გოთემ სითის Meloდრამა

მელოდრამა მორჩა, სერიალი დასრულდა, ბლოკბასტერი იწყება! ჰაივეიზე რიდლი სკოტის და ოლივერ სთოუნის ტრეილერებს მიაყენებენ. დენზელ ვაშინგტონი თავის საყვარელ, მაკის ფუნთუშებს მიიღებს და კასტინგის ბოსები ევა მენდესს დაიწუნებენ. კიდევ ბევრი გაუგებარი მსხვილმანი მოხდება და სათაურებში მაინც ეს ხუთი სიტყვა ისეირნებს – კარმელო ენტონი ნიუ იორკ ნიქსშია!
 
ნიუ იორკში სულ ვიღაც ღელავს, შფოთავს, უმიზეზოდ ვერ ისვენებს. ბოლო სამ თვეში ნიქსის ამბები ამერიკული ფოლკლორის პირველ პერსონაჟს, ბეისბოლისტ იანკისაც კი უჯოკრავდა. შეიცვალა ჰედლაინები.

ნიქსიც შეიცვალა. ერთი ტრანსფერით გუნდი ზედა ეშელონში შევიდა. ოღონდ, კალათბურთით არ შესულა. აღმოსავლეთში კარგ გუნდებს მინიმუმ, ორი მაგარი ბიჭი ჰყავთ და ნიქსში მხოლოდ ამარე სტაუდმაიერი იყო. კარმელოსთან ერთად ამარე და ნიქსი ბევრად მეტ ნიქსურ აქსესუარს გაყიდიან.
სამგუნდიანი ტრეიდით, ნიქსმა მიიღო კარმელო ენტონი, ჩონსი ბილაფსი და ორი მობალასტო ელემენტი.
 
 დენვერში გადააგზავნა უილსონ ჩენდლერი, დანილო გალინარი, ტიმოფეი მოზგოვი, რეიმონდ ფელტონი, ნიქსის 2014 წლის დრაფტის პირველი ნომერი, ნიქსის 2015 წლის დრაფტის მეორე ნომერი. ნაგეთსის საბანკო ანგარიშზე 3 მილიონი დოლარიც დასვეს. ან ძალიან მალე დარიცხავენ.

მინესოტაში გაუშვა ნიქსის ცენტრი ედი კარი და ენტონი რენდოლფი, ნიქსში კი იმპოტენტი (კალათბურთში) კორი ბრიუერი ჩასვეს.
 

ამ სავაჭრო სამკუთხედმა არასასიამოვნოდ დაამშვიდა ისტ რუზერფორდის ძველი ბიჭები, მიხაილ პროხოროვი და ჯეი ზი. 2012-ში ნიუჯერსი ნეთსის ბოსები ახალ დარბაზს გახსნიან და პრეზენტაციაზე მეხუთე ელემენტით მისვლა უნდოდათ. მილაზე სექსუალური ელემენტით, კარმელოთი. არ გამოვიდა.
ახალი გუნდით, ამარეს და მელოს საინტერესო წყვილით, ნიქსი აღმოსავლეთის პირველ წრეს მაინც ვერ გაივლის.
აქ ყველაფერი აუხსნელად გასაგებია.

ნიქსი ვერ მიუახლოვდება სელტიქსს. ნიუ იორკში სურვილი და მილიონებია. ბოსტონში გარნეტი და ტრადიციები.

ნიქსი ვერ მიუახლოვდება მაიამის. რთულია ჩიკაგოსთან არმრესტლინგში ხელის გადაწევაც. სლაივით კეპი რომც შემოიტრიალო, მაინც რთულია.
ნიქსთან შედარებით, დაულაგებელი მეჯიქი დალაგებული სან ანტონიოა. ატლანტამდეც შორია.

ენტონი ნიქსშიც ბლომად ჩაყრის. არ ჩავა დაცვაში, დაეზარება ზონაში ჩადგომა, მოსახსნელს არ მოხსნის და საკუთარ სამწამიანში მეორადში შეძენილ ვიგვამს დააყენებს. წარწერით, „ჩვენთან ყველა სტუმარი მასპინძელია”.

ნიქსმა დაშალა გუნდი, რომელიც მაიკ დ’ანტონიმ ფინიქსის მოდელზე ააგო. სწრაფი, უკომპლექსო კალათბურთი, ცუდი სტივ ნეშით (რეი ფელტონით) და რეალური სტაუდმაიერით (ამარე), მიზერული ცენტრით (რონი ტურიაფი) და საუკეთესო მოზგოვით (მოზგოვებში). დ’ანტონიმ დირკზე ცუდი ნოვიცკიც აიყვანა (დანილო გალინარი) და კალათბურთის ვენსან კასელიც მელოს ტრეიდში ჩართო.

