ბორჯღალოსნები მუხის ფოთლებს დამარცხებას ჰპირდებიან

ხვალ, ევროპის ერთა თასის გათამაშების მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება. საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინელებს დაუხვდება. მატჩი 15 საათზე დაიწყება.

ბორჯღალოსნებისათვის ხვალინდელი შეხვედრა წლეულს ბოლო საშინაო მატჩი იქნება. ამის შემდეგ ნაკრები კიდევ ერთ თამაშს რუსეთში ჩაატარებს. შემდეგ რუმინეთის ერთა თასზე გამოვა, რასაც უკვე შემოდგომით ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასი მოყვება.

აქედან გამომდინარე, რუმინელებთან შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესო გახდა. საერთოდ კი აქამდე ბორჯღალოსნებსა და მუხის ფოთლებს 13 შეხვედრა აქვთ გამართული. ჯერჯერობით უპირატესობა რუმინელების მხარესაა:  ურთიერთდაპირისპირებებში 8:5 არიან წინ. ხვალინდელი მატჩი ამ სხვაობის შემცირების კარგი შანსიცაა.

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში დღეს ტრადიციული წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტებთან ჯერ რუმინელებმა ისაუბრეს, შემდეგ კი ქართველების ჯერი დადგა.

სტუმრების მხრიდან პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელი რომეო გონტინეაკი და კაპიტანი სორინ სოკოლი გამოცხადნენ. ეს უკანასკნელი ხვალინდელ შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე იწყებს, გუნდს კი კრისტიან პეტრე გაუძღვება მოედანზე.

მუხის ფოთლების დამრიგებელმა რომეო გონტინეაკმა საქართველოს ნაკრების სიძლიერესა და მომავალი მატჩის სირთულეზე ისაუბრა: „ეს ძალიან დაძაბული შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, რომ ტრადიციულად კარგი, სანახაობრივი დაპირისპირება გამოვა. ქართველებმა კარგად დაიწყეს ერთა თასი, ესპანელები და უკრაინელები დიდი ანგარიშით დაამარცხეს და მოუგეს გასვლა პორტუგალიელებსაც. იმ გუნდს, რომელთანაც ჩვენ წავაგეთ.

ამ მატჩისათვის კარგად მოვემაზდეთ. მართალია 5-6 წამყვანი მორაგბე გვაკლია, მაგრამ ეს არაა ტრაგედია. ჩვენ 35 კაციანი სია გვაქვს, საიდანაც დაწყებული გვაქვს მსოფლიო თასისათვის 26 კაცის შერჩევა.“

ჟურნალისტის მიერ საქართველოს ნაკრების ძლიერ და სუსტ მხარეებზე დასმულ შეკითხვასაც  ამომწურავი პასუხი გასცა გონტინეაკმა: „ძლიერი შერკინება, გამოცდილი და მაღალ დონეზე მოთამაშე მორაგბეები გყავთ. ყოველთვის რთულია თქვენს წინააღმდეგ მოედანზე გასვლა. ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ დაცვაც ძალიან მაღალ დონეზე ათამაშდა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ჯერ ლელო არ გაგიშვიათ. სუსტი მხარეების შესახებაც ვფლობთ გარკვეულ ინფორმაციებს, უბრალოდ ახლა ამაზე არ ვისაუბრებთ.“

მთავარ მწვრთნელს კაპიტანი და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი რუმინელი მორაგბე, სორინ სოკოლი ჩაენაცვლა: „კარგად ვიცნობთ საქართველოს, ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ნაკრებს. მაღალი დონის მორაგბეები გყავთ და ხვალ ადვილი თამაში ნამდვილად არ იქნება. კარგ სანახაობას ველოდები.“

ამის შემდეგ რუმინელებმა დარბაზი დატოვეს და მათი ადგილი ქართველებმა დაიკავეს. მთავარ მწვრთნელს რიჩი დიქსონს ნაკრების სამი მოთამაშე - დავით კაჭარავა, შალვა სუთიაშვილი და გუნდის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე შემოყვნენ.

