ბილიჩი თბილისში სამ ქულას გეგმავს

ხვალ, საღამოს 9 საათზე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ხორვატიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ევროპის 2012 წლის  ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.

სტუმართა ნაკრები თბილისში დღეს ჩამოფრინდა, ცოტა ხანი დაისვენა და შემდეგ ეროვნულ სტადიონს ეწვია. მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა ჯერ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა, შემდეგ კი უკვე მოედანზე გადაინაცვლა და ნაკრების ვარჯიშს ჩაუდგა სათავეში.

ხორვატთა დამრიგებელმა თავიდანვე ითხოვა, ძალიან მეჩქარება და სულ რამდენიმე შეკითხვას ვუპასუხებო და შემდეგ საქმეზე გადავიდა: „კარგ თამაშს ველოდები. უკვე ვიცით, რომ ტრიბუნები მთლიანად შეივსება, ეს ფეხბურთისთვის უმთავრესია. შეხვედრას დამატებით ინტერესს სძენს ის ფაქტიც, რომ ორივე ნაკრები ჯერჯერობით დაუმარცხებელია“.

შემდეგ ბილიჩი საკუთარი გუნდის პრობლემებზე გადაერთო: „მართლაც დიდი ხანია ასეთი რამ არ მომხდარა, ხვალ არ გვეყოლება ორი წამყვანი თავდამსხმელი - ედუარდო და ივიცა ოლიჩი. ამის მიუხედავად, ეს არ მაშინებს. ჩვენს გუნდში საკმარისად არიან მაღალი დონის ფორვარდები და მათი იმედი გვაქვს. აქ ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ედუარდო მოულოდნელად გამოგვაკლდა. ოლიჩი რომ არ გვეყოლებოდა, ამას კარგა ხნის წინ შევეგუეთ“.

სულ ბოლოს სლავენ ბილიჩმა საქართველოს ნაკრებსა და მეტოქე გუნდების შანსებზე ისაუბრა: „თავიდან, როდესაც ჩვენი ჯგუფის წევრები გაირკვნენ, ყველამ თქვა, რომ პირველ სამ ადგილს ხორვატია, ისრაელი და საბერძნეთი გაინაწილებდნენ. მე მაშინვე გავნაცხადე, რომ ამ გარჩევაში საქართველო და ლატვიაც ჩაერეოდნენ. როგორც ხედავთ, ასეც მოხდა. ორივე ეს გუნდი ტოლს არ უდებს მეტოქეებს.

ახლა რაც შეეხება შანსებს. ჩვენ აქ გამარჯვებისათვის და სამი ქულისათვის ჩამოვედით. თუმცა არავინ იცის, თამაშის შემდეგ იქნებ ერთი ქულის წაღებითაც კმაყოფილი ვიყო. ეს ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.

მე პატივს ვცემ საქართველოს ნაკრებს. ის თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები გუნდურადაც ათამაშდნენ. თქვენი გუნდი ნებისმიერი მეტოქისათვის ანგარიშგასაწევი ძალაა“.

კომენტარები