1992 წელი თავიდანვე საინტერესო იყო.
პოლ საიმონმა მსოფლიო ტური სამხრეთ აფრიკით დაიწყო და აპარტეიდის კულტურული ბოიკოტი ოფიციალურად დახურა.
პოლ საიმონმა მსოფლიო ტური სამხრეთ აფრიკით დაიწყო და აპარტეიდის კულტურული ბოიკოტი ოფიციალურად დახურა.
იუგოსლავია იშლებოდა. სლოვენიამ და ხორვატიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
კოსმოსში პირველი კანადელი მანდილოსანი შევარდა – რობერტა ბონდარმა იუპიტერის ჰაივეიზე შატლ Discovery-ს პრეზენტაცია მოაწყო.
მილუოკიში ლეგენდარულ სერიულ მკვლელს, ჯეფრი დამერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა ერთად აღარ არიან.
გარდაიცვალა მსოფლიოს მერვე ჩემპიონი ჭადრაკში, მიხაილ ტალი.
ბრაზილიის პრეზიდენტს, კოლორიტულ ფერნანდო კოლორ დე მელოს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან ქვეყნის ბიუჯეტი 32 მილიონი დოლარით შეამსუბუქა.
საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 179-ე წევრი გახდა.
ბარსელონაში ჩაიყვანეს Dream Team.
ბრაიან დე პალმას The Untouchables არა ალ კაპონეზე და ერთჯერადი კოსტნერით, არამედ ჩაკ დეილის ნაკრებზე უნდა გადაეღო. კალათბურთის ელვისებმა და ჯაგერებმა სპორტს ერთადერთი სრულყოფილი გუნდი, ნაკრები დაუტოვეს. არაოფიციალურად, იმ ნაკრების მამა ლიტველი მსროლელი, რიმას კურტინაიტისი გახდა. დედიკოს როლში მშვენივრად შევიდა კალათბურთის საერთაშორისო ასოციაცია.
1988 წლის 28 სექტემბერს, სეულში, ამერიკელი კალათბურთელების ნაკრებმა ისტორიაში მეორედ წააგო. 1972 წლის გაუგებრობა ზეპ ბლატერს, ივან ედეშკოს და კომუნისტების მაფიას დააბრალეს. 1988 წლის წაგების მიზეზი უკვე მხოლოდ კალათბურთი იყო. ამერიკამ ნიჭიერი,
მონდომებული სტუდენტებით საბჭოთა კავშირთან ვერ მოხსნა ჯეკპოტი. იმ ნაკრებში არვიდას საბონისი და შარას მარჩულიონისი ლიდერობდნენ. ამერიკასთან 28 ქულა კურტინაიტისმა აიღო. დალეწილმა, მოედანზე ტკივილგამაყუჩებლებით გასულმა კურტინაიტისმა. იქვე, საბასმა დევიდ რობინსონს სამწამიანში შესვლა ოთხი წლით გადაუდო და მარჩულიონისმა უფრო იომა, ვიდრე დან მარლიმ. ლიტველი რუსები ფინალში გავიდნენ და ამერიკელები – მესამეზე.
ნახევარი წლის შემდეგ, 7 აპრილს FIBA-მ სათავო ოფისში მოაწყო ბრიფინგი და ოლიმპიადა “ღია ტურნირად” გამოაცხადა. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებით, კალათბურთის პროფესორებმა ოლიმპიადაზე თამაშის უფლება ნამდვილ მაგარ ბიჭებს დართეს. FIBA-მ მორცხვად გაუწოდა ხელი NBA-ს და ბარსელონას კრებისთვის, ამერიკელებმა პირველი ნაღდი ნაკრები შეკრეს.
1991 წლის 3 სექტემბერს ჩაკ დეილიმ იმ ბანდის საბოლოო რუსტერი გამოცხადა. მანამდე, კრისმა ვინის გარეშე და ჩიკოს ცელქობას მოკლებულმა, (საკუთარი თავის ჩათვლით) 11 რეალური მკვლელი შეკრიბა.
სელექცია კაპიტნის არჩევით დაიწყო. კაპიტანი უნდა ყოფილიყო ლარი ბერდი და ლარიმდე, მაიკლ ჯორდანმა, კაპიტნად მეჯიქი დავაყენოთო. მეჯიქი შიდსის ვირუსის მატარებელი იყო, ლარი პენსიონერი ხეიბრების საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი გახდა და საბოლოოდ, ბარსელონაში წასვლაზე ორივემ თავაზიანი “დიახ” განაცხადა.
კაპიტნების დილემა გადაიჭრა.
ჯორდანის კანდიდატურა არ განიხილებოდა. მაიკლი სელექციამდე იმ ნაკრებში იყო, მაგრამ როდესაც ჩაკ დეილიმ ათკაციანი რუსტერი ჩაიკითხა, ჯორდანმა ერთი კაცის ამოშლა მოითხოვა.
