გარიბალდიდან ბერლუსკონიმდე

1861 წლის 17 მარტს გაერთიანდა ქვეყანა, რომელიც თანამედროვე ევროპული პროექტის განუყოფელი ნაწილია. ბრიტანელი ისტორიკოსის, ტიმოთი გარტონ ეშის აზრით კი, დღევანდელ იტალიას შეუძლია ბევრი რამ თქვას თანამედროვე ევროპაზე. თუ ჯუზეპე გარიბალდი და ჯუზეპე მაზინი თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოები იყვნენ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი კორუფციასა და პოლიტიკურ დეკადანსს განასახიერებს. ის რადიკალი ევროსკეპტიკოსების მიერ დახატულ კარიკატურას ჰგავს. ბერლუსკონიზმი შორს არის ლიბერალური დემოკრატიის ევროპული იდეალისგან, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისათვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში იტალია 87-ე ადგილზე, ნახევრად თავისუფალი ეკონომიკების რიგებშია და ევროკავშირელებიდან მხოლოდ საბერძნეთს უსწრებს. Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში იტალია 67-ეა და ევროკავშირში რუმინეთთან, ბულგარეთსა და საბერძნეთთან ერთად ყველაზე კორუფციულ სახელმწიფოდ ითვლება. იტალია, რომელიც ევროპის ერთიან ვალუტაზე 1999 წელს გადავიდა, დღევანდელი მონაცემებით მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს ევროზონაში შესვლის ე.წ. მაასტრიხტის კრიტერიუმებს. 2009 წელს ინფლაციის დონე იყო 0.8% (მაასტრიხტის კრიტერიუმებით დადგენილი მაქსიმალური ზღვარი 2009 წლისათვის – 1%), სამთავრობო დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5.3 პროცენტით გაიზარდა (მაქსიმალური ზღვარი – 3%), ხოლო საჯარო ვალმა მშპ-ს 116% შეადგინა (მაქსიმალური ზღვარი – 60%), სამთავრობო ფასიანი ქაღალდების გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი 2010 წლის დეკემბერში 4.6% იყო (მაქსიმალური ზღვარი – დაახლოებით 6%). 2010 წლის მონაცემებით იტალიის მშპ 2 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, რითაც ის მსოფლიოში სიდიდით მე-7, ევროპაში კი – მე-4 ეკონომიკაა. ერთ სულ მოსახლეზე 29 500 ამერიკული დოლარით იტალია მსოფლიოში 27-ე ადგილს იკავებს და ამ მონაცემით ევროკავშირის დიდი ქვეყნებიდან ესპანეთს, საფრანგეთს, ბრიტანეთსა და გერმანიას ჩამორჩება. იტალია აგრეთვე არის განვითარებული ქვეყნების, G7-ის წევრი.

ევროპული ინტეგრაციის პარალელურად ნაციონალური ფრაგმენტაციის ტენდენციები შეიმჩნევა. ბერლუსკონის პოლიტიკურ დასუსტებასთან ერთად, ძლიერდება უმბერტო ბოსის ჩრდილოეთის ლიგა, რომლის მიზანს ჩრდილოეთ იტალიის ცალკე სახელმწიფოდ გამოყოფა წარმოადგენს. ამ მხრივ იტალიისთვის შემაშფოთებელი მაგალითია ბელგია, რომელიც უკვე 9 თვეა მთავრობის გარეშეა დარჩენილი. ამის მიზეზი ფლანდრიულ (ჰოლანდიურენოვან) და ვალონურ (ფრანგულენოვან) ნაწილებს შორის განხეთქილებაა.
 
იტალიის საგარეო პოლიტიკა ყურადღების ცენტრში ბოლო დროს არაბულ ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმა მოაქცია. დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის მაგივრად, ბერლუსკონი ლიბიის ლიდერ კადაფისთან მეგობრობს. სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი იტალიური ენერგოკომპანია ENI დიქტატორთან საეჭვო გარიგებებშია ჩართული. 
 
ეკონომიკური, შიდა და საგარეო პოლიტიკური პრობლემები ცხადყოფს, რომ ქვეყანას რადიკალური ცვლილებები სჭირდება. ევროკავშირში იტალიის ცენტრალური როლის გათვალისწინებით ეს მთელი გაერთიანებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხია. 

კომენტარები