ნიქსი ოფიციალურად ისევ საკალათბურთო რუკაზეა. ფლორიდა ამ რუკაზე პატ რაილიმ და დუეინ უეიდმა დააბრუნეს და შაკმა გუნდს ლარი ო’ბრაიენის თასი აჩუქა.

მასაჩუსეტსი რუკაზე გარნეტის და რეი ალენის ტრეიდმა დააბრუნა. რაჟონ რონდოს ცელქობაც აუცილებელი იყო.

ილინოისი რუკაზე დერიკ როუზით დაბრუნდა. მოუსვენარ ახალგაზრდას იქ ლუოლ დენგი და იანიკ ნოას შვილი დახვდნენ. მოგვიანებით, ბულზმა კარლოს ბუზერიც მიიღო.

ნიქსი შეიცვალა და ვერ გახდა უკეთესი. ჩონსი ფელტონზე ბევრად საჭირო და წონადი ფიგურაა და პირველ ნომერზე დ’ანტონის გუნდს პრობლემა არ ექნება. დასვენებული ბილაფსი ნებისმიერ გუნდს დაალაგებს. დასვენებულმა ბილაფსმა დენვერი დასავლეთის ფინალში გაიყვანა და იქ კინაღამ ჯეკ ნიკოლსონის ფავორიტები წააქცია.

ჩონსი ბონუსია, მაგრამ ნიქსს მისი შემცვლელი არ ჰყავს.

ამარე დაკომპლექსებული მილიონერების კლასიდან გარიცხეს და მაღალი კაცი იმ წელსვე ჩემპიონების კურსზე ჩაირიცხა. უბრალოდ, გუნდს მისი შემცვლელიც არ ჰყავს. პროგრესირებდა მოზგოვი და რუსი უკვე დენვერშია. იქ მონდომებული ნენეს და კრიმინალი ანდერსენის გამო თითქმის ვერ ითამაშებს.

კარმელო უპრობლემოდ აიღებს 25 ან მეტ ქულას, მშვიდად ჩააგდებს საჯარიმოების 82 პროცენტს და 8 მოხსნასაც დისქაუნთით შეიძენს. კარმელომ იქნებ რამდენიმე ელეგანტური დაიმიც გააკეთოს და ბრიფინგებზეც არ იძველბიჭებს. დ’ანტონის გუნდში ძველბიჭობა არ მოსულა.

მერე დაიწყება ფლეი-ოფი და მორჩება ნიქსის ილუზია. სტაუდმაიერი დაიკარგება. კარმელო დაიკარგება. ბილაფსი დაიღლება. დ’ანტონი დაიბნევა. გუნდი დადგება და პირველივე წრეში გავარდება.

ფანებს გაახსენდებათ მონდომებული ფელტონი, უნივერსალი გალინარი, იმედისმომცემი მოზგოვი, მოურიდებელი ჩენდლერი და ორი წლის შემდეგ, დრაფტზე ასაყვანი პოტენციური ლიდერი. ყველაფერი ეს ნიქსმა კარმელო ენტონიში და ასაკში შესულ ბილაფსში გაცვალა.
ნიუ იორკში მაინც ყველაფერი შეიცვალა და კიდევ უფრო შეიცვლება. Medison Avenue ისევ ნიქსის კარვებით აჭრელდება და კარმელო ფანების ფავორიტებში შევა. ოფიციალურად, ნიქსი ნიუ იორკის და ისტ რუზერფორდის ფავორიტია.

ოფიციალურად, ნიქსი ამარეს და კარმელოს გუნდია.

არაოფიციალურად, ნიქსი დაულაგებელი და უაზრობამდე გაპიარებული ბანდაა.

არაოფიციალურად, ნიქსი მაინც აიზია ტომასის წახდენილი ბარია. წლების წინ ტომასმა, გუნდის საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტის რანგში, ნიქსის ნგრევა დაიწყო და ეს პროცესი დღემდე არ დასრულებულა.

ნიქსი დიდ ფინალში ბოლოს, 1999-ში, ლატრელ სპრიუელის, ალან ჰიუსტონის და პატ იუინგის დროს გავიდა.

ადრე ძველი ბიჭები მართლა კალათბურთს თამაშობდნენ და დღეს, ძველი ბიჭები ძველბიჭობენ. კარმელო ენტონის ტრანსფერით, ნიქსში პროგრესი გარდაიცვალა.

ფანები ერთჯერადად დაკმაყოფილდებიან. შემდეგ, ჰიტთან სერიის 0:4 წაგების შემდეგ გაეღვიძებათ და გუნდის ოფისის ფანჯრებთან ფელტონის და გალინარის დაბრუნებას მოითხოვენ.

კარმელოს ტრეიდმა გოთემ სითი მოკლა

კომენტარები