გაფართოებითა და ლოდინით გადაღლილნი

 2010 წლის ოქტომბერში ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანული მულტიკულტურალიზმი „ჩავარდა”. მისი განცხადება, პირველ რიგში, ქვეყანაში თურქი ემიგრანტების მდგომარეობას ეხებოდა. გერმანულ საზოგადოებაში მილიონობით თურქის ინტეგრაცია გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ემიგრანტების ზრდის პარალელურად, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების მხარდამჭერ გერმანელთა რიცხვი იკლებს. გამოკითხული რესპონდენტების 69% ეწინააღმდეგება თურქეთის ერთიან ევროპულ ოჯახში შესვლას, ევროკავშირის მასშტაბით ქვეყნის წევრობას კი მხოლოდ 23% უჭერს მხარს. 

მარტის დასაწყისში, თურქეთის პრემიერ-მინისტრ ერდოღანის ვიზიტი გერმანიაში, ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა. ერდოღანი დიუსელდორფში თურქული წარმოშობის მოსახლეობას შეხვდა. ქალაქში გამოჩნდა პოსტერები – მოსახლეობას მათ მინისტრ-პრეზიდენტთან შეხვედრისკენ მოუწოდებდნენ. წინადადება მამრობით სქესში იყო დაწერილი, როდესაც ჩრდილოეთ რაის-ვესტფალიის მინისტრ-პრეზიდენტი ქალია. გერმანულ ენაში ტერმინი მინისტრ-პრეზიდენტი ზოგჯერ პრემიერ-მინისტრის მნიშვნელობითაც იხმარება. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თურქული წარმოშობის მოსახლეობა საკუთარ პოლიტიკურ წარმომადგენლად სხვა ქვეყნის ლიდერს მიიჩნევს. გარდა პროვოკაციული პოსტერებისა, ერდოღანის გამოსვლაც პოპულისტური გახლდათ. მან გერმანიაში დაბადებულ და გერმანული პასპორტის მქონე მოსახლეობას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად მიმართა, ასიმილაციის პოლიტიკის წინააღმდეგობისკენ და თურქული ენის სწავლისკენ მოუწოდა. ბოლოს მან ისლამოფობია ანტისემიტიზმსაც შეადარა. გერმანიაში 2008 წლის ვიზიტისას ერდოღანმა ასიმილაციის პოლიტიკას კაცობრიობის წინაშე დანაშაული უწოდა. ზაფხულში პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნები ელის და შესაძლოა, პოპულიზმი სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. 

  ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე თურქეთისთვის დამატებით დაბრკოლებად საკუთარი მოქალაქეები იქცნენ. გაწევრიანების შემთხვევაში მათ უპრობლემოდ შეეძლებათ ნებისმიერ წევრ ქვეყანაში შესვლა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ კი, დამატებითი იაფი მუშახელის შემოდინებას ევროკავშირში კარგი თვალით არ უყურებენ. თურქეთის გაწევრიანება მნიშვნელოვნად გაზრდის ევროკავშირის სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებს. ჩამორჩენილი რეგიონების განვითარებისთვის თურქეთს სტრუქტურული და რეგიონული ფონდებიდან დიდი წილი უნდა ერგოს, რაც სკეპტიკოსებისთვის დამატებითი არგუმენტია.

 
თურქეთისთვის კიდევ ერთი პრობლემა ევროპული იდენტობაა. ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ პოსტზე მოსვლისთანავე განაცხადა, რომ ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას შეეწინააღმდეგება. მისი თქმით, თურქეთი ისლამური სახელმწიფოა და მისი წევრობა ევროპის ქრისტიანულ რელიგიაზე დაფუძნებულ ღირებულებებს საფრთხეს შეუქმნის.
 
იდენტობაზე ირიბად ევროგაერთიანების დამფუძნებელი, 1957 წლის რომის ხელშეკრულებაც მიუთითებს. ხელშეკრულების მიხედვით, კავშირის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, თუმცა რას ნიშნავს ევროპულობა, არც რომის და არც სხვა მომდევნო ხელშეკრულებებში განსაზღვრული არ არის. Harvard International Review-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დიმიტრის კერიდისი და კონსტანტინ არვანიტოპულოსი აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ევროპული იდენტობისთვის საკვანძო მომენტი მეორე მსოფლიო ომი იყო. მან ბებერი კონტინენტის მორალური უპირატესობის რწმენა დაანგრია. პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაკოტრებულმა ევროპამ მილიტარიზმი და ნაციონალიზმი ადამიანის უფლებებითა და სოციალური სოლიდარობით ჩაანაცვლა. მეორე მსოფლიო ომში თურქეთს მონაწილეობა არ მიუღია, რის გამოც ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილმა ქემალიზმმა ქვეყანაში ძალაუფლება და ლეგიტიმურობა შეინარჩუნა. მისი დემოკრატიის დამცველად არმია წარმოჩინდა, რომელმაც ბოლო 60 წლის განმავლობაში 4 სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. მიუხედავად NATO-ს წევრობისა და ევროკავშირთან ფართო თანამშრომლობისა, თურქეთის პოლიტიკური სისტემა წლების მანძილზე არასტაბილური იყო. კრიზისულ სიტუაციებში მას შინაგანი სამხედრო ძალა აბალანსებდა. პოლიტიკაში არმიის არაპროპორციულად დიდი როლი და სახელმწიფო სტრუქტურების დემოკრატიის დეფიციტი, ეთნიკური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებასთან ერთად, თურქეთს ევროპული დემოკრატიებისგან განასხვავებს.
 
