საქართველოს ყველაზე ტიტულიან კლუბს თბილისის დინამოს რამდენიმე თვეა ახალი მფლობელი ჰყავს – ბიზნესმენი რომან ფიფია. მან გუნდი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან შეიძინა.
ამ ცვლილებას, რომელსაც კლუბში ბოლო ხანს შექმნილი მდგომარეობა ნამდვილად ითხოვდა, კონკრეტული ნაბიჯებიც მოჰყვა: შეიცვალა ხელმძღვანელობა, ამავდროულად კი დიღომში, ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
ტაბულა კლუბის გენერალურ დირექტორს ზურაბ პოლოლიკაშვილს დინამოს საკალათბურთო ბაზაზე შეხვდა – ფეხბურთელები, ბაზის რეკონსტრუქციის დასრულებამდე, იქ დარჩებიან.
ბოლო წლების მანძილზე დინამო აშკარა კრიზისს განიცდიდა: ევროთასებზე რომ არაფერი ვთქვათ, გუნდმა საქართველოშიც დათმო პოზიციები. და ასეთ დროს კლუბში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა. საინტერესოა, როგორ გესახებათ თქვენ და თქვენს გუნდს დინამოს მომავალი და რა არის მთავარი მიზანი?
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია ვითარების გამოსასწორებლად, კარგი კი ისაა, რომ გვწამს საკუთარი შესაძლებლობების და ვიცით, როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგებს. ფეხბურთში, ისევე როგორც ყველა საქმეში, მთავარი რწმენაა – თუ ადამიანს ეს არ გააჩნია, სჯობს თავი დაანებოს ყველაფერს, სულერთია, შედეგით მაინც გაწბილდება. შესაძლოა თქვან, რომ მთავარი პრობლემა – დაფინანსება, ახალი მფლობელის მოსვლის შემდეგ გადაჭრილია და ახლა ბევრი არაფერია საკეთებელი, მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა. პირიქით, სწორედ ასეთ დროსაა საჭირო საქმისადმი სწორი დამოკიდებულება. ცხადია, ყველას გვმართებს მონდომება: ხელმძღვანელებით დაწყებული მწვრთნელებით და ფეხბურთელებით დასრულებული. თუ თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად დაიხარჯება კლუბისთვის, აუცილებლად იქნება ის შედეგი, რასაც ყველა ელის – კლუბიც და გულშემატკივარიც. მთავარ მიზანზე კი, შემიძლია გითხრათ, რომ ეს კლუბისთვის იმ სახელ-დიდების დაბრუნებაა, რაც მას ათწლეულების მანძილზე გააჩნდა. ყველას კარგად ახსოვს, რომ ქართული ფეხბურთი, პირველ რიგში, სწორედ დინამოსთან ასოცირდებოდა. გვსურს, რომ ახლო მომავალშიც იგივე სიტუაცია იყოს.
რა არის საჭირო ძლიერი გუნდის ჩამოსაყალიბებლად?
დღესდღეობით ფეხბურთში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფინანსებს და კარგია, რომ დინამოს გამოუჩნდა პატრონი, ვისაც კლუბისთვის წარსული დიდების დაბრუნება სურს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საამისო რესურსიც გააჩნია. მათ შორის, ცხადია, ფინანსებსაც ვგულისხმობ. ეს მე, პირველ რიგში, როგორც გულშემატკივარს ძალიან მახარებს. როცა კლუბში ბატონი რომანის მოსვლაზე ვსაუბრობ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის საქციელიც – კლუბის შენარჩუნებას მათ გასხვისება ამჯობინეს, ამით ყველამ მოიგო, პირველ რიგში კი თბილისის დინამომ... თუ კლუბის ახლო წარსულს გადავხედავთ, 90-იან წლებს და შემდგომ პერიოდს, იყო გამონათებები, თუმცა წარმატება სტაბილური არ ყოფილა. ეს უამრავი მიზეზით იყო გამოწვეული. გვინდა, რომ იმ ფინანსურ რესურსს, რაც დღეს დინამოს გააჩნია, ჩვენი გამოცდილება და საქმიანი კავშირებიც დავურთოთ. ასეთ შემთხვევაში კლუბის საგრძნობი გაძლიერება გარდაუვალია.
ახლო წარსულში, განსაკუთრებით 90-იანებში, კლუბის მესვეურთაგან ხშირად გვესმოდა, რომ დინამოში ეგრეთ წოდებული ოცნების გუნდის შექმნა იგეგმებოდა. სამწუხაროდ, ასეთი რამ არ მომხდარა...
