პიტნიანი ჩაილურის წყალი

იმ დღეს ასეთ სათაურს წავაწყდი – ლიონელ მესი: უწინ ფეხი გამიხმეს, ვიდრე რეალის მაისურა მოვირგო!

მერე საფეხბურთო მატჩის რეპორტაჟისას თქვა კომენტატორმა, ამ ფეხბურთელს ვერტიკალურად სირბილი სულაც არ ეპიტნავებაო.
პრესკონფერენციაზეც მომისმენია ასეთი კითხვა: ბატონო ჰექტორ (კუპერს ჰკითხა ერთ-ერთი წამყვანი გაზეთის წამყვანმა რეპორტიორმა), არ ფიქრობთ, რომ თქვენმა გადაწყვეტილებამ ჩაილურის წყალი დალია?

სასაცილოა ეს ყველაფერი? რასაკვირველია, ეს ძალიან სასაცილოა. მაგრამ რა ვქნა, ქართული სპორტული ჟურნალისტიკა რომ ჩაილურის წყალს სვამს, ეს სულაც არ მეპიტნავება. ამიტომ, გავიცინოთ და გავარკვიოთ, რისი ინდიკატორია ეს ხარისხი, რა იწვევს მას და რას იწვევს ის.

ამ დონის გამომწვევი მიზეზები და ნახსენები ინდიკატორი ერთმანეთზეა გადაბმული და მათზე საუბრისას რამდენიმე ფაქტორი იკვეთება. ესენია: გაუნათლებლობა (როგორც ზოგადი, ისე ვიწროპროფესიული), უინტელექტობა, უპასუხისმგებლობა, უინტერესობა, უდარდელობა, უკონკურენტობა და უგემოვნება. უფრო მოკლედაც შეგვეძლო – არაპროფესიონალიზმი. ანუ, ამ სასაცილო ამბების გამომწვევი მიზეზი არაპროფესიონალიზმია და ეს სასაცილო ამბები სწორედ ამ უმეცრების მაჩვენებელი გახლავთ. მიზეზი უდრის შედეგს. მარტივია.

ეს კია მარტივი, მაგრამ როდესაც გადავდივართ იმაზე, თუ რას იწვევს სასაცილო არაპროფესიონალიზმი, საქმე რთულდება. ჩართეთ ტელევიზორი, უყურეთ (უსმინეთ) რეპორტაჟებს, სპორტულ თოქ-შოუებს, კარგად დააკვირდით, რას ეკითხებიან მათი წამყვანები სტუმრებს, რას პასუხობენ სტუმრები და რას ლაპარაკობენ მაყურებლები, რომლებიც სტუდიაში რეკავენ. და თუ რამეს გაიგებთ, მიხვდებით, რა და როგორ რთულდება, რას იწვევს ზემოხსენებული ბევრი „უ”.

საშუალოსტატისტიკური ქართველი გულშემატკივარი პირდაპირ ეთერში რეკავს და უმარტივესი ფორმა-შინაარსის კითხვის ჩამოყალიბებას ხუთ წუთს ანდომებს, თუმცა შენ ვერ იგებ, რაზეა ლაპარაკი. მერე მედიდური წამყვანი ცდილობს კითხვის ტრანსფორმირებას. ისევ ბურუსი. ბოლო დარტყმას კი სტუმარი, სავარაუდოდ, ექსპერტი გაყენებს. გადის თხუთმეტი წუთი და არც არაფერი, თავის ტკივილის გარდა. და საინტერესოა, ამ ტელევიზიების ხელმძღვანელებს არ ადარდებთ, რომ გადაცემა თავის ტკივილს იწვევს? საერთოდ, უყურებენ თავიანთ პროდუქციას? შეიძლება, ერთმა და იმავე ადამიანებმა ათწლეულები იმუშაონ ერთ საქმეზე, დღითი დღე დეგრადირდნენ და ამას არავინ აქცევდეს ყურადღებას? როგორც ჩანს, შეიძლება. და რადგან ეს შეიძლება, რადგან ეს ადამიანები მოურიდებლად გვაყენებენ შეურაცხყოფას (ჩემთვის ეს შეურაცხყოფაა), მაშინ ჩვენც მივცეთ საკუთარ თავს უფლება და ვთქვათ: ის, რაც დღეს ქართულ ტელესივრცეში ხდება სპორტული თოქ-შოუების და რეპორტაჟებისას, არის ძალიან სამარცხვინო, მარაზმამდე მისული პროვინციალიზმი და ამას ბოლო უნდა მოეღოს!

ამ ფონზე სასიამოვნოა GMG-ის სპორტული არხების გამოჩენა. პროექტს ვგულშემატკივრობ როგორც სუბიექტურად (ჩემი მეგობრებიც მუშაობენ), ისე ობიექტურად: წესით, ამ ნოვაციამ სპორტული ტელეჟურნალისტიკა უნდა განავითაროს. თუმცა ეს მხოლოდ სწორად მუშაობით, კონკურენციის შექმნით და ახალგაზრდების ჩართვით იქნება შესაძლებელი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კვლავ მოგვიწევს ამის მოსმენა: პატივცემულო მაყურებლებო, ამ სპორტის წესებში კარგად ვერ ვერკვევი და შეცდომები უნდა მაპატიოთ...

კომენტარები