოვაკ ჯოკოვიჩი (12:5), დმიტრი ტურსუნოვი (11:5), ტომაშ ბერდიხი (13:6) და იანკო ტიპსარევიჩი (13:6).
ივან ლენდლი, რომელიც 1982-89 წლებში სულ ამერიკული მეიჯორის ფინალში გადიოდა, მეხუთე სეტში მშვიდდებოდა, თავს იმ მეორე, დაღლილ პერსონაჟზე უკეთ გრძნობდა.
ლენდლი: “მეხუთე სეტის პირველ სამ გეიმში მაქსიმალურად ვცდილობდი, მოწინააღმდეგეს ბრეიქი არ გაეკეთებინა. თავიდანვე მოწოდების დაკარგვის შემდეგ, რთული, თითქმის არარეალურია იმ კონკრეტული მატჩის გადარჩენა. ნადალს ხუთსეტიანის მერე ორი სენდვიჩი რომ აათვისებინო, კიდევ ათ სეტს ჩაატარებს, მაგრამ ნადალი გამორჩეულია. მეხუთე სეტის სტარტზე კარიერის ბოლომდე, პატარა ბავშვივით ვნერვიულობდი”.
ხუთსეტიანებში (1973 წლიდან) ყველაზე კარგი პროცენტული მაჩვენებელი აქვს ნადალს (82.4 %), ესპანელის შემდეგ ცოცხალ რიგში დგანან იოჰან კრიკი (81.8), როს ქეისი (81.3), ბიორნ ბორგი (80.0) და ჰაროლდ სოლომონი (76.2).