ჩვენს პროექტს „ოცნების გუნდს” ნამდვილად ვერ დავარქმევ, თუმცა მიზნად გვაქვს ისეთი კლუბის ჩამოყალიბება, რომელიც გულშემატკივარს სტადიონზე დააბრუნებს. პირდაპირ გეტყვით: თბილისის დინამოსთვის საქართველოს ჩემპიონატის და თასის მოგება კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იდგეს – ეს პრიორიტეტი არ უნდა იყოს. ჩვენ ევროთასებზე უნდა ვცდილობდეთ წარმატების მიღწევას, უნდა შეგვეძლოს საშუალო დონის ევროპულ კლუბებთან თანაბრად თამაში. ცხადია, ამას რომ ვამბობ, კარგად ვხვდები, რომ მიზანს დღეს და ხვალ ვერ მივაღწევთ, მაგრამ გარწმუნებთ, დინამოს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რამდენიმე წელიწადში გამართულ, ძლიერ ევროპულ კლუბად იქცეს. რაც შეეხება „ოცნების გუნდს”, პირადად მე ვთვლი, რომ ის დინამო, რომელმაც 1993 წელს ჩემპიონთა თასზე ითამაშა ლინფილდის წინააღმდეგ, მართლა ასეთი იყო. იმ შემადგენლობიდან თითქმის ყველამ დიდი ფეხბურთი ითამაშა. დღემდე მახსოვს ის ემოცია, რაც მაშინ განვიცადე გიო ქინქლაძის ან შოთა არველაძის თამაშის ცქერისას...
ბოლო წლების მანძილზე გვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დინამოს არ გააჩნდა სამოქმედო გეგმა, რამდენიმე წელიწადზე გათვლილი პროექტი, რომელიც კლუბს კონკრეტულ შედეგამდე მიიყვანდა. დღეს როგორი სიტუაციაა?
ჩვენ გვაქვს ორი ტიპის სამოქმედო გეგმა: მოკლევადიანი და გრძელვადიანი.
მოკლევადიანში იგულისხმება მიმდინარე და მომავალი სეზონები. წლეულს ჩვენი პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონატის მოგებაა, შემდეგ კი მაქსიმალურად კარგად მომზადება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. თუ ეს ვერ შევძელით, მაშინ წარმატებით თამაში ევროპის ლიგაზე – რამდენიმე ეტაპის გავლა. საქართველოს ჩემპიონატის მოსაგებად ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი – არასრული ორი თვე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ტურებში დინამო ჩინებულად თამაშობს და შედეგებს ვაუმჯობესებთ, ამავდროულად კი აპრილში უშუალო კონკურენტებთან გვიწევს თამაში, ვეცდებით მიზანს მივაღწიოთ.
რაც შეეხება გრძელვადიან გეგმას, ის რამდენიმე წელიწადზეა გაწერილი: გვსურს, რომ ჩამოვაყალიბოთ საფეხბურთო აკადემია, სადაც მშობლებს 7-8 წლის ასაკის ბავშვების მოყვანა შეეძლებათ. ამავდროულად, უკვე ვქმნით სელექციონერთა ჯგუფს, რომლებიც ნიჭიერ მოზარდებს არა მარტო თბილისში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიძიებენ. გრძელვადიანი პროგრამის ნაწილია ძლიერი სპეციალისტების ეტაპობრივი მოწვევაც, რომლებსაც დინამოს განვითარებაში დიდი როლი მიენიჭებათ. დღესვე შემიძლია გითხრათ, რომ მალე ჩვენთან ფიზმომზადების ორი უცხოელი სპეციალისტი დაიწყებს მუშაობას, ჩვენს მწვრთნელებს კი ძლიერ კლუბებში მივავლენთ გამოცდილების მისაღებად. მეორეხარისხოვან გუნდებს არ ვგულისხმობ – ბარსელონას, ესპანიოლს, მადრიდის ატლეტიკოს – ამ დონის კლუბებზეა საუბარი. მათთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაკავშირებს. იგივე შემიძლია ვთქვა ბატონ რომან ფიფიაზეც – მას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ძალიან ძლიერი კავშირები აქვს, რასაც, თქმა არ უნდა, დინამოს სასიკეთოდ გამოვიყენებთ. ასევე გვსურს გუნდის აღმშენებლობის საქმეში უცხოეთში წარმატებული ყოფილი დინამოელებიც ჩავრთოთ – იგივე შოთა არველაძე, კახა კალაძე...
შემიძლია გითხრათ, რომ ვაპირებთ ბარსელონას საფეხბურთო კლუბის მოდელის დინამოში მაქსიმალურად ზუსტად დანერგვას – მსოფლიოს საუკეთესო გუნდის გამოცდილება მხოლოდ და მხოლოდ წაგვადგება.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს თბილისის დინამოში არაერთი ფეხბურთელი ჩაირიცხა. ზაფხულშიც თუ იგეგმება ცვლილებები?
