ხალხი ჯამაჰირიის წინააღმდეგ

ლიბიის არაბული ჯამაჰირიის დიდი სოციალისტური სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან  42 წლის თავზე ქვეყნის „ბებერ პატრიარქს” მოსახლეობა აუჯანყდა. ექსცენტრული ლიდერი, რომელმაც ერთი წლის წინ არაბული სამყაროს მესიად და წინასწარმეტყველთა (მუჰამედი, იესო და მოსე) მემკვიდრედ შეირაცხა თავი; პოლკოვნიკი, რომლის პირადი დაცვა მთლიანად ქალებითაა დაკომპლექტებული და პოლიტიკოსი, რომელიც საგარეო ვიზიტებისას  ბანაკებსა და გარეუბნებში ყოფნას ამჯობინებს სასტუმროში გაჩერებას – სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომშია ჩათრეული.

მასშტაბული საპროტესტო გამოსვლები, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბენგაზიში, 14 თებერვლიდან დაიწყო. ლიბიელები საკონსტიტუციო ცვლილებებს, კორუფციის აღმოფხვრას, რეფორმების გატარებას, კადაფის გადადგომას და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

ქვეყნის ლიდერმა დემოკრატიის მცირე დოზით უზრუნველყოფაც კი სახელმწიფოს მოშლის საფრთხედ აღიქვა. მან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ავიაცია და არტილერია გამოიყენა. შედეგად, დაპირისპირებებს დაახლოებით ათასი დემონსტრანტი ემსხვერპლა. ამ ყველაფერზე პასუხად საერთაშორისო საზოგადოებამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ის მოიმოქმედა, რომ ლიბია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხა.

მოვლენების ამგვარმა განვითარებამ ცხადყო, რომ ლიბიის სამხედრო და პოლიტიკურ ელიტაში ბზარია გაჩენილი. სამხედრო დაჯგუფებების ნაწილი მოსახლეობას დანებდა, რის გამოც ლიბიის აღმოსავლეთ რეგიონებს დემონსტრანტები აკონტროლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობამ დასახმარებლად მეზობელი ქვეყნების (ჩადი, ზიმბაბვე) ძალებიც კი იხმო.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ერთ-ერთი ყოფილი ოფიცრის მტკიცებით, კადაფს 45-ათასიანი რეგულარული არმიიდან მხოლოდ 5 ათასი ჯარისკაცი უჭერს მხარს. პოლიტიკურ ელიტაში არსებულ განხეთქილებაზე კი რამდენიმე ელჩისა (ლიბიის ელჩები აშშ-სა და ჩინეთში) და მაღალი თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დატოვება მიანიშნებს.

მოვლენების ამგვარი განვითარების მიუხედავად, პოლკოვნიკი კადაფი გაქცევას არსად აპირებს. ლიბია, არც ბენ ალის ტუნისია და არც ჰოსნი მუბარაქის ეგვიპტე. ჯამაჰირიის დიდი სოციალისტური სახალხო რესპუბლიკისგან განსხვავებით, ამ ორ ქვეყანაში წლების მანძილზე უფრო ღია პოლიტიკური სისტემა ყალიბდებოდა. მაშინ როცა მუბარაქს პრაგმატულ და სტანდარტული ავტორიტარული ტიპის ლიდერად ახასიათებდნენ, კადაფს – არასტაბილურ, ემოციებით მართულ, იდეოლოგიურ მანიაკად მიიჩნევდნენ.

მუამარ კადაფი ლიბიის ხელისუფლებაში 1969 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა. ოფიციალურად მას არავითარი თანამდებობა არ უკავია. კადაფამდე ქვეყანას პროდასავლური მეფე, იდრის I მართავდა. ახალმა ლიდერმა რადიკალური ცვლილებების განხორციელება დაიწყო. მისი მიზანი მკაცრად კონტროლირებული და ავტორიტარული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება იყო.

პოლკოვნიკმა სახელმწიფო ინსტიტუტები გააუქმა. სანაცვლოდ, ახალი სისტემა – ჯამაჰირია შექმნა, რომელიც „ხალხის პირდაპირი მმართველობის” პრინციპზე უნდა ყოფილიყო აგებული. დეკლარირებულად ძალაუფლება რამდენიმე სახალხო კომიტეტის ხელში უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალურად კადაფმა ტომობრივ-ნათესაობრივ კავშირებზე დაფუძნებული საპოლიციო რეჟიმი ჩამოაყალიბა.

ახალ სისტემას ქვეყნის ლიდერი ისლამურ სოციალიზმად ასაღებდა. საკუთარი მოძღვრება კადაფმა „მწვანე წიგნში” ჩამოაყალიბა, სადაც სოციალისტურ-ისლამისტური სახელმწიფოს მოდელზე საუბრობდა და საკუთარ იდეოლოგიას „მესამე უნივერსალურ თეორიას’’ უწოდებდა.

სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლით კადაფს სეკულარული და რელიგიური ოპონენტების შეზღუდვა გაუადვილდა. ტრადიციულად, ქვეყნის აღმოსავლეთი რეგიონი რეჟიმისადმი წინააღმდეგობითა და გადატრიალებების მცდელობებით გამოირჩეოდა. 1996 წელს, კადაფის მთავარმა ოპონენტმა, ლიბიურმა ისლამისტ მებრძოლთა დაჯგუფებამ მისი მოკვლაც კი სცადა. ამჟამინდელი ამბოხის ფესვები 1990-იან წლებში ისლამისტი სტუდენტების მიერ გამართულ გამოსვლებში უნდა ვეძიოთ. თავის დროზე კადაფმა ეს დემონსტრაციები სასტიკი მეთოდებით ჩაახშო: ახალგაზრდების დასაშლელად არმიის მეორე ბრიგადა გაგზავნა, რომელსაც მისი ერთ-ერთი ვაჟი, ხამისი მეთაურობდა. სიკვდილს გადარჩენილი აქციის მონაწილეები დააპატიმრეს. ერთი წლის შემდეგ ტრიპოლის აბუ სალიმის ციხეში განაწილებულმა ბენგაზიელმა პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. ხელისუფლებამ ციხეზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 200 ადამიანი დაიღუპა. ეს ფაქტი კადაფის რეჟიმის ერთ-ერთი შავი ლაქაა. დემონსტრანტები ამიტომ ითხოვდნენ 17 თებერვლის „მრისხანების დღედ” გამოცხადებას – თარიღი სწორედ ამ მოვლენებთანაა დაკავშირებული.

წლების განმავლობაში კადაფი ტერორისტულ დაჯგუფებებს (ირლანდიის რესპუბლიკური არმია, პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია) აფინანსებდა. ამერიკის პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა პალესტინელი ტერორისტების მხარდაჭერის გამო შეარქვა მას „ახლო აღმოსავლეთის ცოფიანი ძაღლი”. ის საიდუმლო ბირთვულ პროგრამას აწარმოებდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლიბერიაში, სიერა ლეონესა და სხვა აფრიკულ ქვეყნებში ომის გაჩაღებაში. ქვეყანა დასავლეთთან გამოუცხადებელი ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კადაფის რეჟიმს ეკონომიკური და დიპლომატიური სანქციებით უპასუხა, რის გამოც ლიბია იზოლაციაში აღმოჩნდა. 

ერაყის ომის შემდეგ ქვეყნის ლიდერმა რადიკალურად შეცვალა საგარეო პოლიტიკური კურსი. პირველ რიგში პოლკოვნიკმა ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამა შეაჩერა, აიღო პასუხისმგებლობა გახმაურებულ თავდასხმებზე  და დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის პირობაც დადო. კადაფის ქმედებამ მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება განაპირობა. დაიწყო ლიბიისა და დასავლური ქვეყნების დათბობის პერიოდი. წარსულში ტერორიზმისა და კრიმინალთან აშკარა კავშირების მიუხედავად, 2010 წელს ლიბია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს. ქვეყანამ 192-დან 155 მხარდამჭერი ხმა მიიღო, სულ კი 97 სახელმწიფოს თანხმობა სჭირდებოდა. ტრიპოლზე სანქციების მოხსნის შემდეგ კი ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს ქვეყნის ენერგოსექტორში ინვესტიციების ჩასადებად ხელ-ფეხი გაეხსნა. ლიბია ხომ ნავთობის მსოფლიო მარაგების 3%-ს ფლობს.

ნავთობრესურსებზე კონტროლი მთლიანად მმართველი ელიტის (განსაკუთრებით სამხედროების) ხელშია. გაზისა და ნავთობის ექსპორტიდან მიღებული თანხები არათანაბრად ნაწილდება, რის გამოც ღარიბ და მდიდარ მოსახლეობას შორის დიდი ნაპრალია. ინფრასტრუქტურა მხოლოდ ტრიპოლსა და მის მიმდებარე რეგიონშია განვითარებული. ქვეყნის აღმოსავლეთით სიღარიბის დონე მაღალია, ცხოვრების პირობები კი გაცილებით დაბალი. მოსახლეობის 30% უმუშევარია, კორუფცია კი ყვავის. სახელმწიფო აქტიურად ერევა ქვეყნის ეკონომიკაში. Heritage Foundation-ის მონაცემებით, მისი 2011 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 38,6 ქულაა, რითაც 179 სახელმწიფოს შორის 173-ე ადგილი დაიკავა. მან რეგიონში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა – საერთო ჯამში, მსოფლიოსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ საშუალო კოეფიციენტს მკვეთრად ჩამორჩება. წინა წელთან შედარებით მისი მაჩვენებელი 1,6-ით დაეცა.