საუბარი რიჩი დიქსონმა დაიწყო: „კარგად ვიცით, რომ პორტუგალიაში ის თამაში ვერ ვითამაშეთ, რომელიც გვინდოდა. ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და გაცილებით უკეთესად მოვემზადეთ რუმინელებთან შეხვედრისთვის. ჩვენ მათ დასამარცხებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ადვილი მოწინააღმდეგე ნამდვილად არაა, კარგი გუნდია და კარგი მოთამაშეებიც ჰყავთ. ამასთან ერთად ვნახეთ მათი თამაში რუსებთან, სადაც შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. ასე რომ ხვალ რთულ მატჩს ველოდებით.“

მწვრთნელის შემდეგ თავისი სათქმელი უკვე მორაგბეებმაც თქვეს. სამივე მათგანმა ძირითადი აქცენტი პორტუგალიასთან დაშვებული შეცდომების არგამეორებასა და მომავალი შეხვედრის მოგებაზე გააკეთეს.

პირველი ვინც ეს თქვა ნაკრების შუამარბი დავით კაჭარავა იყო: „თამაში უნდა დავალაგოთ და გამოვასწოროთ. ყვეალფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წინა შეხვედრაში დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ. ამისათვის რამდენიმე დღე ვემზადებოდით. უკეთესად თამაშისა და მოგებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“

შალვა სუთიაშვილი: „ჩვენ მოგებისთვის მზად ვართ. წინა თამაშში დაშვებული შეცდომები ვიცით, გავითვალისწინეთ და ახლა გარკვეული ელემენტები შევცვალეთ კიდეც. უკეთესად მოვემზადეთ და თამაშის დახვეწაზეც ბევრი ვიმუშვეთ. რაღაც კომბინაციები ახლიდან გადავათამაშეთ. ვიცით, რომ ეს შეხვედრა უნდა მოვიგოთ. ამისათვის ნაკრების თითოეული მორაგბე ყველაფერს გაიღებს.“

ბოლო სიტყვა ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ თქვა: „ბიჭებმა უკვე ვისაუბრეთ, რომ პორტუგალიით კმაყოფილები არ ვართ. ამის შესახებ მე აღარ ვილაპარაკებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ კარგად მოვემზადეთ და ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. რაც მთავარია წინა შეხვედრებისაგან განსხვავებით ნაკრებს დაემატა მამუკა გორგოძე, რომელიც ჩვენთვის ძალიან დიდი ძალაა.“

პრესკონფერენციის დასასრულს, მოთამაშეებმა წარმოგვიდგინეს ის ფორმა, რომლითაც გუნდი ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე იასპარეზებს. ახალი ეკიპირება ერთ-ერთმა წამყვანმა სარაგბო ბრენდმა - კუგამ შეგვიკერა. ამ ფირმის ფორმები, წლეულს უკვე ორი თამაშში ეცვათ ჩვენს მორაგბეებს. უბრალოდ ისინი შედარებით სხვა ხარისხის იყო. მსოფლიო თასისათვის კი უმაღლესი დონის ეკიპირება დამზადდება.

საქართველოს ნაკრები:

15. ბესიკ ხამაშურიძე 14. ირაკლი მაჩხანელი 13. დავით კაჭარავა 12. თედო ზიბზიბაძე 11. ლექსო გუგავა 10. მერაბ კვირიკაშვილი 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპიტანი) 8. მამუკა გორგოძე 7. გია ლაბაძე 6. შალვა სუთიაშვილი 5. ვახტანგ მაისურაძე 4. ლევან დათუნაშვილი 3. დავით ზირაქაშვილი 2. ჯაბა ბრეგვაძე 1. დავით ხინჩაგაშვილი. სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი 17. გიორგი ჟღენტი 18. გიორგი ნემსაძე 19. გიორგი ჩხაიძე 20. ბიძინა სამხარაძე 21. ირაკლი ჩხიკვაძე 22. ლაშა მალაღურაძე

რუმინეთის ნაკრები:

15. იულიან დუმიტრაში 14. მედელინ ლემნარუ 13. იონელ კაზანი 12. რობერტ დესკალუ 11. კეტელინ ფერკუ 10. ფლორინ ვლაიკუ 9. ფლორინ სურუჯუ 8. დანიელ კარპო 7. დანიელ იანუსი 6. მიჰაი მაკოვეი 5. კრისტიან პეტრე (კაპიტანი) 4. ვალენტინ ურსაკე 3. დრაგოშ დიმა 2. ბოგდან ზებეგა 1. ნიკოლაე ნერე. სათადარიგოები: 16. ანდრეი რადოი 17. ვასილე მარიშკარიუ 18. სორინ სოკოლი 19. ვალენტინ პოპირლანი 20. ვალი კალაფეტეანუ 21. ჩაბი გალი 22. დენუც დუმბრავა

კომენტარები