კოლუმბიის საგარეო პოლიტიკის ახალი ვექტორები

 კოლუმბიის ახალი პრეზიდენტის, ხუან მანუელ სანტოსის მმართველობის პერიოდი საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებით ხასიათდება. თუ მისი წინამორბედის, ალვარო ურიბეს დროს პროამერიკული პოლიტიკა აშშ-სთან მჭიდრო კავშირს გულისხმობდა, ახლა ამ ტერმინმა უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა. იგი კონტინენტის ყველა ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზებას და მათთან პირდაპირ დიალოგს გულისხმობს. ამგვარი ცვლილება ნაწილობრივ აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკითაა განპირობებული. 

ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჯერ კიდევ 2006 წელს გაფორმდა. ხელშეკრულება კოლუმბიის პარლამენტმა მომდევნო წელსვე დაამტკიცა. ბუშის ადმინისტრაცია ხელშეკრულებას მხარს უჭერდა. თუმცა, 2007 წლიდან კონგრესში დემოკრატები აღმოჩნდნენ უმრავლესობაში და მათი წინააღმდეგობის გამო შეთანხმების რატიფიკაცია ვერ მოხერხდა. 

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ძალთა გადანაწილება შეცვლილია – უმრავლესობას რესპუბლიკელები წარმოადგენენ. ამჟამად მთავარი დაბრკოლება ამერიკის პირველი პირის, ბარაკ ობამას პოზიციაა – იგი აჭიანურებს კონგრესის წინაშე ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის წარდგენას. 
 
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას განსაკუთრებით პროფკავშირები ეწინააღმდეგებიან. შრომით ორგანიზაციებს თავისუფალი ვაჭრობით წარმოქმნილი კონკურენცია და სამუშაო ადგილების გადინება აშინებთ. კოლუმბიასთან ხელშეკრულების მსგავსად, ამერიკული პროფკავშირები ეწინააღმდეგებიან მსგავსი ხელშეკრულების სამხრეთ კორეასთან და პანამასთან გაფორმებას. თუმცა ეს ახალი არ არის, 2004 წელს პროფკავშირების სამიზნე ავსტრალიასთან ხელშეკრულება, მანამდე კი ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება (NAFTA) იყო. პროფკავშირების გავლენით კოლუმბიისთვის განკუთვნილი  350 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტიც შემცირდა.
 
 პროფკავშირების უარყოფითი დამოკიდებულება ამერიკელი დემოკრატების და ადმინისტრაციის პოზიციაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. პროფკავშირების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია დემოკრატებისთვის, რადგან ეს ორგანიზაციები დიდი პოლიტიკური აქტივობით და თანხების მოძიების ეფექტიანი მექანიზმით გამოირჩევიან. Wall Street Journal-ის მიხედვით, 2009-2010 წლის საარჩევნო კამპანიაში ყველაზე დიდ მხარჯველთა შორის პროფკავშირები პირველ ადგილზე არიან. მათ დემოკრატების საარჩევნო კამპანიაზე 87,5 მილიონი დოლარი დახარჯეს. 
დემოკრატები კოლუმბიასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების გაჭიანურებისთვის საბაბად ადამიანის უფლებების მუდმივ დარღვევას და უსაფრთხოების პრობლემას იყენებენ. მათ განსაკუთრებით აღელვებთ შრომით ორგანიზაციებზე თავდასხმები, რომლებსაც არა სახელმწიფო, არამედ უკონტროლო შეიარაღებული ძალები ახორციელებდა. 
 
 თუმცა, უსაფრთხოების მხრივ ვითარება ჯერ კიდევ ურიბეს პრეზიდენტობის დროს გაუმჯობესდა. ქვეყანაში მოქმედი რადიკალური, ტერორისტული ორგანიზაციის რევოლუციური შეიარაღებული ძალების (FARC) მოქმედებები შეიზღუდა. ბოლო წლებში შემცირდა მკვლელობათა რაოდენობა: გასულ წელს 6%-ით იკლო, თუმცა ამ მაჩვენებლით მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში კოლუმბია კვლავაც ლიდერობს. ხელისუფლებამ ნარკომოვაჭრეებსა და მეამბოხეებზე კონტროლი გაამკაცრა. ტარდება გარკვეული ეკონომიკური რეფორმები ბიუჯეტის, საპენსიო და საგადასახადო სისტემის მოდერნიზების კუთხით. ახალმა ლიდერმა ამბიციური წინადადებები წამოაყენა – ქვეყანაში სამოქალაქო ომის დროს საკუთარი სახლებიდან გაქცეული ათასობით ფერმერისთვის მიწების დაბრუნების პროგრამა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი სამუშაოების შექმნა, არაფორმალური ეკონომიკის მასშტაბების შემცირება.
 