საბანკო სექტორში გარკვეული რეფორმების, ეკონომიკის შედარებითი დივერსიფიკაციის, ფინანსური ლიბერალიზაციისა და პრივატიზაციის მიუხედავად, ეკონომიკა კვლავაც სახელმწიფოს კონტროლქვეშ რჩება. საბაზრო პრინციპების დანერგვას ყველაზე მეტად პოლიტიკური ნების ნაკლებობა უშლის ხელს. გარდა ამისა, ხშირია გაურკვეველი და ბუნდოვანი რეგულაციების დაწესების ფაქტები. ირღვევა საკუთრების უფლება, ფასების არასტაბილურობა კი ბიზნესის წარმართვას სარისკოს ხდის. მთავრობა, კონკურენტული გარემოს შექმნის ნაცვლად, სამოქალაქო უკმაყოფილების შეჩერებას მხოლოდ ერთჯერადი სოციალური დახმარებებით ცდილობს. არსებულ ვითარებაზე კიდევ უფრო უარყოფითი გავლენა მზარდ ინფლაციას ჰქონდა. ფასების ზრდა ყველაზე მწვავედ ღარიბმა მოსახლეობამ განიცადა.

კადაფი  განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის დასავლეთ რეგიონების განვითარებას აქცევდა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან დედაქალაქიც კი შეცვალა – მანამდე მონარქიის მთავარი რეზიდენცია ბენგაზი იყო. მნიშვნელოვანი ნავთობჭაბურღილები და ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთში მდებარეობდა, მაგრამ კადაფმა მთელი ძალისხმევა და ქვეყნის სიმდიდრე დასავლეთში არსებული საბადოების განვითარებაზე მიმართა. დღეს უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი ამ რეგიონებში იყრის თავს.

ლიბიაში შექმნილმა სამოქალაქო დაპირისპირებამ ნავთობის ფასებზე დიდი გავლენა იქონია. მან ბოლო სამი წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია – ერთი ბარელი – 105 დოლარი. მართალია, მთავარი დაპირისპირებების ადგილი, ნავთობსაბადოებისგან საკმაოდ მოშორებითაა, მაგრამ დასავლურმა კომპანიებმა თანამშრომელთა გამოყვანა და ბურღვითი სამუშაოების შეჩერება დაიწყეს. ეს ლონდონისა და ნიუ იორკის ბირჟებზე ბუნებრივი რესურსების ფასს კიდევ უფრო გაზრდის. ამის თავიდან ასაცილებლად ძალადობის შეჩერება და კომპრომისის მოძებნაა საჭირო.

დასავლეთის ლიდერები ლიბიაში რეფორმების ქომაგად კადაფის ვაჟს, საიფ ალ-ისლამის მიიჩნევდნენ. მან  დაარწმუნა კადაფი, ტერორიზმის დაფინანსება და დასავლეთთან ღია დაპირისპირება შეეწყვიტა. ის მხარს უჭერდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცვლილებებს, რის გამოც ქვეყანაში ზომიერი პოლიტიკოსის სახელი ჰქონდა. ამგვარი იმიჯის გამო ერაყელი სამხედრო მაღალჩინოსნების პრეტენზიებს უფროსი კადაფისადმი უსაფუძვლოდ მიიჩნევდნენ – ისინი საიფს ჩრდილოეთ ერაყში ტერორიზმის დაფინანსების გამო სდებდნენ ბრალს. თუმცა, მისმა ბოლოდროინდელმა სატელევიზიო მიმართვამ მსოფლიო ლიდერები გააკვირვა. მართალია, საიფმა აღიარა სამხედროთა მხრიდან დაშვებული შეცდომები, თუმცა დემონსტრანტებს „ისლამისტები’’ და „ბანდიტები” უწოდა, რომლებიც გარეშე ქვეყნების დირექტივებით მოქმედებდნენ. უცხოური მედია კი ვითარების არასწორად გაშუქებასა და ფაქტების გაზვიადებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, უფროსმა კადაფმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს სულაც „ძაღლები” უწოდა.

არსებული ვითარება დასავლეთს ოფიციალური ტრიპოლის მიმართ სტრატეგიის გარკვეულწილად შეცვლისკენ უბიძგებს. მანამდე ევროპელი და ამერიკელი ლიდერები ლიბიაში არსებულ ადამიანის უფლებების დარღვევაზე და კორუფციაზე ხშირად თვალს ხუჭავდნენ. ვაშინგტონს ხშირად აკრიტიკებდნენ ლიბიაში პოტენციურ ოპოზიციურ ძალებთან კავშირების დამყარების ნაცვლად კადაფის რეჟიმის დახმარების გამო. დღეს კი,  პირველ რიგში, სამხედროებზე ზეწოლა და ძალადობის შეწყვეტაა აუცილებელი. ასევე საუბრობენ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე, მაღალჩინოსნებისთვის გადაადგილების აკრძალვასა და აქციების გაყინვაზე. გაისმა ინიციატივა არასაფრენი ზონის შემოღების შესახებ. დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების მიწოდებასა და საკომუნიკაციო ბლოკადის მოხსნას. ხელისუფლებამ დემონსტრაციების დასაშლელად რეპრესიულ მეთოდებთან ერთად კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და მედიის საშუალებებიც შეზღუდა. უცხოელ ჟურნალისტებს ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ, რის გამოც სხვადასხვა ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება. შედეგად, ინფორმაციული ვაკუუმი შეიქმნა. შეიზღუდა ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, მთლიანად დაიბლოკა Facebook-ი, Youtube-ი, რადგან ახალგაზრდები ინფორმაციის გასავრცელებლად სწორედ ამ ვებგვერდებს იყენებდნენ.  

კომენტარები