2006 წელი. სანტიაგო ბერნაბეუს გასახდელთან მწვრთნელმა პერანგის ზედა ღილი შეიხსნა, ურნას ფეხი მიარტყა და ამოაყირავა. წითელ სათვალეს შარფით მტვერი მოაშორა, იქვე, ბურთზე ჩამოჯდა. გასახდელში სიჩუმეა. გუნდი ისვენებს. კიდევ 15 წუთი დაისვენებს და ერთსაათიანი დასვენება გამოუვა. სტადიონზე დაბრუნება აუცილებელია, მაგრამ მწვრთნელს დერეფანში გასვლა აღარ უნდა. ყველაზე მეტი მეკარემ ირბინა, ყველაზე ძვირადღირებულებს ფეხი არ გაუნძრევიათ და მეორე გუნდმა კი რეალური ფეხბურთი ითამაშა.
გასახდელიდან გუნდი გამოდის. მეორე ტაიმი 2 წუთში იწყება. ბოლო, ყველაზე პუტკუნა მოთამაშეც გამოვიდა. მარცხენა ხელში მობილური უჭირავს, ვიღაცას ეჭორავება. მარჯვენა ხელით ღიპს იქექავს. მერე, მწვრთნელს რომ მიუახლოვდა, ტელეფონი დამიჭირეო, ბუცები გაისწორა. მწვრთნელმა ტელეფონი კედელს მიალეწა, გაკვირვებულ მოთამაშეს თვალებში ჩახედა.
გასახდელიდან გუნდი გამოდის. მეორე ტაიმი 2 წუთში იწყება. ბოლო, ყველაზე პუტკუნა მოთამაშეც გამოვიდა. მარცხენა ხელში მობილური უჭირავს, ვიღაცას ეჭორავება. მარჯვენა ხელით ღიპს იქექავს. მერე, მწვრთნელს რომ მიუახლოვდა, ტელეფონი დამიჭირეო, ბუცები გაისწორა. მწვრთნელმა ტელეფონი კედელს მიალეწა, გაკვირვებულ მოთამაშეს თვალებში ჩახედა.
– მეორე ტაიმში გაჩერებული არ დაგინახო. გაიქეცი, ეგ ცენტნერიანი უკანალი გაანძრიე. გაიქეცი... გესმის? გაიქეცი!
– შენ გაიქეცი. მე არ დავრბივარ. მე გოლები გამაქვს. და ტელეფონზე არ ინერვიულო. ახალს ვიყიდი.
პუტკუნა გენიოსი მოედანზე გავიდა, ერთი წაიძუნძულა და თამაში განახლდა. რონალდო იდგა. რონალდომ გოლი გაიტანა. რონალდოს არ ურბენია და რეალმა მოიგო. ფაბიო კაპელომ ბრაზილიელს ხელი ჩამოართვა, მადლობა გადაუხადა. რონალდომ იმავე დღეს მწვრთნელისგან ნებართვა აიღო, იქნებ სამი დღით ბრაზილიაში გამიშვა, აი, ტელეფონზე ვისაც ვესაუბრებოდი, იმ ამბავზეო.
– ვის ელაპარაკებოდი?
– მეგობრის დედა... რიოში ცუდად გახდა, ალბათ, საოპერაციო გახდება. ოჯახი გავამხნევე. იქ უნდა ვიყო.
კაპელომ რონალდო სამი დღით გაანთავისუფლა. ბრაზილიელი სამი კვირით გაქრა. ტელეფონი ავტომოპასუხეზე გადაიყვანა. მეორე საკონტაქტო ნომერი, რომელიც იკერ კასილიასმა ჩაიწერა, არარსებული იყო. სამ კვირაში რონალდო დაბრუნდა.
კაპელომ ბრაზილიელი რეალის სათავო ოფისში დაიბარა. რონალდომ 15 წუთი დაიგვიანა, ზამშის წითელი პიჯაკი მაგიდაზე მიაგდო, ყველას მიესალმა, გათიშა მობილური.
ხორხე ვალდანომ კაპელო გააფრთხილა, როდესაც მოგატყუებს და კიდევ ერთხელ დაიწყებს საუბარს შეუძლოდ მყოფ დედაზე, არ ეჩხუბო, დაამშვიდე და გარანტიას გაძლევ, შემდეგ ვარჯიშზე ყველაზე მეტს რონალდო ირბენს, ხომ იცი, კოპერფილდიაო.
კაპელოს გარდა, ოთახში ვალდანო, ლუიშ ფიგუ და კასილიასი არიან. იკერი ხმას არ იღებს, თავი დახრილი აქვს. ფიგუ კაპელოს ელოდება. კაპელომ დაიწყო.
– ვიცი, რომ ბრაზილიაში იყავი. ისიც ვიცი, რომ მომატყუე, მაგრამ დასვენება ყველას გვჭირდება და არ ინერვიულო. რაც ამ ოთახში ითქმება, ოთახშივე დარჩება. უბრალოდ, თუ რიოში მეძავებთან გადაფრენა მოგინდება, მე არაფერი მეცოდინება და ისე დატოვებ მადრიდს...
– მაპატიეთ, მართალი არ ვიყავი. თუ მეძავებთან გადაფრენა მომინდება, აუცილებლად ჩაგაყენებთ საქმის კურსში. შეიძლება წავიდე, ვარჯიშამდე ერთი ადამიანი მყავს სანახავი?
– რონალდო, შეხედე ლუიშს, აიღე მისგან მაგალითი. არაჩვეულებრივი მეუღლე, მოწესრიგებული პირადი ცხოვრება...
– ლუიშ, შეიძლება შენი მეუღლის ფოტო ერთხელაც ვნახო?
ფიგუს ეცინება, რონალდოს მობილურს აწვდის.
– ფაბიო, ლუიშის ცოლი რომ ჩემი ცოლი იყოს, ბრაზილიაში მეგობრის დედის სანახავად არც მე გადავფრინდებოდი.
კაპელომ ვალდანოს გადახედა. ვალდანოს გაეცინა. რონალდომ პიჯაკი მოიცვა, ყველას ხელი ჩამოართვა და ოთახიდან გავარდა. ფაბიო დაფიქრდა, ისევ ზედა ღილი შეიხსნა, ოთახში მარტო დარჩა. ცოტა ხანში ფანჯრიდან მოედანს გადახედა. გუნდი დარბის, 400 იარდს ითვისებს, რონალდო კუთხეებს ჭრის და 250 იარდში ეტევა.
ფაბიო ისევ ოფსაიდშია.
რონალდომ ისევ მოიგო.
რონალდო სულ იგებდა.




