იუმორინა ამერიკულად

 რაც შეიძლება მალე იპოვეთ ბარი და გაერთეთ”, – ეს კევინ სპეისიმ ურჩია ოსკარის ნომინანტებს. 83-ე დაჯილდოების ცერემონია ისეთი გამოვიდა, რომ ჯობდა ყველას გაეთვალისწინებინა ოსკაროსანი მსახიობის ნათქვამი და დარბაზში მთვრალი მისულიყო ან ტელევიზორისთვის ნასვამს ეყურებინა. ის, რაც რამდენიმე საათი კოდაკის დარბაზში ხდებოდა, ფხიზელი თვალისთვის მართლაც უმძიმესი სანახავი იყო. 

 2011 წლის ოსკარი ყველაზე მოსაწყენი, ადვილად გამოსაცნობი, იუმორს მოკლებული და ცუდად დადგმული გახლდათ. ჯეიმს ფრანკომ და ენ ჰეტუეიმ ნათლად გვაჩვენეს, თუ როგორი არ უნდა იყოს წამყვანი. შოუ ვიდეოკლიპით დაიწყო, სადაც ფრანკო და ჰეტუეი მთავარ ჯილდოზე ნომინირებულ ფილმებში მოგზაურობდნენ, ეს უგემოვნო ნამუშევარი MTV-ის კინოდაჯილდოების დონესაც კი ვერ აკმაყოფილებდა. უკბილო ხუმრობებით დახუნძლული ვიდეოს დასრულების შემდეგ, როცა ყველა მუსიკალურ ნომერს ან რაიმე დადგმას ელოდა, ფრანკოს და ჰეტუეის “დაეზარათ” ხალხის გართობა და პირდაპირ საქმეზე, ნომინაციების გამოცხადებაზე გადავიდნენ. ტიმ ბარტონის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” წლის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუება იყო – სურათი ორად ორი ღირსებით – კარგი კოსტიუმებით და არტგაფორმებით. ფილმმა ორივე ნომინაციაში ოსკარი მოიპოვა. დამსახურებული ოსკარი აიღო “პიქსარის” მორიგმა შედევრმა. “სათამაშოების ამბავი 3” უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა საუკეთესო ანიმაციური ფილმის წოდებისათვის ბრძოლაში და ლი ანკრიჩის სცენაზე ასვლა არავის გაკვირვებია. ისევე, როგორც უოლი ფისტერის („დასაწყისი”, ოპერატორი) და “სოციალური ქსელის” მონტაჟის რეჟისორების (ანგუს უოლი და კირკ ბაქსტერი) გამარჯვება. ყველა ნომინაცია იოლად გამოსაცნობი იყო, თითქმის ყველა ჯილდო უმთავრესმა ფავორიტმა მიიღო. სამაგიეროდ ძნელად წარმოსადგენი გახლდათ ასეთი ცუდი შოუ. ჰეტუეი კაბების გამოცვლით იყო დაკავებული, ფრანკოს ეძინა, ხმის ამოღებაც ეზარებოდა. ხალხს ვეტერანი ვარსკვლავები ართობდნენ.  94 წლის კირკ დუგლასმა, ჯერ ენ ჰეტუეის შეუქო ტანი, შემდეგ ენა არ გააჩერა და კარგა ხანს იხუმრა, რაც მნიშვნელოვანია – სასაცილოდ. დარბაზში მსხდომნი ცოტა გამოაფხიზლა, თორემ დიდი იყო ალბათობა ვინმე ხვრინვით დამხრჩვალიყო ან დორბლი გადასცდენოდა. შოკისმომგვრელის მეტს ვერაფერს დავარქმევთ მელისა ლეოს („მებრძოლი”) სამადლობელ სიტყვას. საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის მსახიობი უდავო ფავორიტად ითვლებოდა და უცნაურია, რატომ გაუკვირდა ასე თავისი სახელის გამოცხადება. ლეო ისეთი დაბნეული იყო, რომ მონოლოგისას სიტყვა FUCK წამოსცდა. სამაგიეროდ, არაფერი შეშლია აარონ სორკინს („სოციალური ქსელი”), რომელმაც საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის მიიღო ჯილდო, ბრწყინვალე სცენარისტმა თავი არავის შეაწყინა, კარგად დაწერილი სიტყვა წაიკითხა და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა. 

 კალაპოტიდან ამოვარდნილ შოუზე კი საშინელებები გრძელდებოდა. ენ ჰეტუეის ხუმრობას ლესბოსელებზე, ტომ ჰენქსის გამოჩენა და ფილმ “ქარწაღებულნის” წარდგენა მოჰყვა, ფილმის, რომელიც დღევანდელ ოსკარებს საერთოდ არაფრით უკავშირდებოდა. ფრანკომ რატომღაც კაბა ჩაიცვა და “იუმორინას” მასშტაბის ხუმრობა გამოაცხო, ჰეტუეის სიმღერას დარბაზში ფხიზლად მყოფი ოცამდე ადამიანი ზრდილობის გამო აპლოდისმენტებით გამოეხმაურა. მისი წვალების შემხედვარე ჰიუ ჯეკმანს სახეზე ღიმილი ჰქონდა შეყინული, ალბათ ორი წლის წინანდელ შოუს იხსენებდა, როცა თვითონ იყო წამყვანი და ოსკარების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შოუ დადგა. 
 
