დიოგენეს დებიუტები

 2010 წელს ქართულმა მხარემ ბესიკ ხარანაული ნობელზე წარადგინა. ზურაბ ლეჟავას ერთი მოთხრობა და რამდენიმე პოეტის ლექსი უცხოური გამოცემების ფურცლებზე მოხვდა. სხვა ტრადიციული წვრილმან-მსხვილმანი ამბების გარდა, ეს წელი სამამულო ლიტერატურისთვის იმითაც გახლდათ გამორჩეული, რომ მაღაზიათა თაროებს არაერთი ახალი სახელი შეემატა. თუ უახლოეს წარსულს შევავლებთ თვალს – დებიუტების ამგვარი სიმრავლე მე არ მახსენდება. ეს თაროებს, თორემ ავტორებს, რომელთა შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ, დებიუტანტები პირობითად ეთქმით. ლიტ-ინტერნეტ-ეპოქის ერთი დამახასიათებელი თვისებათაგანი ისიცაა, რომ ფორუმების, პორტალებისა და ელ-ბიბლიოთეკების მეშვეობით მწერლის სახელს მკითხველი იმაზე გაცილებით ადრე იგებს ხოლმე, ვიდრე მისი ISBN სამყაროში „ინაუგურაცია” მოხდება. შესაბამისად, ხშირად უკვირთ, როცა უკვე თაობისთვის მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული სახელი კრებულს გამოსცემს და პრემიების ლონგ თუ შორთ ლისტებში დებიუტის განყოფილებაშია მოთავსებული. საერთოდაც, მსმენია, რომ დღეს წიგნების რაღაც ნაწილი, განსაკუთრებით პოეზია, სწორედ პრემიების „ხათრით” გამოიცემა. 

ასეა თუ ისე, წელს დებიუტანტთაგან ყველაზე მეტი ელჩი გამომცემლობა დიოგენეს ეყოლება.

 
თამთა მელაშვილი – გათვლა
ფასი 5.80 ლარი
 
ეს წიგნი ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადა. ბოლო პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო მოთხრობას იმთავითვე, ანუ გამოცემის დღიდან არაერთი გულშემატკივარი გამოუჩნდა, დაიბეჭდა რამდენიმე საინტერესო რეცენზია, სოციალურ ქსელებში კი აღფრთოვანებული შეფასებები დღემდე არ წყდება. კრიტიკოსი მალხაზ ხარბედია მიუთითებს, რომ „თამთას წინა 2-3 მოთხრობასთან შედარებით, რომელიც აქამდე მქონდა წაკითხული, “გათვლა” სერიოზული ნახტომია. ამბის სიმწვავის გარდა, აქ პირველ რიგში ოსტატობაა აღსანიშნავი”.
„გათვლა” არის ახალი ავტორის დაბადება ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში, შეიძლება ითქვას, ახალი, თვითმყოფადი ხმის, რომელიც შემზარავი რეალობის უზუსტეს და ძალიან ლაკონური პროზის ჩარჩოებში მოქცევას წარმატებით ახერხებს”, – წერს პუბლიცისტი დავით გაბუნია. ეს ორი ამონარიდი იმადაც მოვიტანე, რომ ხაზი გამესვა – თამთას არა როგორც იმედისმომცემ დებიუტანტს, არამედ ქართული პროზის ოჯახის გამორჩეულ წევრად განიხილავენ.
 
„გათვლა” 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდს ასახავს. ამ ომს სხვებთან შედარებით „გაუმართლა” – მასზე უკვე რამდენიმე პროზაული ტექსტი შეიქმნა – ზაზა ბურჭულაძის ADIBAS, დავით ქართველიშვილის „სიყვარული და მსხალი”, გურამ მეგრელიშვილის „ირატტა.რუ”, ბესო ხვედელიძის „სოუზაშვილების შეკრება” და „ჯაჭვური რეაქცია”.
 
თამთა საკუთარ ნაწარმოებში, მსოფლიო ლიტერატურაში უკვე გამოცდილ ხერხს იყენებს – არა ბატალურ სცენებს, არამედ პარალელურად მიმდინარე ცხოვრებას ასახავს. ორი, პუბერტატის ასაკში მყოფი გოგონა, რომელიც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს და მათგან ერთია მთხრობელი. ოღონდ პერსონაჟი თითქოს საკუთარი მეგობრის პირითაც გვიყვება და ეს მოთხრობის სტილს თავისებურ ხიბლს და სიმძაფრეს სძენს. აღსანიშნავია ენობრივი თამაშები – პრიმიტიული ტავტოლოგიების სიჭარბე და რაღაც ახალი, საავტორო სლენგი. 
გამომცემლები წიგნისგან ბევრს ელიან და სხვადასხვა ლიტერატული პრემიების უპირობო ფავორიტად მიიჩნევენ.
 
მიშა ბახსოლიანი – ყველას უყვარს მარი
ფასი 6.60 ლარი
 
ეს კრებულში შესული ერთ-ერთი მოთხრობის სათაურია. მიშა მოთხრობებს წერს უშუალოდ, ჟარგონებით, ფანტასმაგორიის ზღვარზე – მისი სიუჟეტები საგანგებოდაა დაშლილი, ერთიანი არქიტექტონიკა ავტორისთვის უცხოა, მხოლოდ დაკვირვებული მკითხველი თუ მოხაზავს შესაბამის კონტურებს. იმას, რომ მიშა ბახსოლიანის ნაწარმოებები კარგად იკითხება, ლიტერატურულ პორტალზე მისი ფანების სიმრავლე და კომენტარების სიუხვე მოწმობს. ავტორი პოსტმოდერნული ხერხებით, ირონიულ-პაროდიულად ცდილობს სოციალური პრობლემების გადმოცემას – აქ ნაკლებია განსჯა და მეტია ექსპრესია – საფიქრალს ტექსტი მეორედ წაკითხვისას ბადებს – ამის გამო ვირტუალურ სივრცეში მიშას ხან ტარანტინოს, ხანაც ვუდი ალენის ქართველ მემკვიდრედ განიხილავენ.
 
დათო ყანჩაშვილი – სიფხიზლის გამო
ფასი 6.55 ლარი
 
უკვე დაშლილი ჯგუფის, „ვარდისფერი ავტობუსის” წევრი, იორიკის ფსევდონიმით ცნობილი დათო ყანჩაშვილი ორიათასიანელთა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტია. მისი ტექსტები ადრეული წლებიდან დახვეწილობით გამოირჩეოდა. დათოს ლექსს ზოგი სტერილურ ვერლიბრს უწოდებს, რადგან, როგორც წესი, მაქსიმალურად დაწმენდილია ტროპისგან, ყოველდღიურობას ასახავს. თუ ვინმეს ენათესავება ამ მხრივ დათო, უპირველეს ყოვლისა, ლია სტურუას, თუმცა მის ლექსებში კარგად ჩანს ის პრობლემატიკა, რომელიც მხოლოდ ოცდამეერთე საუკუნის პოეტს შეეძლო დაეწერა. ვფიქრობ, დათოს პოეზია კიდევ უფრო ამძაფრებს იმის შეგრძნებას, რომ XXI საუკუნის ლექსი გაცილებით მეტია, ვიდრე სპონტანური ემოციების დინება. 
 

კომენტარები