ოფიციალური თბილისი: ბაქრაძის ვიზიტის გადადება ებრაელი ბიზნესმენების საქმეს არ უკავშირდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ისრაელში, რომელიც მომავალ კვირას უნდა გამართულიყო გადაიდო. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაკა გიგაურმა ვიზიტის გადადება იმით ახსნა, რომ მომავალ კვირას ისრაელში  პალესტინურ მხარესთან მოლაპარაკებები გაიმართება.  ამასთანავე, გიგაურის თქმით ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში, ქსნესეთში შიდა პოლიტიკური დებატები უნდა გაიმართოს. ”აღნიშნულის გამო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს სათანადო ყურადღება ვერ დაეთმობოდა და შესაბამისად, ბაქრაძის ვიზიტი გადაიდო," აღნიშნა მან და დასძინა, რომ ვიზიტის გადადება დიპლომატიაში ”ჩვეულებრივი მოვლენაა.”

დავით ბაქრაძის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარები სახელმწიფო მინისტრებმა, გიორგი ბარამიძემ და ეკა ტყეშელაშვილმაც გააკეთეს. ბარამიძის განცხადებით,  ვიზიტის გადადება ებრაელი ბიზნესმენების დაკავებას არ უკავშირდება. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ეკა ტყეშელაშვილის თქმით, ”პოლიტიკოსები საქართველოშიც და უცხოეთშიც დაკავებულები არიან, რის გამოც ვიზიტების თარიღების თანხვედრის პრობლემები ხშირად იქმნება ხოლმე.”

საინფორმაციო სააგენტო israelnationalnews.com- ის ინფორმაციით, ქნესეთის თავჯდომარის რივენ რივლინის ბიურომ განაცხადა, რომ დავით ბაქრაძეს დაუკავშირდნენ და ვიზიტის გადადება სთხოვეს. მიზესად კი ის დაასახელქნესეთიეს, რომ მომავალი კვირა ისრაელისთვის შიდა და გარე პოლიტიკური ფაქტორების გამო ”ძალიან მგრძნობიარე პერიოდია.” გარდა ამისა  israelnationalnews.com-ის ცნობით, რივლინის წარმომადგენლებმა განუმარტეს ქართულ მხარეს, რომ ორი ებრაელი  ბიზნესმენის დაკავების გამო საზოგადოების  მხრიდან მთავრობაზე ”დიდი ზეწოლაა” და ამ ზეწოლის პირობებში ბაქრაძის ვიზიტი ”მიზანშეწონილი არ იქნება.” სპიკერის ოფისის განმარტებით, ვიზიტის გადადება შეთანხმებულია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ისრაელის ყველა შესაბამის უწყებასთან.

კომენტარები