ცხადია, ასე იქნება: ჩვენს მიზნებზე უკვე გითხარით, მათ მისაღწევად კი მაღალი დონის ფეხბურთელების მოწვევას ვგეგმავთ. იგივე ესპანეთში უამრავი ძლიერი მოთამაშეა, რომლებიც მძაფრი კონკურენციის გამო ხშირად ვერ ხვდებიან ძირითად შემადგენლობაში და თავისუფლად შეგვიძლია მათთან დაკავშირება. არაა აუცილებელი შეძენა – სასურველ ლეგიონერთა იჯარით აყვანაც შეგვიძლია. სექტემბერში დინამო უკონკურენტო უნდა იყოს საქართველოში! მგონი, ამით ყველაფერი ნათლადაა ნათქვამი.
დიღმის საწვრთნელ ბაზაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს...
ბაზა არ შენდება, თორემ სხვა მხრივ, ყველაფერი თავიდან კეთდება. მაგალითად, ადმინისტრაციული კორპუსისთვის კლუბმა, ავეჯით და ტექნიკით დაწყებული ელემენტარული ნივთებით დასრულებული, ყველაფერი თავიდან შეიძინა. შიდა რემონტზე აღარ ვსაუბრობ – ეს ისედაც იგულისხმება. სავარჯიშო კორპუსში, სადაც ადრე მხოლოდ ტრენაჟორები იდგა, რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ პირველი და მეორე გუნდების გასახდელები მოეწყობა, ასევე გაკეთდება საშხაპეები, სამედიცინო ოთახი, მასაჟის კაბინეტი, აუზი. მასვე დაემატება სამრეცხაო, რომელიც დღეს ცალკე შენობაშია... ძირითადი სარემონტო სამუშაოების შემდეგ ბაზაზე არსებულ მოედნებსაც მივხედავთ – ვაპირებთ ერთი, სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედნის დამატებას, ასევე არსებული ორი მინდვრის საფარის გამოცვლას. განვიხილავთ ბაზაზე რამდენიმეათასიანი ტრიბუნის მოწყობას, რათა კლუბმა საწვრთნელი მატჩები აქვე ჩაატაროს... ერთი სიტყვით, გვსურს, რომ ბაზის რეკონსტრუქციის შემდეგ დინამოელებს გარეშე პრობლემები არ ჰქონდეთ. მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში ლეო მესიმ თქვა: ბარსელონაში მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობო. ჩვენც, გუნდის ხელმძღვანელებს, ბიჭებისთვის სწორედ ასეთი პირობების შექმნა გვსურს.
ეროვნულ სტადიონთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ხომ არაა? იგეგმება თუ არა სარბიელის შეძენა?
ამ ეტაპზე არა. ცხადია, ძალიან კარგია, როცა კლუბს თავისი სტადიონი აქვს, მაგრამ დღეს ამხელა ობიექტის პატრონობა კომერციული თვალსაზრისით, აშკარად წამგებიანია. ჩვენთვის უმჯობესია ის თანხა, რაც სავარაუდოდ სტადიონის მოვლაში დაგვეხარჯება, ისევ კლუბის განვითარებას და სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მოვახმაროთ.
დინამოს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, გუნდის ფან-კლუბიც არსებობს, თუმცა სამწუხაროდ, არ არსებობს მაღაზია, ე.წ. ფან-შოპი, სადაც ქომაგებს საკლუბო ატრიბუტიკის შეძენა შეუძლიათ. თუ გეგმავთ ასეთი მაღაზიის გახსნას?
ჩვენი კლუბი ძალიან პოპულარულია და ფან-კლუბის წევრთა რაოდენობაც თვიდან თვემდე იზრდება. ამიტომაც გადავწყვიტეთ ახლო მომავალში ფან-შოპი გავხსნათ: ქომაგებს დინამოს მაისურების და სხვადასხვა ატრიბუტიკის შეძენის საშუალებას ნამდვილად მივცემთ. დღესდღეობით ფან-კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად ვამუშავებთ იმ მექანიზმებს, რათა წევრებს უპირატესობა მიენიჭოთ და სხვადასხვა აქციებით ისარგებლონ. აქვე იმის თქმაც შეიძლება, რომ დინამოს მუზეუმის დაარსებაც გვსურს...
წლეულს კლუბის ისტორიაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენის იუბილეა: ლეგენდარული დინამოელის დავით ყიფიანის დაბადებიდან 60 წელი სრულდება, ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვებიდან – 1981 წლის 13 მაისიდან კი 30 წელი გადის. როგორ აპირებს დინამო ამ თარიღების აღნიშვნას?
დღესდღეობით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ორივე იუბილესთან დაკავშირებით რამდენიმე პროექტი განიხილება – თბილისის დინამო ორივე მოვლენას სათანადოდ დააფასებს. თუ რომელიმე გუნდმა უნდა იამაყოს წარსულით, უპირველესად, დინამომ!