თურქეთ-ევროკავშირის გაუცხოებას ცნობილი თურქი მწერალი ორჰან ფამუქიც ეხება. New York Book Review-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მას მოჰყავს XVI საუკუნის არაბი მოაზროვნის იბნ ხალდუნის სიტყვები, რომ კრიზისში მყოფი ცივილიზაცია მდგომარეობიდან გამოსვლას მიბაძვით ცდილობს. თურქეთი არასოდეს ყოფილა ევროპული იმპერიის უღელქვეშ, რამაც ევროპის გაფეტიშებას შეუწყო ხელი. დღეს მდგომარეობა შეიცვალა, თურქეთი უკვე აღარ არის ღარიბი, არმიის მიერ მართული სუსტი სახელმწიფო. ის თანამედროვე ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს. თურქული ინტელექტუალური ელიტის თვალში ევროპამ მორალური იმპერატივი დაკარგა. ფამუქს საფრანგეთის მაგალითი მოჰყავს, რომლის სეკულარული სახელმწიფო მოდელი თურქეთისთვის ეტალონს წარმოადგენდა. ევროკავშირში თურქეთის მიღების წინააღმდეგობის გამო საფრანგეთი მისაბაძიდან არასასურველ ქვეყნად იქცა. დევიზმა – თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა – ემოციური ეფექტი დაკარგა.
 
თურქეთი აგრძელებს დემოკრატიულ რეფორმებს. რეფერენდუმზე მოსახლეობამ მხარი დაუჭირა კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც ზღუდავს არმიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტებისთვის პარლამენტს უფრო ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს.
ამავდროულად, ქვეყანაში ლოდინისგან გადაღლილობა იგრძნობა. Transatlantic Trend-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 34% თვლის, რომ ქვეყანამ ევროკავშირისგან დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა გაატაროს. საგარეო პოლიტიკის ახლო აღმოსავლეთზე აქცენტირებას 20% ემხრობა, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა კი 38%-მდე დაეცა. 
 
მოსახლეობის განწყობასთან ერთად შეიცვალა თურქეთის საგარეო პოლიტიკური კურსიც. თურქეთი დაუახლოვდა სირიასა და ირანს, ძველ პარტნიორ ისრაელთან კი ურთიერთობები გაუფუჭდა. არც თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს უდგას საუკეთესო დრო. Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული წერილებიდან ჩანს, რომ ამერიკელი დიპლომატები პრემიერ-მინისტრ ერდოღანისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავუთოღლუს საგარეო პოლიტიკას ფრთხილად ეკიდებიან. თურქეთს არ აკმაყოფილებს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეთავაზებაც ხმელთაშუა ზღვის კავშირში გაწევრიანებაზე. ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში ნელ-ნელა მყარდება აზრი, რომ ევროკავშირს უფრო სჭირდება თურქეთი, ვიდრე პირიქით. ამ იდეის წისქვილზე ეკონომიკური წარმატება და გეოგრაფიული მდებარეობა ასხამს წყალს – თურქეთი ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ენერგეტიკული დერეფანია. 
 
პოლიტიკური თუ კულტურული განსხვავებების მიუხედავად, ევროკავშირი ვერ უარყოფს თურქეთის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ამ უკანასკნელის გაძლიერებისა და გააქტიურების ფონზე. ბრიუსელისთვის თურქეთი ევროპის საზღვრებს მიღმა გავლენის გავრცელების შანსს წარმოადგენს. ევროკავშირს შეუძლია აირჩიოს – მისთვის თურქეთი იყოს ან საშინაო ან საგარეო პოლიტიკური საკითხი – თუმცა დროის გასვლასთან ერთად, მას არჩევანის ფუფუნება, შესაძლოა, ხელიდან გამოეცალოს. 
 

კომენტარები