ვაშინგტონისთვის ბოგოტა მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ ამერიკაში. მხარეები ნარკოტიკების და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობენ. ამერიკა კოლუმბიისთვის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, ვაშინგტონისთვის კი კოლუმბიის ნავთობია განსაკუთრებული მნიშვნელობის. 2000 წლიდან დღემდე ამერიკის მიერ ამ ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხა 8 მილიარდ დოლარს აღემატება. 
 
თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ორივე მხარეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს ჰპირდება. ამერიკა კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს კონტინენტზე კოლუმბიის დახმარებით, მისი პროდუქცია გასაღების ახალ ბაზარს მოძებნის – კოლუმბიაში ექსპორტი 1,1 მილიარდი დოლარით გაიზრდება, რაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს დამატებით 2,5 მილიარდ დოლარს შემატებს. ამავდროულად, კოლუმბიისთვის სასიცოცხლოა ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში შემოსული ამერიკული ინვესტიციები და პროდუქცია. 
 
ხანგრძლივი სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ამერიკის მხრიდან გაწეული დახმარების შემცირების შედეგად კოლუმბიის პოლიტიკურ წრეებში ვაშინგტონის მიმართ სკეპტიციზმმა იმატა. პოლიტიკოსებმა ვითარების გამოსასწორებლად ამერიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორობის გზების ძიება დაიწყეს. კოლუმბიამ აღადგინა 2008 წელს ეკვადორთან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა. დაიწყო დათბობის პერიოდი უგო ჩავესთანაც, რომელსაც კოლუმბიელი ლიდერი მისი მკვლელობის მცდელობასა და FARC-ისთვის დახმარების გაწევაში ადანაშაულებდა. დღეს კი ვენესუელის ლიდერი სანტოსს „ახალ საუკეთესო მეგობარს” უწოდებს. კოლუმბიამ ჩილესთან, მექსიკასთან, პერუსთან ეკონომიკური კავშირების გაზრდასა და ინტეგრაციაზე დაიწყო მოლაპარაკებები – მათი ეკონომიკები თავისუფალი ბაზრის პრინციპებზეა დაფუძნებული. 
 
ამავდროულად, კოლუმბიის მიმართ ჩინელ და ევროპელ ინვესტორებს კომერციული ინტერესები გაუჩნდათ. ჩინეთი 7,6 მილიარდი დოლარის ღირებულების სარკინიგზო სისტემის აშენებას გეგმავს, რომელიც პანამის არხის კონკურენტი გახდება. ამერიკისთვის დიდი გამოწვევაა როგორც კოლუმბიაში ჩინელი კონკურენტების გამოჩენა, ასევე ევროკავშირ-სამხრეთ კორეას შორის დადებული სავაჭრო შეთანხმება. მისი ამოქმედება სეულში ამერიკელი მეწარმეების პოზიციებს დაემუქრება. ასევე, გართულდება ამერიკა-სამხრეთ კორეას შორის დაწყებული სავაჭრო ხელშეკრულების პირობებზე კომპრომისის მიღწევა. ობამას ადმინისტრაციისთვის ეს ხელშეკრულება უფრო პრიორიტეტულია ვიდრე კოლუმბიისა, რადგან იგი აშშ-ის ექსპორტს სამხრეთ კორეაში 2014 წლის ბოლოსთვის გააორმაგებს. კორეაში ევროპელების გააქტიურება ვაშინგტონს მოლაპარაკებების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. რესპუბლიკელები კი ამ ქვეყნებთან გაფორმებულ სავაჭრო ხელშეკრულებათა ერთობლივ განხილვაზე დემოკრატების მიმხრობას ცდილობენ. ამით შესაძლოა, კოლუმბიასთან დადებული შეთანხმების რატიფიკაციის შანსები გაიზარდოს.
 
ადმინისტრაცია ჯერჯერობით მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯებით შემოიფარგლება:  ბოგოტაში გაგზავნეს სავაჭრო წარმომადგენლები, რომელთაც ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შეფასება დაევალათ. კვლევის შედეგებს კონგრესს მარტის შუა რიცხვებისთვის წარუდგენენ.
პრეზიდენტი ობამა ხშირად აცხადებს, რომ კოლუმბიასთან, სამხრეთ კორეასა და პანამასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების მომხრეა, თუმცა რეალურად ის ამ ხელშეკრულებას კონგრესს განსახილველად არ აწვდის. ამ პროცესის გაჭიანურება აშშ-ის როლს კოლუმბიის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად ამცირებს. სენატორი ორინ ჰეჩი აცხადებს: „2008 წელს აშშ იყო კოლუმბიის სიმინდის და ხორბლის მთავარი მიმწოდებელი და მისი პროდუქცია კოლუმბიის ბაზრის 71%-ს იკავებდა. მაშინ როცა დღეს აშშ-დან იმპორტირებული საქონელი ბაზრის მხოლოდ 21%-ია”. 

კომენტარები