მაიკლს არ უნდოდა აიზია ტომასთან ერთ გუნდში თამაში. დეილი, რომელიც პისტონზში ტომასის მწვრთნელი იყო, შეხვდა მაიკლს და ორსაათიანი საუბრით თითქმის ყველაფერი მოაგვარა. ჯორდანმა, მოსულა, აიზიამ ნაკრებში ითამაშოს, ოღონდ მოედანზე ჩემთან ერთად არ უნდა დადგესო.
ტომასი ამ ამბებს კომენტარს არ უკეთებდა. უბრალოდ, როგორც კი დეილიმ ჯორდანთან ყველაფერი მოაგვარა, აიზია ნაკრების ბაზაზე გამოცხადდა და პირველ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. ვარჯიშის შემდეგ, ბრიფინგზე სკოტი პიპენმა მოჭრა, თუ დეილი აიზიას ბაზიდან არ გაუშვებს, შეკრებას მე და მაიკლი დავტოვებთო.
ტომასი ბაზიდან დააესკორტეს.
ბერდი, მეჯიქი, ჯორდანი, პიპენი, კარლ მელოუნი, ჩარლზ ბარკლი. დეილიმ ფავორიტებში შეიყვანა “გოლდენ სტეიტის” მსროლელი კრის მულინი, რომელიც 15 წლის კონგოელ მეძავთან სექსის გამო, სასამართლოდან სასამართლოში სირბილით მშვენიერ ფიზიკურ კონდიციებში იყო. თან, სამიანს ყველაზე მაგრად ისროდა.
ცენტრების შერჩევის დროს გაითვალისწინეს ბილ რასელის აზრი. რასელს ზურგზე ოპერაცია გაუკეთეს და ჩაკ დეილი მას ბოსტონის ჰოსპიტალში ესტუმრა. ბილმა მარტივად გაშიფრა სიტუაცია. შაკი ბავშვია, შანსს კიდევ მიიღებს და თან, ბოლო დროს უშნოდ ღადაობს, რასელზე და უილტზე მაგარი ვარო. შაკი უარყვეს. აკიმ ოლაჯუონი რეგულარულში და ფლეი ოფში დევიდ რობინსონს ლიფსოებით ნერვებს უშლიდა, მაგრამ რასელმა მაინც რობინსონი წაიყვანეთო. აკიმი ოლიმპიადის შემდეგ, ეგრევე ჰაკიმი და ჩემპიონი გახდა, მაგრამ ბარსელონაში მაინც ადმირალი ჩაიყვანეს. მეორე ცენტრად ნიქსის კინგ კონგი, პატრიკ იუინგი ჩაჯდა.
დეილიმ დაუძახა კლაიდ დრექსლერს და უარი თქვა დომინიკ უილკინსზე.
დეილიმ არც კი განიხილა კევინ ჯონსონის კანდიდატურა და სკოტი პიპენი გუნდის ვიცე-კაპიტნად დანიშნა. ეს ჯორდანის სურვილი იყო.
დეილიმ მოიწონა ყველაზე ნიჭიერი სტუდენტის, კრისტიან ლეიტნერის კანდიდატურაც. წინასწარ იყო ცნობილი, რომ Dream Team-ში 11 პროფესიონალი და ერთი მოყვარული იქნებოდნენ. ლეიტნერი ვერ გახდა ისეთივე წონადი და შეუცვლელი პერსონა, როგორც ბარსელონაში მისი 11 თანაგუნდელი, მაგრამ NBA-ში რამდენიმე საინტერესო სეზონი მაინც ჩაატარა.
ბარსელონაში ჩაკ დეილის არც ერთი წუთშესვენება არ აუღია! წუთშესვენებას სხვები იღებდნენ და იმ დროს ამერიკელები ფოტოსესიებისთვის იყენებდნენ. ბერდის და მეჯიქის ულამაზესი გუნდი ნახევარფინალში საბონისის, კარნიშოვასის, შარასის ლიტვას მიტყეპავს და ფინალსაც მშვიდად მოიგებს.
ანგოლასთან ამერიკამ გააკეთა 46:0 გაქცევა და ეს მარათონი ჩარლზ ბარკლის უხეშობამ დაასრულა. ბარკლიმ რატომღაც, ანგოლელ სათადარიგოს სახეში იდაყვი მიარტყა. ანგოლამ გაქცევა ზუსტი საჯარიმოთი შეწყვიტა. ბარკლიმ ანგოლელს ჰოსპიტალში ოქროს საათი აჩუქა.
ის გუნდი ოლიმპიადაზე ელჩად ჩავიდა, მორცხვად დაასრულა მისია და კალათბურთში ღმერთების სტატუსიც დატოვა. ის სტატუსი არ გახუნებულა. ალბათ, ვერასოდეს გახუნდება.
მეტი Dream Team აღარ იქნება.