 “ჯანდაბას, აი მესმის ოთახი სავსე ნიჭიერი და გავლენიანი ხალხით, და რას ვაკეთებ მე აქ თქვენ შორის?” – ეს კრისტიან ბეილის („მებრძოლის”) სიტყვებია, რომელიც მან სრულიად დამსახურებული ოსკარის მიღებისას განაცხადა. “მეფის სიტყვის” სცენარისტმა დევიდ სეიდლერმა კი, ჯილდოს გადაცემისას იხუმრა  – “მე მინდა მადლობა ვუთხრა მის უდიდებულესობა დედოფალს, რომ ლონდონის სასახლეში არ გამომკეტა, მელისა ლეოს F სიტყვის გამოყენებისთვის”, ფილმში ხომ ინგლისის მეფე სწორედ სიტყვა fuck-ის არაერთგზის გამოყენებით ცდილობს ენის პრობლემების დაძლევას. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი დანიური ნამუშევარი, “უკეთეს სამყაროში”, გახდა. სხვანაირი ოსკარის იმედი გაუჩნდა ყველას, როდესაც სცენაზე ბილი კრისტალი გამოჩნდა. თვალცრემლიანი დარბაზი ოვაციით წამოუდგა ფეხზე, ზოგს სიხარულის ცრემლი სდიოდა, ოცნებობდნენ – დარჩენილი შოუ კრისტალს წაეყვანა, ზოგსაც სევდიანი ნოსტალგია შემოაწვა, მისი ბრწყინვალედ წაყვანილი ცერემონიები გაახსენდა. იმედია, კრისტალი ოდესმე დაუბრუნდება “ძია ოსკარს”. 
 
თუ ვინ გახდებოდა საუკეთესო მსახიობი ქალი და მამაკაცი, ამას ნებისმიერი კინომოყვარული გეტყოდათ. ნატალი პორტმანი („შავი გედი”) და კოლინ ფირტი („მეფის სიტყვა”)  ნომინაციების  ფავორიტები იყვნენ. ფეხმძიმე ნატალიმ ცოტა წამოიტირა, კარგა ხანს ილაპარაკა, მადლობა გადაუხადა ყველას, ვისი სახელიც ოდესმე გაუგია და ჯეფ ბრიჯესთან ერთად დატოვა სცენა. ფირტის მონოლოგი სცენიდან დაახლოებით იმდენხანს იღვრებოდა, რამდენიც “მეფის სიტყვაში” მისი ბოლო გამოსვლა გრძელდება. საბედნიეროდ ეს გამოსვლები ერთმანეთს არა მხოლოდ ხანგრძლივობით, არამედ ემოციურობითა და მშვენიერებითაც ჰგავდა. “მე ვგრძნობ, რომ ჩემმა კარიერამ პიკს მიაღწია”, – თქვა ოსკაროსანმა მსახიობმა მონოლოგისას და ძნელია არ დაეთანხმო. ფირტმა, რომელიც ბრიჯიტ ჯონსზე ფილმებით იყო ცნობილი, ბოლო წლებში თავი სრულიად სხვა კუთხით წარმოაჩინა და XXI საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ბრიტანელ მსახიობად დამკვიდრდა. 
 
 რამდენადაც მოსალოდნელი იყო პორტმანი-ფირტის წყვილის გამარჯვება, იმდენად მოულოდნელი გახლდათ ტომ ჰუპერის („მეფის სიტყვა”) საუკეთესო რეჟისორად დასახელება. დევიდ ფინჩერმა საუკეთესო რეჟისურის ჯილდო მიიღო თითქმის ყველგან, სადაც ნომინირებული იყო – ოქროს გლობუსიც სწორედ მან მოიგო. მნიშვნელოვანია, რომ “სოციალური ქსელის” რეჟისორს ზურგს არაერთი ძლიერი და საინტერესო პროექტი უმაგრებს, “ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი”, “მებრძოლთა კლუბი”, “შვიდი”, “ზოდიაქო” –კინოაკადემიაში ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ განვლილ ფილმებს. როგორც ჩანს, ფინჩერი სკორსეზეს გზას გაუყოლეს, გზას, რომელიც იმედგაცრუებებით არის სავსე და ოსკარი 60 წლის დადგომასთან ერთად მოდის. ტომ ჰუპერის საუკეთესოდ დასახელების შემდეგ ნაკლებად გასაკვირი იყო “მეფის სიტყვის” საუკეთესო ფილმად გამოცხადება. აკადემიამ ტრადიციული არჩევანი გააკეთა. ისტორიული დრამა, კარგი რეჟისურით და მსახიობების უძლიერესი პერფორმანსით, ამჯობინა ანიმაციურ ფილმს, სამეცნიერო ფანტასტიკას, ამერიკულ ინდი ფილმებს, სოციალური ქსელის შექმნის ისტორიას. კლასიკური გამარჯვებული და ასევე კლასიკური დამარცხებულები. 2011 წლის ოსკარი ისტორიაში უფრო იმით შევა, რომ “სოციალურმა ქსელმა” და “დასაწყისმა” მთავარი ფილმისათვის ბრძოლაში წააგეს, ვიდრე იმით, რომ ამ წელს “მეფის სიტყვა” საუკეთესო ფილმი გახდა. თუმცა შარშანდელი გამარჯვებულის ფონზე („ქარიშხლის მბრძანებელი”), კინოაკადემიის გილდიის წევრებს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ ჯილდო “მებრძოლს” არ მისცეს. 
 
 83-ე ოსკარი არც ახალი სიტყვა იყო, არც სოციალური მოვლენა, არც წამყვანებს ეტყობოდათ რამე კარგი. 
იმედი მაქვს მომავალ წელს წამყვანი ბილი კრისტალი ან ჰიუ ჯეკმანი იქნება, თორემ ვატყობ, კინომოყვარულებს კევინ სპეისის რჩევის გათვალისწინება და ოსკარების მთვრალ მდგომარეობაში ცქერა მოგვიწევს. 

კომენტარები